ბავშვები საქართველოში
დედათა ჯანმრთელობა

 

© იუნისეფი/საქართველო/ბლაგონრავოვა

 

საკითხი

 

 

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ბავშვის შეძენა დადებითი გამოცდილებაა, ფეხმძიმობამ და მშობიარობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ტკივილი, ჯანმრთელობის დაზიანება და სიკვდილიც კი. საქართველოში ყოველწლიურად იღუპებიან ქალები და ახალშობილი ბავშვები  მშობიარობით გამოწვეული გართულებებისაგან.  ამ ფატალურ შემთხვევებს ხელს უწყობს როგორც მომსახურების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, ასევე  ჯანდაცვის პროვაიდერთა არასაკმარისი უნარი, აღმოაჩინონ და მართონ გართულებები და სათანადო მომსახურება გაუწიონ ქალებსა და მათ ახალშობილ შვილებს.

 

ფეხმძიმობით და მშობიარობით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად გადამწყვეტია, რომ ხარისხიანი მომსახურება ეფექტიანად იქნეს გაწეული შინამეურნეობიდან რეფერალურ ცენტრამდე და მოიცავდეს დედათა და ახალშობილთა ყველა სახის მომსახურებას, მათ შორის ფეხმძიმობასთან დაკავშირებული გართულებების დროულ აღმოჩენას და სათანადო მართვას. ამგვარი მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ქალისა და მისი ახალშობილი ბავშვისათვის მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილის, ფეხმძიმობისა და მშობიარობის გარემოებებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა.

 

რეფერალის მკაფიო სტანდარტების არარსებობა, სათანადოდ აღჭურვილი საშუალო დონის სამშობიარო სახლების სიმცირე, პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლებობა და ტრანსპორტირების შესაბამისი საშუალებების შეზღუდული ხელმისაწვდომობა წარსულში ურარყოფით გავლენას ახდენდა მშობიარობის შედეგებზე.

 

2008 წელს, ბავშვის უფლებათა კომიტეტი ძალზე შეშფოთებული iyo ახალშობილთა სიკვდილიანობისა და დღენაკლული ბავშვების დაბადების მაღალი მაჩვენებლით, ასევე პრენატალური და პოსტნატალური ჯანდაცვის ზოგადი მდგომარეობით, განსაკუთრებით უმცირესობათა ჯგუფებში.

 

 

განხორციელებული საქმიანობა

 

სახელმწიფო ფარავს ანტენატალური მომსახურების საბაზო პაკეტს ყველა ქალისათვის, ხოლო ანტენატალური ჰოსიპტალიზაცია სუბსიდირებულია მხოლოდ სოციალურად ყველაზე დაუცველი ქალებისათვის. იგივე ვრცელდება მშობიარობის მომსახურებაზე - სახელმწიფო ფარავს სამშობიარო მომსახურებას ყველაზე დაუცველი ქალებისათვის, ხოლო  გართულებული მშობიარობის შემთხვევაში ყველა ქალს შეუძლია ისარგებლოს უფასო რეფერალური მომსახურებით. 

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ევროკავშირის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დააჩქარა კლინიკური მოვლის სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის პროცესი.  აგრეთვე, პერინატალური და ნეონატალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საბჭომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა, ისრაელის სამედიცინო ცენტრ „შებასთან“ პარტნიორობით,  2010 წელს დაიწყეს თხუთმეტწლიანი გენერალური გეგმის განხორციელება. სამედიცინო ცენტრი „შება“ უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას და კონსულტაციას, მათ შორის ახორციელებს ქვეყნის პერინატალური ჯანდაცვის სისტემის ყოვლისმომცველ ანალიზს და უძღვება მომსახურების მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და აკადემიურ სწავლებას. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო ხელს უწყობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ეფექტიანი პერინატალური სტრატეგიების ინტეგრაციას ჯანდაცის სექტორის მიმდინარე რეფორმაში (იხ. თავი „ბავშვთა ჯანმრთელობა“).

