ბავშვები საქართველოში
ბავშვთა სიღარიბე

 

© იუნისეფი/საქართველო/ბლაგონრავოვა

 

საკითხი

 

სიღარიბეში დაბადებულ ბავშვს ბევრი რამ აკლია. ღარიბი ოჯახები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან, წვალობენ იმისათვის, რომ ოჯახი გამოკვებონ. მათ არა აქვთ სახელმძღვანელოების ან მედიკამენტების შეძენის საშუალება. ისინი, შესაძლოა,  ბავშვების ადრეულ ასაკში დასაქმებაზეც ზრუნავდნენ, რომ ოჯახს გადარჩენაში დაეხმარონ. 

 

სავარაუდოა, რომ ქართველი ბავშვები უფრო მაღალი ალბათობით იცხოვრებენ სიღარიბეში, თუკი ისინი ისეთ ოჯახში დაიბადნენ, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს, სადაც მშობლებს განათლების დაბალი დონე აქვთ, სადაც სამი ან მეტი ბავშვი ცხოვრობს, სადაც ოჯახი მიწას არ ფლობს და მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვს . 

 

ხშირად სიღარიბე  მათი მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბეში დაბადებული ბავშვი, მაღალი ალბათობით, მთელს თავის ცხოვრებას სიღარიბეში გაატარებს. ადრეულ ასაკში სიღარიბემ, შესაძლოა, გამოიწვიოს ხანგრძლივი გონებრივი და ფიზიკური დარღვევები, რისგანაც ბავშვები მუდმივად დაიჩაგრებიან. ზემოაღნიშნული გარემოებები განაპირობებს სიღარიბის მომდევნო თაობებისთვის გადაცემის ციკლს. ამდენად, ბავშვთა კეთილდღეობაში ინვესტირება უმნიშველოვანესია კაცობრიობის თანასწორი და თანამიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად. 

 

2008 წელს, მიუხედავად მონაწილე სახელმწიფოს მიერ მიღწეული შთამბეჭდავი ზოგადი ეკონომიკური პროგრესისა, ბავშვის უფლებათა კომიტეტი კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული სიღარიბითა და სიდუხჭირით და აღნიშნავს, რომ ბევრი ბავშვის ცხოვრების დონე ძალზე დაბალია. კერძოდ, კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს მონაწილე სახელმწიფოში ბავშვთა ცხოვრების დონეში არსებული განსხვავებით. კომიტეტი ასევე სინანულით აღნიშნავს, რომ მონაწილე სახელმწიფოს არ მოუწოდებია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,  ენიჭება თუ არა პრიორიტეტი  ბავშვებს სიღარიბის დაძლევის სტრატეგიაში. 

 

განხორციელებული  საქმიანობა

 

ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების უზრუნველსაყოფად და სიღარიბის დონის შესამცირებლად 2004 წელს მთავრობა გამოვიდა ახალი ინციატივებით კორუფციასთან ბრძოლის, საჯარო სექტორის ეფექტურობის გაზრდის, მართვის გაუმჯობესებისა და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის  მიზნით. უკანასკნელ პერიოდში გლობალური ფინანსური კრიზისის გამო, გაჩნდა პოლიტიკის ეფექტიანობისა და მოქნილობის გაუმჯობესების აუცილებლობა, რის გამოც რეფორმა ძირითადად ორიენტირებული იყო მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდაზე. 

 

ოთხი წლის შემდეგ, 2008 წელს, მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“. იგულისხმებოდა, რომ ეკონომიკური ზრდა დასაქმების შესაძლებლობებს შექმნიდა, განსაკუთრებით უფრო მოქნილი შრომითი კანონმდებლობის მიღებიდან გამომდინარე. 2009 წელს სახელმწიფო დანახარჯების მნიშვნელოვანი წილი თავდაცვის სექტორიდან, რომლის დაფინანსება წინა ოთხი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა, გადამისამართდა კონფლიქტით განპირობებულ რეკონსტრუქციასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე. 

 

საქართველოში სოციალურ დახმარებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული სოციალური მომსახურების სააგენტო განაგებს. სააგენტო პასუხისმგებელია ყველა ცენტრალიზებული სოციალური პროგრამის, მათ შორის პენსიების, სოციალური დახმარების, ბავშვზე ზრუნვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პროგრამების ადმინისტრირებაზე. მიზნობრივი სოციალური დახმარება  შემოიღეს 2006 წელს. მიზნობრივი სოციალური დახმარების მიზანს მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ათი პროცენტისათვის ფინანსური დახმარების გაწევა წარმოადგენს. შინამეურნეობების შეფასება ხდება საჭიროებებზე დაფუძნებული ტესტით, რომელიც 100-zე მეტ ინდიკატორს მოიცავს. 2011 წლის აპრილისათვის, საქართველოში 145 665 ოჯახი (მთლიანი მოსახლეობის 12,4%), ე.ი. 425,387 მოსახლე (მთლიანი მოსახლეობის 9,7%)  ყოველთვიური დახმარების სახით, ფულად „საარსებო შემწეობას“ იღებდა. 

