ბავშვები საქართველოში
ბავშვები და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება

© იუნისეფი/საქართველო/ცხვირაშვილი

 

საკითხი

 

 


საქართველო ბუნებრივი კატასტროფების მაღალი რისკის შემცველ რეგიონში მდებარეობს, სადაც ხშირია წყალდიდობები, მეწყერები და ზვავები. გვალვა და სხვა ექსტრემალური კლიმატური პირობები ასევე უქმნის საფრთხეს ქვეყანაში მცხოვრები ათასობით ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. 1999-2008 წლებში საქართველოში ბუნებრივი კატასტროფის შედეგად მიყენებულმა ზიანმა სამჯერ ან მეტჯერ გადააჭარბა მსგავსი შემთხვევებით გამოწვეულ ზიანს სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებში და 552 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.  კლიმატის გლობალური ცვლილება სავარაუდოდ კიდევ უფრო გაამწვავებს ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებს და ბუნებრივ კატასტროფებს უფრო ხშირსა და  ინტენსიურს გახდის.


ყველაზე მეტ ზიანს უმეტესად უღარიბესი და შორეულ ადგილებში, რისკის შემცველ ტერიტორიაზე, ცუდად აშენებულ სახლებში მცხოვრები, მჭიდროდ ჩასახლებული თემები განიცდიან. მათ არა აქვთ შესაძლებლობა გაუმკლავდნენ საფრთხეს, რომლის წინაშეც დგანან.


განსაკუთრებით დაუცველნი არიან ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვები, ქალები და ახალგაზრდები, რადგან ისინი ხშირად არ ფლობენ სათანადო ცოდნასა და სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემდა, უკეთ გამკლავებოდნენ კატასტროფას.

 

განხორციელებული საქმიანობა
 

საქართველო იმ 168 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელმაც მიიღო 2005-2015წწ. ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო [იხ. გვ ?], რომლის მიზანსაც ერებისა და თემების კატასტროფისადმი გამძლეობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტი არ არის, მისი მიღება იმას ნიშნავს, რომ კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს მთავრობისათვის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა, განსაკუთრებით ეროვნულ დონეზე კატასტროფის რისკის შემცირების კოორდინირების თვალსაზრისით.


უკანასკნელ წლებში საქართველოს მთავრობამ კატასტროფის რისკის მართვის სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის/ინსტიტუტების შესაქმნელად ინვესტიციები განახორციელა. კატასტროფის რისკის მართვის ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში ეტაპობრივად მიმდინარეობს.


2008 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით დაიწყო პროექტი „საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირების სისტემის გაძლიერება“, რომლის მიზანი კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული პლატფორმის შემუშავებაში საქართველოს მთავრობის დახმარება; განვითარების პოლიტიკაში, პროგრამებსა და პრაქტიკაში კატასტროფის რისკის შემცირების ინტეგრირება და კოორდინაცია იყო. განათლების სექტორსა და ეროვნულ სასწავლო გეგმაში, კატასტროფის რისკის შესამცირებლად და ბავშვებისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკის დასანერგად, გაეროს ბავშვთა ფონდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლიდან ეხმარება პროექტის, ,,კატასტროფის რისკის შემცირების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიის დაუცველ თემებსა და ინსტიტუციებში“, მეშვეობით. პროექტის ძირითადი მიზანია მხარი დაუჭიროს ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც თემებსა და ინსტიტუციებს საშუალებას მისცემს უკეთ მოემზადონ ბუნებრივი კატასტროფისათვის, გაუმკლავდნენ მას და შეამცირონ მის მიერ მიყენებული ზიანი და  შექმნან ბავშვებისათვის უფრო უსაფრთხო და დაცული გარემო.


2011 წლის სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლიდან, მე-5-9 კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით, გარემოს დაცვასთან, კლიმატის ცვლილებასა და კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს სავალდებულო სადამრიგებლო საათის პროგრამის ფარგლებში შეისწავლიან და დაეუფლებიან ძირითად სასიცოცხლო უნარ–ჩვევებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და მის შემდეგ.

 

შედეგი

 
საქართველოს მასშტაბით 377 სკოლის მასწავლებელი, რომელმაც უკვე გაიარა სწავლება და მიიღო საგანმანათლებლო მასალა კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ, ატარებს რეგულარულ გაკვეთილებს  საცდელ რეჟიმში ინტერაქტიური მეთოდოლოგიის გამოყენებით. ინფორმირებულობის დონე მასწავლებლებში კატასტროფისათვის მზაობისა და რისკის შემცირების თვალსაზრისით, 37 პროცენტით გაიზარდა.