 

ეფექტიანი პერინატალური მომსახურების სასწავლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჯანდაცვის პროვაიდერთათვის მეცნიერულად დასაბუთებული პრაქტიკის სწავლება დედებისა და ახალშობილი ბავშვებისათვის მშობიარობის შედეგების გასაუმჯობესებლად. გაეროს ბავშვთა ფონდისა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, საბაზო და დიპლომის შემდგომი სასწავლო პროგრამა მეანობა-გინეკოლოგიაში გადაისინჯა და შესაბამისობაში მოვიდა მეცნიერულად დასაბუთებულ კლინიკურ წესებთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდებულ მიდგომებან. 2007 წლის ივნისიდან ხორციელდება ჰეპატიტი B-ს სკრინინგის პროგრამა ფეხმძიმე ქალებისათვის როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის მხარდაჭერით. ამასთანავე, დაინერგა პასიური იმუნიზაცია იმ ბავშვებისათვის, რომლებიც ჰეპატიტი B ვირუსით ინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფში არიან დადებითი ანტიგენის მქონე დედებისაგან. გაეროს მოსახლეობის ფონდი ხელს უწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული კვლევის ჩატარებას ხუთ წელიწადში ერთხელ და მოსახლეობის აღწერაში დედათა სიკვდილიანობის მეთოდოლოგიის ინტეგრაციას.  

 

 

შედეგები

 

მიუხედავად იმისა, რომ შეიმჩნევა დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება, აღნიშნული ტენდენციის შეფასება მაინც სირთულეებთან არის დაკავშირებული. გაეროს დედათა სიკვდილიანობის შეფასების უწყებათაშორისო ჯგუფი ვარაუდობს, რომ 2005 წელს დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ცოცხლად შობილზე 66 ფატალურ შედეგს შეადგენდა. რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის კვლევამ (RAMOS) 2006 წელს დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლად 52 დააფიქსირა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად,  2008 წელს დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 12 შეადგინა, თუმცა 2009 წელს იგი 52-მდე გაიზარდა. 

 

დედათა სიკვდილიანობის მონაცემების გაუმჯობესების მაჩვენებლად რეკომენდებულია  ჩაითვალოს იმ მშობიარობათა რაოდენობა, რომელიც ჯანდაცვის კვალიფიციურმა პერსონალმა მიიღო. ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა შეიმჩნევა. 

 

რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევების სამი სერიის მონაცემთა შედარების საფუძველზე ჩანს, რომ პრენატალური მომსახურებით სარგებლობის მაჩვენებელი 1999 წელს 91%-დან 2010 წელს 98%-მდე გაიზარდა. უფრო მეტი ქალი მიდის ექიმთან ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში. ფეხმძიმობის პერიოდში ექიმის კონსულტაციების რაოდენობამაც იმატა. 2005 წელს ფეხმძიმე ქალების 75%-ს ოთხი ან მეტი ვიზიტი ჰქონდა ექიმთან, ხოლო 2010 წელს ეს მაჩვენებელი 90%-მდე გაიზარდა. იმ ქალების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც პრენატალური მომსახურებით სარგებლობისას ულტრასონოგრაფია ჩაიტარეს 1999 წელს 60%-დან 2010 წელს 97%-მდე გაიზარდა. წლების განმავლობაში ულტრასონოგრაფიის გაკეთების დრომ ფეხმძიმობის უფრო ადრეულ ეტაპზე გადაინაცვლა (პირველი ტრიმესტრი).

