ბავშვები საქართველოში
დაბადების რეგისტრაცია

© იუნისეფი/საქართველო/ბლაგონრავოვა

 

საკითხი

 

თითოეულ ბავშვს აქვს დაბადების რეგისტრაციის უფლება. არსებობს ძლიერი ურთიერთკავშირი რეგისტრაციის არარსებობასა და ბავშვის არასათანადო ჯანმრთელობასა და განათლებას შორის და ეს დაღს ბავშვის მთელს ცხოვრებას ასვამს. არარეგისტრირებულ ბავშვებს უფრო ნაკლებად მიუწვდებათ ხელი შესაბამის მომსახურებასა და დაცვაზე. რეგისტრაცია გადამწყვეტია მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის შესაბამისი მომსახურების დაგეგმვის თვალსაზრისითაც.

 

2005 წლისათვის საქართველოში ბავშვების რვა პროცენტი  არ იყო რეგისტრირებული. უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში უფრო ნაკლები ალბათობით იყვნენ რეგისტრირებულნი. იმავე უმცირესობებში ბავშვთა სიკვდილიანობისა და სკოლიდან გამოსვლის მნიშვნელოვნად უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 

2008 წელს, ბავშვის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებული იყო იმ გარემოებით, რომ ჯერ კიდევ არ ხდება უმცირესობათა ჯგუფების ბავშვების და, ასევე ბევრი იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი ბავშვის რეგისტრაცია დაბადებისას.

 

განხორციელებული საქმიანობა


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა საქართველოში ყველა ბავშვის დაბადების რეგისტრაცის მიზნით.  დაბადების მოწმობის გაცემის პროცედურები გამარტივდა. ახალი კანონმდებლობა უშვებს რეგისტრაციას აუცილებელი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაშიც პირის სასამართლოში მიმართვის გარეშე, რაც წარსულში რეგისტრაციის მნიშვნელოვან შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენდა. დაბადების რეგისტრაციაზე მოთხოვნის სტიმულირებისათვის ჩატარდა საინფორმაციო–საგანმანათლებლო კამპანია საზოგადოებისათვის დაბადების რეგისტრაციის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ. იგი მოიცავდა გასვლით შეხვედრებს უმცირესობების წარმომადგენელ ოჯახებთან მათ მშობლიურ ენაზე. პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა ტრადიციულ წეს–ჩვეულებებსა და კულტურაში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრაზე  და მომსახურების იმ ხარვეზების გამოსწორებაზე, რომლებიც წარსულში რეგისტრაციას უშლიდა ხელს, განსაკუთრებით აზერბაიჯანულ და სომხურ უმცირესობებში. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო განაგრძობს მუშაობას ქვეყნის მასშტაბით დაბადების რეგისტრაციის გავრცელების თვალსაზრისით.

 


შედეგები


სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გაზარდა დაბადებისას რეგისტრირებულ ბავშვთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც 2005 წელს  92%-დან  2010 წელს 97%-მდე ავიდა. ამჟამად, ყველა რეგიონში ბავშვთა 90%-ის რეგისტრაცია ხდება 5 წლამდე. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, სადაც  მანამდე ეროვნულ უმცირესობებში რეგისტრაციის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. სწორედ ამ რეგიონებზე გაკეთდა აქცენტი საინფორმაციო–საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებშიც.


 

შემდეგი ნაბიჯები


მაღალი დაფარვის შესანარჩუნებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოხდეს ბავშვების დარჩენილი 3%-ის რეგისტრაციაც დაბადებისას, საჭიროა შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

 

• სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება დაბადების რეგისტრაციის და სხვა სადოკუმენტაციო მომსახურების გასაუმჯობესებლად;


• ადგილობრივ დონეზე კოორდინაციის გაუმჯობესება დაბადების საყოველთაო რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად;


• საინფორმაციო–საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება ისეთ რეგიონებში, სადაც რეგისტრაციის მაჩვენებელი ტრადიციულად დაბალია, მათ შორის გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში;


• ბავშვთა ჯანმრთელობის პორტალის დაფარვის გაზრდა, ბავშვის მოვლის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებების და სხვა მომსახურების გაუმჯობესება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული დაბადებისას რეგისტრაციასთან.


• ადგილზე მომსახურების უზრუნველყოფა ძნელად მისაღწევი ჯგუფებისათვის, როგორებიცაა ქუჩის ბავშვები, სამზრუნველო დაწესებულებებში მყოფი და დაბალშემოსავლიან ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, ისევე, როგორც ეს ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში მოხდა.

 

„არარეგისტრირებული ბავშვები, როგორც წესი, ღარიბი და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები არიან. რეგისტრაციის არარსებობა მათ სიღარიბეს კიდევ უფრო აღრმავებს და მათ მარგინალიზაციას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ დაბადებისას რეგისტრაცია, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს განათლების, ჯანმრთელობის, დაცვის ან მონაწილეობის გარანტიას, მისმა არარსებობამ, შესაძლოა, ამ ძირითადი უფლებების განხორციელების გარეშე დატოვოს ადამიანები, რომლებიც ისედაც საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას მიეკუთვნებიან.“


მარტა სანტოს პაისი, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე

Join / Follow / Connect