ბავშვები საქართველოში
ახალგაზრდები

 

 © იუნისეფი/საქართველო/ბლაგონრავოვა

 

საკითხი


საქართველოში სავარაუდოდ 10-19 წლის ასაკის  577 000 მოზარდია (690 000 ახალგაზრდა). ქცევამ, რომელიც მოზარდობის პერიოდში იწყება, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მთელ მის ცხოვრებაზე ისევე, როგორც მთელი საზოგადოების მომავალზე. ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები, რომლებიც მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარებით და ცოდნით კარგად არიან აღჭურვილნი, ნებისმიერი საზოგადოებისათვის შეიძლება იქცნენ მნიშვნელოვან ძალად სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური და დემოგრაფიული პრობლემების დაძლევის საქმეში. თუმცა, სათანადო დახმარებისა და ყურადღების გარეშე, ზოგიერთმა ქცევითმა მოდელმა, რომელიც ადრეულ ასაკში ვლინდება, შესაძლოა დაუყოვნებლივ გამოიწვიოს საფრთხე, ან როგორც ტაიმერზე მომართულმა ბომბმა, მოულოდნელად იჩინოს თავი წლების შემდეგ.


2008 წლის თამბაქოს მოხმარების კვლევამ აჩვენა, რომ 13-15 წლის ასაკის მოზარდთა 28%-ს (ვაჟების 41%-ს და გოგონების 16%-ს) მოუწევია სიგარეტი. თამბაქოს მოხმარება საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენს. ზრდასრულთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც სიგარეტს ეწევა, თამბაქოზე დამოკიდებული მოზარდობის პერიოდში გახდა. ამასთანავე, მწეველი ახალგაზრდები უფრო მაღალი ალბათობით მოიხმარენ უკანონო ნარკოტიკებს და უფრო მეტ ალკოჰოლს იღებენ, ვიდრე მათი არამწეველი თანატოლები. საქართველოს ხუთ ქალაქში 2008-2009 წლებში განხორციელებულმა ქცევაზე დაკვირვების კვლევამ ინექციურ ნარკომანებში აჩვენა, რომ მათმა თითქმის ორმა მესამედმა ნარკოტიკების მოხმარება მოზარდობის პერიოდში დაიწყო.


გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოზარდებს მიეცეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოავლინონ და გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი და განივითარონ ცხოვრებისეული უნარ–ჩვევები – მოლაპარაკებების წარმოების, ლიდერობის, კონფლიქტების გადაჭრის, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და კომუნიკაციის უნარები. ეს მათ დაეხმარება გახდნენ უფრო თავდაჯერებულნი, წინააღმდეგობა გაუწიონ თანატოლებისა და ზრდასრულების მცდელობას გაუმართლებელი რისკისკენ უბიძგონ მათ, სრულად გამოავლინონ თავიანთი შემოქმედებითობა, მიზნად დაისახონ შედეგებისაკენ სწრაფვა და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოების სტაბილურ განვითარებაში თავიანთი პირადი ავტონომიის შენარჩუნებით.


სკოლებს შეუძლიათ მოიცვან ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რამდენადაც ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჯანმრთელობასა და განათლებაზე ზრუნავენ. სკოლებს შეუძლიათ ასწავლონ ბავშვებს ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო უნარ-ჩვევების შესახებ, უზრუნველყონ სათანადო კვება და ფიზიკური კულტურის პოპულარიზაცია. თუმცა, ახალგაზრდებს სხვა წყაროებიდანაც შეუძლიათ ცოდნის მიღება - თავიანთი ოჯახისაგან, მეზობლებისა და თანატოლებისაგან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, სპორტულ კლუბებში, ეკლესიასა თუ თემში ისევე, როგორც მედიის საშუალებით.


