ბავშვები საქართველოში
იმუნიზაცია

 
 © იუნისეფი/საქართველო/კანო

 

საკითხი


წითელა სასიკვდილო დაავადებაა, თუმცა შესაძლებელია მისი თავიდან აცილება. იგი განსაკუთრებით საშიშია ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. წითელამ შესაძლოა არ გამოიწვიოს ლეტალური შედეგი, მაგრამ ხშირად იწვევს სიბრმავეს, სიყრუეს ან პნევმონიას. ვინაიდან წითელა ძალზე გადამდებია, ამ დაავადების მიმართ იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელი 90 პროცენტამდე მაინც უნდა იქნეს შენარჩუნებული. საქართველოს იმუნიზაციის ეროვნულმა პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წითელასა და იმუნიზაციით მართვადი ინფექციების გავრცელების შემცირებაში. თუმცა პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება იმუნიზაციით მართვადი დაავადებების ხელახალი გავრცელების საშიშროება. მაგალითად, 2010 წელს, ტაჯიკეთსა და ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოლიომიელიტის გავრცელებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბავშვების განსაკუთრებული დაუცველობა გეგმური იმუნიზაციის ქმედითი სისტემის არარსებობის შემთხვევაში. მთავარი გამოწვევა აცრებით მართვადი ყველა ინფექციის მიმართ იმუნიზაციით მოცვის მაღალი დონის შენაჩუნებაა.

 

საქმიანობა


იმუნიზაციის პროცესში მონაწილე ყველა ორგანიზაციას შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, 2000 წელს შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი. იგი შედგება ქვეყანაში ყველა ძირითადი პარტნიორის, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის, დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ვიშნევსკაია-როსტროპოვიჩის ფონდის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ წარმომადგენლებისაგან. ეტაპობრივად, შემოტანილ იქნა რიგი ახალი ანტიგენებისა: ვირუსული ჰეპატიტი B (2001წ.); კომბინირებული წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა (2004წ.), და ახალი დყტ–ბ ჰეპატიტი–ჰემოფილუს ინფლუენცას პენტავალენტური ვაქცინა 2010 წელს. იმუნიზაციის სფეროში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად განხორციელდა მასობრივი იმუნიზაციის კამპანიები: პოლიომიელიტი (2000-2001წწ.), დიფთერია/ტეტანუსი (2000-2001წწ.),  ჰეპატიტი B (2000-2001წწ.) და წითელა/ყბაყურა (2008წ.).


მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, მაგალითად,  ევროპის იმუნიზაციის ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში. 2007 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ჩაატარა ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული ფართომასშტაბიანი საინფორმაციო–საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანს დროული იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება წარმოადგენდა. კვლევის შედეგების თანახმად, დროული იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელი სამი სამიზნე ანტიგენისათვის საშუალოდ 16%-ით გაიზარდა. თუმცა, ამავე კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთაგან ყოველ მეექვსე დედას მიაჩნია, რომ იმუნიზაცია უსაფრთხო არ არის. 


იმუნიზაციის პროგრამის დაფინანსებაში საქართველოს მთავრობის წილი 2005 წელს არსებული 19%-დან 2009 წელს 97%-მდე გაიზარდა. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების Rotavirus -ით (100-ზე მეტი ლეტალური შედეგი 2006 წელს) და სტრეპტოკოკული პნევმონიით  (160-ზე მეტი ლეტალური შედეგი 2000 წელს) გამოწვეული სიკვდილიანობის  შესამცირებლად, 2012-2013წწ. იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის ფარგლებში დაინერგება rotavirus-ისა  და პნევმოკოკური პნევმონიის ვაქცინები. ახალი ვაქცინების შემოტანისათვის აუცილებელია ვაქცინაციის ეროვნული კალენდრისა და მეთვალყურეობის პროგრამის (GEOVAC) გადასინჯვა და ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთა გადამზადება. შეიქმნა „ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი“, რომელშიც მოცემულია ის საბაზო ინფორმაცია მშობლებისა და მზრუნველებისათვის, რომელიც 0-6 წლმადე ასაკის ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების ძირითად საკითხებს შეეხება. დოკუმენტი მოიცავს იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარს და ბავშვის იმუნიზაციის ინდივიდუალურ ბარათს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დაბადების რეგისტრაციის სისტემის მეშვეობით, ახალბედა მშობლებს ავტომატურად ეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ წაიყვანონ ბავშვი აცრებზე. 