 

დაწესებულებაში მშობიარობათა რაოდენობა 1999 წელს 92%-დან 99%-მდე გაიზარდა 2010 წელს. ამ მაჩვენებლის ზრდა მნიშვნელოვანწილად გამომდინარეობს კახეთის რეგიონში სახლში მშობიარობის შემთხვევების რაოდენობის კლებიდან. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე გაიზარდა საკეისრო კვეთის რაოდენობაც.  1999 წლის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მონაცემების თანახმად, საკეისრო კვეთის მაჩვენებელმა 6% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 13%-მდე გაიზარდა 2005 წელს და 23%-მდე - 2010 წელს. ამ მაჩვენებელის ზრდა მნიშვნელოვანი იყო ყველა რეგიონში, სამცხე-ჯავახეთის გარდა (9%). 

 

 

შემდეგი ნაბიჯები

 

საქართველოს მთავრობა აღიარებს პროგრესის დაჩქარების აუცილებლობას ქვეყნის მიერ დასახული ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად. ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობის სფეროში უკეთესი შედეგების უზრუნველყოფის მიზნით, პერინატალური და ნეონატალური სისტემის გასაუმჯობესებლად შემუშავებული 15–წლიანი სტრატეგიული გეგმა შემდეგ ღონისძიებებს მოიცავს:  

 

• პროფესიული განვითარება - სტანდარტიზებული სასწავლო პროგრამები ფორმალური სწავლების ყველა დონეზე გინეკოლოგებისათვის და პედიატრებისათვის/ნეონატოლოგებისათვის; ექიმებისა და ექთნების უნარების შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრა.

 

• პერინატოლოგიასა და ნეონატოლოგიაში ძირითადი საქმიანობისათვის პროტოკოლების შემუშავება კლინიკური გაიდლაინებისა და მეცნიერულად დასაბუთებული კლინიკური მომსახურების სტანდარტების საფუძველზე.

 

• პერინატალურ-ნეონატალური საინფორმაციო სისტემის შექმნა, მონაცემთა მოგროვებაზე, გადაცემასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებლობების დაწვრილებით გაწერის გზით.

 

• სტრატიფიცირებული ჰოსპიტალური პერინატალური და ნეონატალური მომსახურების ორგანიზაციის მოდელის შექმნა - სტრატიფიცირებული პერინატალური სისტემა, რომელიც მოიცავს ანტენატალურ მომსახურებას და დედათა და ნეონატალური მომსახურების სამ საფეხურს, რომელთაგან ყველა ურთიერთდაკავშირებულია სასწრაფო დახმარების რეგიონალურ დონეზე ფუნქციონირებადი და ცენტრალიზებულად მართვადი მომსახურებით.

 

• მშობიარობათა უმრავლესობის დიდ სამშობიარო სახლებში კონცენტრირება - მცირე სამშობიარო განყოფილებები უნდა არსებობდეს მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისას შორს მდებარე რეგიონებში.

 

• პროფესიონალური, ეფექტიანი და კარგად მართვადი სატრანსპორტო (სასწრაფო დახმარების) სისტემა.

 

• ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აპარატურის მოდერნიზაცია.

 

• ჯანმრთელობის შესახებ ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამები, გენდერული ფაქტორის გათვალისწინებით, ქალების, ოჯახებისა და თემებისათვის.

 

• დედასა და ბავშვზე ზრუნვის მოდელის შემუშავება და დანერგვა იზოლირებულ და ნაკლებად დასახლებულ რეგიონებში.

 

• ყველა ფეხმძიმე ქალისათვის დედათა და ახალშობილთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ხელმისაწვდომ ფასად.

 

• პერინატალური მომსახურების ხელმისაწვდომობაზე პრივატიზაციის გავლენის მონიტორინგი. 

 

 „ფეხმძიმობისა და მშობიარობის გართულებები კვლავაც რჩება ახალგაზრდა ქალთა და ახალშობილთა სიკვდილიანობისა და უნარშეზღუდულობის მიზეზად  - სიკვდილიანობისა, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული. საზოგადოება ვალდებულია, გამოიყენოს ყველა არსებული მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომა ამგვარი პრევენცირებადი სიკვდილიანობის აღსაკვეთად...“ 

 

ჟუჟანა ჯაკაბი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი ევროპაში

 

Join / Follow / Connect