2008 წელს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამდა ჯანდაცვის სამსახურების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო, რაც მოზარდთათვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში განათლებისა და დახმარების შესაძლებლობებსაც ეხება. ამასთან, კომიტეტი შეშფოთებული იყო ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის არარსებობის გამოც, განსაკუთრებით ბავშვებისათვის, კერძოდ კი მოზარდებისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაში არსებული სერიოზული ნაკლოვანებების გათვალისწინებით. კომიტეტი ასევე გამოთქვამდა სინანულს, რომ მონაწილე სახელმწიფო აღარ უჭერს მხარს ბავშვთა ფორუმებს, ისეთს, როგორიც არის ახალგაზრდული პარლამენტი, სადაც ბავშვები მონაწილეობენ და წყვეტენ ისეთ საკითხებს, რომლებიც მათ ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას. კომიტეტი შეშფოთებით აღნიშნავდა, რომ საქართველოში არსებულმა ტრადიციულმა დამოკიდებულებამ შეიძლება შეზღუდოს ბავშვების უფლება, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი შეხედულებები ოჯახში, სკოლებსა და ზოგადად, საზოგადოებაში.


განხორციელებული საქმიანობა


უკანასკნელ წლებში განათლების, ჯანმრთელობისა და მათი დაცვის სფეროში მოზარდების შესაძლებლობების გასაძლიერებლად დამატებითი ინვესტიციები განხორციელდა. ეს საქმიანობა წინამდებარე ანგარიშის სხვა თავებშია განხილული.


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2010 წლის ივლისში შეიქმნა. სამინისტროს ძირითად მიზანს წარმოადგენს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია. ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება ამჟამად მიმდინარეობს. პოლიტიკის მიზანია ახალგაზრდების პოტენციალის ოპტიმიზაცია მათი როლისა და საჭიროებების შესახებ საერთო, ნათელი წარმოდგენის შექმნითა და იმგვარი გრძელვადიანი ხედვის შემუშავებით, სადაც განსაზღვრული იქნება პრობლემის გადაჭრის გზები და კონკრეტული მექანიზმები. სახელმწიფო პოლიტიკა ასევე  მიზნად ისახავს მოახდინოს ახალგაზრდების რეალური მდგომარეობის, საზოგადოებაში მათი როლისა და მათ წინაშე მთავრობის პასუხისმგებლობების შესახებ ახალგაზრდებსა და მთავრობას შორის დიალოგის ინსტიტუციონალიზაცია. ამასთანავე, პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ მთავრობამ დაიცვას შესაბამისი ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები.


ბოლო წლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შექმნამდე, ახალგაზრდობის საქმეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაახლოებით 2 მილიონი ლარი გამოიყოფოდა. ეს თანხა ძირითადად გამიზნული იყო „პატრიოტების“ საზაფხულო ბანაკების  მოსაწყობად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


ამჟამად, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული უწყება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 500 000 ლარს იღებს და პასუხისმგებელია მრავალფეროვან სახელმწიფო ახალგაზრდულ პროგრამებზე. თუმცა, მათი უმრავლესობა ახლად შექმნილი ინიციატივაა, რომელმაც ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს თავისი რელევანტურობა და მდგრადობა.


ახალგაზრდობის ყოვლისმომცველი ეროვნული კვლევა  აჩვენებს, რომ 1 000 რესპონდენტიდან მხოლოდ 21%-მა იცის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული პროგრამების შესახებ, ხოლო 66%-ს ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.


2010 წელს საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით დაიწყო ჯანსაღი ცხოვრების წესის ეროვნული კამპანია ‘Don’t Worry, Be Healthy”. კამპანიის სამიზნე ჯგუფი ზოგადად ახალგაზრდობაა და ის ყურადღებას ამახვილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის ჯანსაღ კვებაზე; ნარკოტიკებით, მოწევითა და ალკოჰოლით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაზე; და ავტომობილის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით მართვაზე.


