ბავშვები საქართველოში
დაწყებითი განათლება

 © იუნისეფი/საქართველო/კანო

საკითხი


საქართველოს ძლიერი ტრადიციები აქვს განათლების სფეროში და ქვეყნის მასშტაბით დაწყებით სკოლებში ბავშვთა ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის უნივერსალურია. თუმცა, 2005 წლის მრავალინდიკატორიანმა კლასტერულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაწყებითი სკოლის დასწრების მაჩვენებელი უფრო დაბალია აზერბაიჯანული ეროვნების ბავშვებში (87% მაშინ, როდესაც ეროვნული საშუალო მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს).


განათლების ხარისხიც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. რამდენიმე უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ დაწყებითი სკოლის ბავშვებს საქართველოში  შედარებით ნაკლები აკადემიური მიღწევები აქვთ წერა-კითხვაში, მათემატიკისა საბუნებისმეტყველო საგნებში, მათ შორის რეგიონის სხვა ბავშვებთან შედარებითაც. 2007 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევამ (TIMSS)  და წიგნიერების  საერთაშორისო კვლევამ (PIRLS) აჩვენა, რომ საქართველოში მე-4 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლოდან მესამე ადგილი დაიკავეს 36 მონაწილე ქვეყანას შორის და ბოლოდან მეოთხე ადგილი წიგნიერებაში 40 მონაწილე ქვეყანას შორის. საქართველომ უარესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის/დსთ-ს სხვა თერთმეტმა ქვეყანამ. 


გარკვეულწილად, ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დადიოდა დახლოებით მხოლოდ 50% – ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია აკადემიური მოსწრებისთვის დაწყებით კლასებსა და შემდგომ პერიოდშიც. ამასთანავე, 1990-იანი წლების გარდამავალმა პერიოდმა ქალაქის სკოლების 70%–ის და სოფლის სკოლების 84%–ის ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, ზოგან კი სრული რეკონსტრუქცია გახდა საჭირო. აგრეთვე, განათლების სექტორის დაფინანსება 1991 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-დან 2007 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე დაეცა.


2008 წელს კომიტეტი კვლავაც შეშფოთებულია, როგორც განათლების ზოგადი ხარისხისა და ბევრი სკოლის ინფრასტრუქტურის მძიმე მდგომარეობის, ასევე სოფელსა და ქალაქს შორის საგანმანათლებლო სტანდარტების მზარდი განსხვავების გამო. გარდა ამისა, კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს განათლების ფარულ ხარჯებთან დაკავშირებით, რამაც დაბალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვებს შეიძლება არ მისცეს განათლების მიღების შესაძლებლობა, ასევე იმასთან დაკავშირებითაც, რომ სკოლიდან ბავშვის გამოსვლის მაჩვენებელი თანდათანობით მატულობს მაღალ კლასებში, განსაკუთრებით სოფლად.


საქმიანობა


საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით 2007-2011წწ. განათლების კონსოლიდირებული  სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. მას მოჰყვა 2010-2015წწ. განათლების სტრატეგია, რომელმაც რეფორმა კიდევ წინ წასწია. საქართველომ გაზარდა განათლებისა და სკოლების დეცენტრალიზებული მართვის დაფინანსება. განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. თითოეულ სკოლას სამეურვეო საბჭო მართავს, რომელსაც ფინანსური მართვის უფლებამოსილება აქვს. იგი მასწავლებლების, მშობლებისა და საჯარო მოხელეებისაგან შედგება. ამასთანავე, განხორციელდა განათლების სისტემის ადმინისტრაციული სტრუქტურის ადაპტაცია. შეიქმნა საგანმათლებლო რესურსცენტრების ქსელი, რომელიც 72 ცენტრისაგან შედგება და ეხმარება სკოლებს მონაცემთა შეგროვების, ტრენინგების ორგანიზების, კვლევების ჩატარებისა და ანგარიშგების მონიტორინგის გზით. 2006 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შექმნა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, რომელმაც 2010 წელს ახალი სასწავლო გეგმები და სახელმძღვანელოები დანერგა ყველა დაწყებითი კლასისათვის. ახალი სასწავლო გეგმები ორიენტირებულია უფრო შედეგზე, ვიდრე ცოდნის მექანიკურ გადაცემაზე და მათ მიზანს წარმოადგენს საქართველოში დაწყებითი სკოლების ბავშვების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება. ამასთანავე, ხორციელდება მასწავლებელთა გადამზადება და ტესტირება ახალ სასწავლო გეგმებთან დაკავშირებით.

მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები გაიღო ძველი შენობების რეკონსტრუქციისა და ინფრაქტრუქტურის გაუმჯობესებისათვის. საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ეროვნულმა პროგრამამ უზრუნველყო სკოლების რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია. ამავდროულად, რესურსების უკეთ გამოყენების მიზნით, მოხდა დაახლოებით 1000 საჯარო საშუალო სკოლის გაერთიანება მომავალ ათწლეულებში მოსწავლეთა რაოდენობის მოსალოდნელი კლების გათვალისწინებით. სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად მთავრობამ 2010-2011 აკადემიური წლიდან უფასო სახელმძღვანელოების დარიგება დაიწყო. რეფორმის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აგრეთვე, ინგლისური ენის სწავლებისა და ყოველ სკოლაში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ინოვაციურ მიდგომას.