 

სამედიცინო დაზღვევის პროგრამა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის 2008 წელს შეიქმნა. სამიზნე ჯგუფის იდენტიფიცირება იმავე საჭიროებებზე დაფუძნებული ტესტის მეშვეობით ხდება, როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარების შემთხვევაში, თუმცა  ეს პროგრამა ბენეფიციართა გაცილებით უფრო მეტ რაოდენობას ემსახურება (2001 წლის აპრილის მდგომარეობით, დაახლოებით 865 676). 65 წელს გადაცილებული მამაკაცებისა და 60 წელს გადაცილებული ქალებისათვის მინიმალური პენსია 100 ლარია. პენსიები სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტის დაახლოებით სამ მეოთხედს შეადგენს და საჯარო სექტორში - სოციალურ დანახარჯთა ნახევარზე მეტს. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომელიც პენსიას იღებს. 

 

შედეგები

 

2004-2007 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9%-ს შეადგენდა. 2008 წლისათვის სიღარიბის ოფიციალური მაჩვენებელი   მოსახლეობის 23%-მდე შემცირდა. თუმცა ქალაქის მაცხოვრებლებისა და ყველაზე მდიდარი ჯგუფების მდგომარეობა მეტად გაუმჯობესდა, ვიდრე სოფლად მცხოვრები და უფრო ღარიბი ჯგუფებისა. ამასთანავე, მიუხედავად სწრაფი ეკონომიკური ზრდისა, დასაქმების მაჩვენებელი დაეცა. 

 

უმუშევრობის მაღალი დონისა და დაუბალანსებელი ზრდის გათვალისწინებით, საქართველოს სოციალური დახმარების პროგრამები ეფექტური აღმოჩნდა უკიდურეს სიღარიბესთან ბრძოლის თვალსაზრისით. პენსია უკიდურეს სიღარიბეს 18%-ით ამცირებს და ბავშვების 9% გამოჰყავს უკიდურესი სიღარიბიდან. მიზნობრივმა სოციალურმა დახმარებამ მოსახლეობის 4% და ბავშვების 5% უკიდურესი სიღარიბიდან გამოიყვანა. 

 

მიუხედავად ამისა, ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ, ვისაც აქვს სოციალური დახმარების მიღების უფლება, მართლაც მიიღონ იგი. ყველაზე ღატაკი მოსახლეობის უმრავლესობა ამჟამად არ იღებს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.  2010 წელს, სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ბენეფიციარები უფრო მაღალი ალბათობით იღებდნენ უფასო ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მომსახურებას, ვიდრე სხვები, ხოლო ვისაც სამედიცინო დაზღვევის პროგრამა არ ეკუთვნის, მათ კატასტროფულად ძვირად ღირებული ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობა უწევთ, რაც ხშირად იწვევს ოჯახების გადასვლას სიღარიბის ზღვარს მიღმა.  

 

საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ მნიშვნელოვნად იკლო 2009 წელს გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთთან კონფლიქტის გამო. თუმცა, ზრდა 2010 წელს განახლდა და დაახლოებით 6,4% შეადგინა. მიუხედავად ამისა, როგორც უახლესმა ისტორიამ გვიჩვენა, ეკონომიკური ზრდა აუცილებლად თანაბრად არ შეეხება სხვადასხვა შემოსავლების მქონე ჯგუფებს. 2009 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში შინამეურნეობათა 24%, მათ შორის ყველა ბავშვის 28%, სიღარიბის ოფიციალურ ზღვარს - 89,7 ლარს – მიღმა იმყოფება.   შინამეურნეობების ყველაზე ღარიბ 20% –ში მყოფ ბავშვებს მაღალი ალბათობით  არ მიუწვდებათ ხელი მომსახურებებზე.

 

 

შემდეგი  ნაბიჯები

 

ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის:

 

• „ზრდის განაწილების“ პოლიტიკა – ზრდის სარგებელი უნდა განაწილდეს მთელ მოსახლეობაზე;

 

• სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება;

 

• მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და სამედიცნო დაზღვევის პროგრამების მთლიანი დაფარვის გაზრდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის, ყველა ღარიბი შინამეურნეობის მოსაცველად;

 

• სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება სიღარიბეში მყოფი ბავშვებისათვის სოციალური შეღავათების უკეთ გასანაწილებლად - მიზნობრივ სქემებში ბავშვთა წონის გაზრდა; 

 

• სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა ღარიბი ბავშვებისათვის, როგორც ინვესტიცია მათ მომავალში;

 

• დღის ცენტრებისა და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების დაწესებულებათა ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ღარიბი ოჯახებისათვის, მათი დახმარება ბავშვზე ზრუნვის საქმეში; მარტოხელა დედებისათვის შრომის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა; ქართველი ბავშვების იმ უნარებით აღჭურვა, რომლებიც მათ ესაჭიროებათ მომავალში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში თავიანთი, როგორც ზრდასრული ადამიანების, წვლილის შესატანად. 

 

 

“ხშირად მეკითხებიან, თუ რა არის ადამიანის უფლებათა ყველაზე სერიოზული დარღვევა დღეს მსოფლიოში და ჩემი პასუხი უცვლელია: უკიდურესი სიღარიბე“.

 

მერი რობინსონი, გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი 

 

Join / Follow / Connect