შედეგი


მიუხედავად იმისა, რომ სანდო მონაცემების არარსებობა ართულებს სახელმწიფო პოლიტიკის ზეგავლენის შეფასებას, ძირითადი ინვესტიციების გავლენა მაინც დადებითია. განათლების სფეროში ინვესტიციებმა საქართველოში 15-24 წლის ასაკის ქალებში წერა–კითხვის ცოდნის მაჩვენებლის ზრდა 99%-მდე უზრუნველყო. მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც. თითქმის ყველას აქვს ტელევიზორი (97%), ხოლო შინამეურნეობათა 20%–ს აქვს ინტერნეტი. სპეციალური ახალგაზრდული პროგრამების შედეგები ჯერ კიდევ შესაფასებელია.


ახალგაზრდები მაინც დგანან გარკვეული გამოწვევების წინაშე. ბევრი მათგანი, რომელიც ფორმალურ განათლებას თავს ანებებს, სამუშაოს ვერ პოულობს სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მტად სჭირდებათ თავი დაფასებულად, რეალიზებულად და დამოუკიდებლად იგრძნონ. საქართველოში 15-24 წლის ასაკის ახალგაზრდებს მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალი ალბათობით სურთ ან სჭირდებათ სამსახური, თუმცა დასაქმებას ვერ ახერხებენ (უმუშევრობის მაჩვენებელი: 15-24 წლის ასაკის სამუშაო ძალის 36%,  25 და უფროსი ასაკის სამუშაო ძალის  –  14%) .


ისეთი ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, არაადეკვატურია. მაგალითად, 2009 წლის ნუტრიციოლოგიის ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, რომ 15-24 წლის ასაკის ქალების 15%-ს სიმსუქნე ან ჭარბი წონა აწუხებს. ბავშვთა სიმსუქნე პედიატრიული ჰიპერტენზიის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. იგი ასოცირებულია მე–2-ე ტიპის შაქრიან დიაბეტთან, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, აძლიერებს დატვირთვას საყრდენ–მამოძრავებელ სისტემაზე, ამცირებს თვითშეფასებას, და ზემოქმედებას ახდენს თანატოლებთან ურთიერთობაზე.


შემდეგი ნაბიჯები


საქართველოს ყველა მოზარდისათვის დადებითი შედეგების უზრუნველსაყოფად, უნდა განხორციელდეს შემდეგი:


• ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება ძირითადი აქტორების, მათ შორის ახალგაზრდების, მნიშვნელოვანი მონაწილეობით. პოლიტიკამ როგორც მინიმუმ უნდა მოიცვას: განათლება და სწავლება; დასაქმება და მეწარმეობა; ჯანმრთელობა და კეთილდღეობა; მონაწილეობა; მოხალისეობითი საქმიანობა; სოციალური ჩართულობა; ახალგაზრდობა და მსოფლიო; შემოქმედებითობა და კულტურა.


• შემდგომი სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავება ისეთი პოლიტიკის განხორციელებისათვის, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობებს პოლიტიკის თითოეული სფეროსა და საქმიანობის მიმართ;


• სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შექმნა და განხორციელება ინდიკატორებით, საწყისი მონაცემებითა და ვადებით.


• ახალგაზრდების კეთილდღეობის ყოვლისმომცველი ეროვნული შეფასება, განსაკუთრებული აქცენტით იმ ძირითად სფეროებზე, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს მოზარდთა განვითარებას. ეს სფეროები უნდა მოიცავდეს სანდო და რელევანტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; სასიცოცხლო უნარ–ჩვევებს; თავის რჩენის შესაძლებლობებს; მოზარდებისადმი კეთილგანწყობილი ჯანდაცვის მომსახურებას; თანამშრომლობის განვითარებას და უსაფრთხო და დაცულ გარემოს.



„თუ ჩვენ ახალგაზრდებს მივცემთ იმ უნარ–ჩვევებს, რაც მათი ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ჩავრთავთ მათ ადგილობრივი თემების გაუმჯობესების საქმეში, ჩვენ ამით ინვესტირებას ვახდენთ იმ საზოგადოების გაძლიერებაში, რომლის წევრებიც ეს ახალგაზრდები არიან“.

 

ენტონი ლეიკი, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

Join / Follow / Connect