შედეგები


გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ინფორმაციით, ჩარიცხვის მთლიანი მაჩვენებელი  დაწყებითი განათლების დაწესებულებებში (1-6 კლასი) 94%-სა და 100%-ს შორის მერყეობდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში.  თუმცა, ჩარიცხვის წმინდა მაჩვენებელი დაწყებით სკოლებში 93%-ს შეადგენდა (რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა, 2010წ.). ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ დაწყებითი სკოლის ასაკის დაახლოებით 20 000 ბავშვი დაწყებით სკოლაში არ დადის, რაც იმას ნიშნავს, რომ: (ა) ისინი გვიან ჩაირიცხნენ; (ბ) საერთოდ არ ჩარიცხულან; ან (გ) გამოვიდნენ დაწყებითი სკოლიდან. როგორც ჩანს, გვიან ჩარიცხვა წარმოადგენს დასწრების დაბალი წმინდა მაჩვენებლის მიზეზს ჩარიცხვის მთლიან მაჩვენებელთან შედარებით. ექვსი წლის ასაკის ბიჭების (29%) და გოგონების (24%) ერთ მეოთხედზე მეტი დაწყებით სკოლაში არ დადის. დაწყებითი განათლების სფეროში გენდერული განსხვავება მცირეა. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული ბავშვების 99% 2008 წლის ოქტომბერში სხვა სკოლებში ჩაირიცხა.


გენდერული თანაფარდობის ინდექსი  დაწყებით სკოლებში დასწრების წმინდა მაჩვენებლისათვის  1.01-ს შეადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაბამის ასაკში ბიჭებთან შედარებით გოგონების მხოლოდ ოდნავ მეტი რაოდენობა დადის დაწყებით სკოლებში. არ არსებობს განახლებული სტატისტიკა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების რაოდენობის შესახებ  დაწყებით სკოლებში. თუმცა ეს რაოდენობა შედარებით დაბალია, როგორც სკოლების მწირი ინფრასტრუქტურის, ისე მშობლების დამოკიდებულების გამო.


ჯერ საკმაოდ ადრეა განათლების ხარისხსა და ბავშვების სასწავლო მიღწევებზე განახლებული სასწავლო პროგრამისა და სწავლების სტანდარტების გავლენის შეფასება. ქვეყანაში განათლების ხარისხის ცვლილების ტენდენციის შესახებ ინფორმაციას უზრუნველყოფს წიგნიერების მომდევნო  საერთაშორისო კვლევა (PIRLS), რომელიც 2011 წელს ჩატარდება.


სკოლების ინფრასტრუქტურა ქვეყნის მასშტაბით გაუმჯობესდა. ზოგიერთი ანგარიშის თანახმად, 2010 წლისათვის საქართველოში ყველა სკოლა უზრუნველყოფილია გათბობით და ელექტროენერგიით. თუმცა, რაც შეეხება წყალს, სანიტარიულ და ჰიგიენურ პირობებს, ბევრ ადგილას ისინი კვლავ არადამაკმაყოფილებელია. არასათანადო სანიტარიულ– ჰიგიენურ პირობებს პირდაპირი გავლენა აქვს სასწავლო მიღწევებზე. აკადემიური მოსწრების ძირითად ინდიკატორებზე მონაცემთა მოგროვება  პროგრესის მონიტორინგის მიზნით კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.


შემდეგი ნაბიჯები


• გაიზარდოს ინვესტიცია  განათლების მართვის ყოვლისმომცველ საინფორმაციო სისტემაში (EMIS), რათა უზრუნველყოფილ იქნეს ზუსტი სტატისტიკური ინფორმაციის დროულად მოგროვება საგანმანათლებლო რეფორმის ძალისხმევის, პროგრამის განხორციელების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ხელშეწყობისათვის. 


• 2011 წელს დაგეგმილმა წიგნიერების მომდევნო საერთაშორისო კვლევამ (PIRLS) უზრუნველყოს ინფორმაცია ქვეყანაში განათლების ხარისხის ცვლილების ტენდენციის შესახებ და, შესაძლოა, სასწავლო პროგრამების უკანასკნელი რეფორმის ადრეული შედეგების შესახებ.


• აუცილებელია დამატებითი ინვესტიცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, უმცირესობებისა და ღარიბი ბავშვებისათვის ხარისხიანი განათლების მისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.


• აუცილებელია დამატებითი ინვესტიცია წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად დაწყებით სკოლებში, განსაკუთრებით კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში და სოფლად.


• ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება, რათა სკოლამდელი განათლების სისტემაში ყველა ბავშვის ჩართვის საშუალებით, ბავშვები, განსაკუთრებით  კი მარგინალიზებული ბავშვები, განვითარების თვალსაზრისით უკეთ იყვნენ მომზადებული დაწყებითი განათლების დროულად მისაღებად.

 
“წერა-კითხვის ცოდნას სწავლისა და განათლების სამყაროში შეყავხართ, იგი უმნიშვნელოვანესია განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის და გზას ხსნის დემოკრატიული მონაწილეობისა და აქტიური მოქალაქეობისაკენ."


კოფი ანანი, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი

Join / Follow / Connect