ბავშვები საქართველოში
ბავშვთა ჯანმრთელობა

© იუნისეფი/საქართველო/დეგენი

 

 

 

საკითხი


საქართველოში ბავშვთა ავადობა და სიკვდილიანობა მეტწილად თავიდან აცილებადია. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია: ნეონატალური პერიოდის მდგომარეობები, პნევმონია, დიარეა და განვითარების თანდაყოლილი მანკები. ბევრ შემთხვევაში სიკვდილიანობა კვების ნაკლებობასაც უკავშირდება. ამასთანავე, ბავშვებს შემდეგი რისკებიც ემუქრებათ: მავნე გარემო, სიმსუქნე და ცხოვრების არაჯანსაღი წესი. ბავშვთა სიკვდილიანობის უმეტესი შემთხვევები დაბადებიდან 28 დღის განმავლობაში ხდება. ეს ძირითადად, გამოწვეულია: დღენაკლულობით, ასფიქსიით და ინფექციებით/პნევმონიით, რაც მთლიანობაში ახალშობილთა სიკვდილიანობის მიზეზების სამ მეოთხედს შეადგენს. აღნიშნული მიზეზები მჭიდრო კავშირშია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ფეხმძიმობის პერიოდში, მშობიარობის გარემოებებთან და მშობიარობის შემდეგ პირველ რამდენიმე კრიტიკულ საათთან (იხ. აგრეთვე წინამდებარე ანგარიშის ნაწილი დედათა ჯანმრთელობის შესახებ).


მოსახლეობის დაახლოებით 50% პირდაპირ საავადმყოფოებს მიმართავს, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გვერდის ავლით, რაც ამ სისტემას ფაქტიურად, უფუნქციოს ხდის. სამედიცინო მომსახურების საფასური ხშირად ძალიან მაღალია და მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის მის ხელმისაწვდომობას (საქართველოში თვითდაფინანსების წილის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება რეგიონში – ჯანდაცვის მთლიანი ხარჯის 73% ).  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დადებითი შედეგები მოუტანა ღარიბ ოჯახებს, რომლებზეც გავრცელდა აღნიშნული დაზღვევა.


2008 წელს ბავშვის უფლებათა კომიტეტი ძალზე შეშფოთებულია ახალშობილთა სიკვდილიანობისა და დღენაკლული ბავშვების დაბადების მაღალი მაჩვენებლით, ასევე პრენატალური და პოსტნატალური ჯანდაცვის ზოგადი მდგომარეობით, განსაკუთრებით უმცირესობათა ჯგუფებში.


განხორციელებული საქმიანობა


საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ღრმა და კომპლექსურ გარდამავალ პროცესშია. იგი ორიენტირებულია საბაზრო სტრატეგიებზე, რომ უზრუნველყოს მეტი ეფექტიანობა და, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, უკეთესი შედეგები საქართველოს მოსახლეობისათვის. რეფორმის სტრატეგიის ძირითადი კომპონენტები მოიცავს: საავადმყოფოების პრივატიზაციას, პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმას, ღარიბი მოსახლეობისათვის ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების დაფინანსებას კერძო დაზღვევის მეშვეობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი მომსახურების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას, დერეგულაციას, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რესტრუქტურიზაციას.


რეფორმის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს საავადმყოფოების ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა  ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის პროცესის მეშვეობით. მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევენ პირველადი ჯანდაცვის ყოვლისმომცველი სისტემის შექმნას საქართველოში. ღარიბი ოჯახების დაახლოებით 40% ჩართულია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. სახელმწიფო ფარავს აგრეთვე, ჯანდაცვის მომსახურების მოზრდილ პაკეტს ბავშვებისათვის ყველაზე დაუცველი ოჯახებიდან. ყველა ბავშვი იღებს უფასო გადაუდებელ დახმარებას, ხოლო  0-3 წლამდე ასაკში ასევე ეკუთვნით უფასო სტაციონარული მომსახურება. ნეონატალური და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სრულად იფარება სახელმწიფოს მიერ, ხოლო დანარჩენზე გამოყოფილია სამთავრობო სუბსიდია 80%-ის ოდენობით. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებისათვის სახელმწიფო უზრუნველყოფს ერთ კონსულტაციას ჯანდაცვის მომსახურების თითოეულ მიმწოდებელზე, მათ შორის ზოგად ლაბორატორიულ ტესტებს, წელიწადში ერთხელ.


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საბჭომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა, ისრაელის სამედიცინო ცენტრ „შებასთან“ თანამშრომლობით, დაიწყეს 15-წლიანი გენერალური გეგმის განხორციელება პერინატალური/ნეონატალური ჯანმრთელობის სისტემის გასაძლიერებლად. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ხელს უწყობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ეფექტიანი პერინატალური სტრატეგიების დანერგვას ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე რეფორმაში. გაეროს ბავშვთა ფონდისა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში გადაისინჯა საბაზო და დიპლომის შემდგომი სასწავლო გეგმები პერინატოლოგიასა და ზოგად პედიატრიაში მტკიცებულებაზე დაფუძნებულ კლინიკურ სტანდარტებსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.


გაუქმდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დეპარტამენტი, რამაც გამოიწვია გაუგებრობა, თუ რომელი უწყებაა პასუხისმგებელი დედათა და ბავშვთა მომსახურების ზედამხედველობაზე. 2009 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა ჯანდაცვის სისტემის მიღწევების ფართომასშტაბიანმა შეფასებამ განსაზღვრა მიმართულებები ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერებისათვის. 2011 წელს შეიქმნა „ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი“ (ინდივიდუალური ჩანაწერი ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების შესახებ). სახელმძღვანელო ბაზისურ ცოდნას აწვდის ყველა ახალშობილის  მშობელს ქვეყანაში ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების შესახებ (0-6 წლის ასაკში). აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე მშობლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით მიეწოდებათ გზავნილები ბავშვის ზრდისა და განვითარების შესახებ დაბადების რეგისტრაციის სისტემაში ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან კავშირის მეშვეობით.


შედეგები


მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების საქმეში. 1999 წლიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა ორი მესამედით, ე.ი. 1000 ცოცხლად შობილიდან 45 ლეტალური გამოსავალი 16-მდე დაეცა 2010 წელს. ამავე პერიოდში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობამ იკლო 42–დან 14 შემთხვევამდე 1000 ცოცხლად შობილიდან.


2009 წელს 61,677 ცოცხლად შობილიდან ახალშობილთა 94%-ს დაბადებისას ნორმალური წონა ჰქონდა  (2,499 გრამზე მეტი), ხოლო საავადმყოფოში რეგისტრირებული ცოცხლად შობილი ბავშვების 9% ავადმყოფი დაიბადა, ან დაავადდა დაბადების შემდეგ. ეს რაოდენობა მოიცავს გარკვეულ მდგომარეობებს, რომლებიც პერინატალურ პერიოდში წარმოიშვა (92%) და თანდაყოლილ ანომალიებს (7%).


ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ძირითადი პროცესები და შედეგების ინდიკატორები განხილულია წინამდებარე ანგარიშის შემდეგ თავებში: „იმუნიზაცია“, „კვება“ და „დედათა ჯანმრთელობა“.


შემდეგი ნაბიჯები


საქართველოში ყველა ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნების, ჯანმრთელობისა და განვითარების უკეთ უზრუნველსაყოფად, უნდა განხორციელდეს შემდეგი:

 

  • ახალშობილთა სიკვდილიანობა მიჩნეულ იქნეს უპირველეს პრიორიტეტად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისათვის.

 

  • დედათა ჯანმრთელობის, ნეონატალური და ზოგადი პედიატრიული ხარისხიანი მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ფეხმძიმე ქალისა და ყველა ბავშვისათვის. საბაზო საშეღავათო პაკეტი, რომელიც მოიცავს სუბსიდირებულ მედიკამენტებს, უზრუნველყოფილ იქნეს ყველა ფეხმძიმე ქალისა და ექვს წლამდე ასაკის ბავშვისათვის.

 

  • გაიზარდოს დედათა და ბავშვთათვის ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთა პროფესიული კვალიფიკაცია  ყველა დონეზე.

 

  • გაუმჯობესდეს ფეხმძიმობისა და მშობიარობის რეფერალი (იხ. თავი დედათა ჯანმრთელობის შესახებ).

 

  • განხორციელდეს ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აპარატურის მოდერნიზაცია.

 

  • უზრუნველყოფილ იქნეს სამედიცინო განათლების მისაწვდომობა ქალების, ოჯახებისა და თემებისათვის, განსაკუთრებით მარგინალიზებული და სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის.

 

  • გაგრძელდეს  იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის მხარდაჭერა.

 

  • მოხდეს ინვესტირება ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაში, ზუსტი, სანდო, დეტალიზებული და განახლებადი მონაცემების გენერირებისათვის.

 

  • ჯანდაცვის სისტემის ყველა იმ ფუნქციის გაძლიერება, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის მიდგომას ეფუძნება, განსაკუთრებული აქცენტით ეკონომიკურად მომგებიან ინტერვენციებზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის ისეთი ინტერვენციებზე, რომლებიც ორიენტირებულია ჯანმრთელობის პოპულარიზაციაზე, ცნობიერების ამაღლებასა და დაავადებათა პრევენციაზე.

 

  • განხორციელდეს პრივატიზაციის გავლენის შეფასება დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის მომსახურების ხარისხზე.

 

 
“როდესაც საუბარია ბავშვების სიცოცხლესა და უფლებებზე, მდუმარე მოწმეები არ უნდა არსებობდნენ“.


კეროლ ბელამი, გაეროს ბავშვთა ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

Join / Follow / Connect