ბუნებრივი კატასტროფის რისკის ქვეშ მყოფ თემებში რვა პილოტური სკოლა სრულად აღიჭურვა კატასტროფისათვის მზადყოფნის  სისტემებით, რითაც გაძლიერდა მათი პოტენციალი. კატასტროფებისათვის მზადყოფნა სკოლის კატასტროფის მართვის საბჭოებს, საგანგებო რეაგირების გეგმებს, საგუშაგო სისტემებს, კატასტროფისათვის მზადყოფნის საბაზო აღჭურვილობასა და რეგულარულ სიმულაციურ ვარჯიშებს გულისხმობს. პილოტური სკოლების 60–მა დირექტორმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრმა ასევე გაიარა სწავლება კატასტროფისათვის მზაობასა და პრევენციაში და ამ ცოდნას ეფექტიანად იყენებს კატასტროფის რისკის შესამცირებლად.


საქართველოს მასშტაბით, კატასტროფის რისკის შემცირების თაობაზე მოსაზრებებისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაცვლის ხელშესაწყობად შეიქმნა პილოტური სკოლების ყველაზე აქტიური ბავშვების ქსელი. ბავშვები საუკეთესო ინფორმატორები არიან თავიანთი ოჯახებისა და თემებისათვის და ამიტომ მათმა მონაწილეობამ კატასტროფის რისკის შემცირების გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებაში შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.


მიუხედავად მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, აუცილებელია დამატებითი მხარდაჭერა და დახმარება ქვეყანაში კატასტროფის რისკის შემცირების ეფექტიანი, რელევანტური და კარგად კოორდინირებული მექანიზმის შესაქმნელად - ისეთი მექანიზმისა, რომელიც ყველა შესაბამის სამინისტროს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და თემებს მოიცავს.

 

შემდეგი ნაბიჯები


კატასტროფისათვის მზაობის ხარისხის გასაზრდელად და ბუნებრივი საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე ბავშვებისა და თემების უკეთ დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია შემდეგი ღონისძიებები:


• საგანმანათლებლო საქმიანობაში კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტის ჩართვის შემდგომი ხელშეწყობა როგორც პოლიტიკის, ისე პრაქტიკის დონეზე, მათ შორის უსაფრთხო სკოლების პოპულარიზაცია და საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი თემისა და სკოლის მოცვა;


• მასწავლებლების, მათ შორის სკოლის ადმინისტრაციის, პოტენციალის გაძლიერებისა და სწავლების გაგრძელება კატასტროფის რისკის შემცირებასა და სკოლების კატასტროფისათვის მზაობის საკითხებში;


• კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში მომზადებული თემის  გაფართოება საქართველოს სკოლებსა და ადგილობრივ თემებში, სადაც ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ კატასტროფისათვის მზაობისა და მასზე რეაგირების გეგმების შედგენაში;


• კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ სასწავლო მასალისა და ინტერაქტიური სწავლებისათვის ისეთი დიდაქტიკური ინსტრუმენტების შემუშავება, როგორიც არის მაგალითად, კომპიუტერული თამაშები და ინტერნეტის მონაცემთა ბაზა, რომელიც განსაკუთრებით, გამიზნულია დაწყებითი კლასების (1-6 კლასები) მოსწავლეთათვის.


• კატასტროფის რისკის შემცირებაში რელევანტურ აქტორებს შორის კოორდინაციის გაძლიერება - როგორც ადგილობრივ (ბავშვების ჩათვლით), ისე საერთაშორისო დონეზე - კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული პლატფორმის შემუშავების მიზნით.


• ინვესტირება განათლების სისტემაში, კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტის ინტეგრირების შედეგების კვლევისა და მონიტორინგისთვის.

 

„ბავშვები ყველაზე დაუცველთა შორის არიან. შარშან ათასობით მათგანი შეეწირა მიწისძვრას, წყალდიდობას თუ ქარიშხალს, რომლებმაც მათი სკოლები მიწასთან გაასწორეს. ეს მსხვერპლი შეიძლებოდა თავიდან ყოფილიყო აცილებული. სოცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია წინასწარ დაგეგმვით - და ისეთი სკოლების, სახლების, საავადმყოფოების, თემებისა და ქალაქების აშენებით, რომლებიც ამ საფრთხეს გაუძლებს. რისკის შემცირების ამგვარი ღონისძიებები თანდათან უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რამდენადაც ჩვენი კლიმატი იცვლება და ექსტრემალური მოვლენები კიდევ უფრო გახშირდება და ინტენსიური გახდება.“.


ბან კი მუნი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი

Join / Follow / Connect