შედეგები


უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა იმუნიზაციით მოცვა. იგი სტაბილური იყო 90%-ზე მეტ შემთხვევაში სხვადასხვა ვაქცინისათვის  (ბცჟ , დყტ3 , წითელა და პოლიომიელიტი). 2002 წელს საქართველო პოლიომიელიტისაგან თავისუფალ ზონად იქნა აღიარებული. წითელით დაავადების შემთხვევები 2004–5 წლებში 8391–დან 2010 წელს 22 შემთხვევამდე შემცირდა.


მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა ვაქცინების ცენტრალურ საწყობ–მაცივარში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 2009 წელს შეინიშნებოდა წითელას, ხოლო 2010 წელს – პოლიომიელიტის ვაქცინის ნაკლებობა. ამის მიზეზები კი შესაძლოა ყოფილიყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გაჩენილი ინსტიტუციური მეხსიერების დეფიციტი და მთავრობის მიერ ვაქცინების პირდაპირ შესყიდვაზე ნაადრევი გადასვლა.


2010 წელს 65 უბნიდან თერთმეტმა განაცხადა დყტ3 ვაქცინით  80%-ზე ნაკლები მოცვის და აუცრელი მოსახლეობის მაღალი მაჩვენებლის შესახებ. აუცილებელია დამატებითი ძალისხმევა ძნელად მისაღწევ რეგიონებში მცხოვრები ჯგუფების ვაქცინაციისათვის. 2008 წელს პირველადი ჯანდაცვის მომსახურების 1000-ზე მეტ მიმწოდებელთან ხელშეკრულებების პირდაპირი გაფორმება და ორგანიზაციისა და მომსახურების მიწოდების სფეროში მომხდარი ცვლილებები, შესაძლოა, ნაწილობრივ იყოს მიზეზი იმუნიზაციით მოცვაში არსებული ხარვეზებისა.


ამასთანავე, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან ხელშეკრულებების პირდაპირ გაფორმებას მოჰყვა პრობლემები სიცოცხლეშენარჩუნებულ ახალშობილთა რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით (ეს მონაცემები გამოიყენება, როგორც დენომინატორი იმუნიზაცით მოცვის მაჩვენებლისათვის). 2010 წელს სიცოცხლეშენარჩუნებულ ჩვილ ბავშვთა რაოდენობა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხულ  ახალშობილთა რაოდენობის მიხედვით და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელის გათვალისწინებით, 3000 ახალშობლით მეტი იყო ბავშვთა იმ რაოდენობასთან შედარებით, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სამსახურებმა ერთობლივად მიაწოდეს იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამას. ამდენად, იმუნიზაციის გეგმური პროგრამით მოცვა უფრო დაბალი იქნება, თუ დენომინატორად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებს გამოვიყენებთ.


შემდეგი ნაბიჯები


იმისათვის, რომ იმუნიზაციით ყველა ბავშვი იყოს მოცული, აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

• დაიხვეწოს ვაქცინაციის პროგნოზირებისა და ვაქცინების შესყიდვების პროცესი უწყვეტი მომარაგების უზრუნველსაყოფად.

 

• ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს საინფორმაციო კამპანია პოლიომიელიტის წინააღმდეგ ვაქცინაციის  აუცილებლობის შესახებ, რათა საქართველომ შეინარჩუნოს პოლიომიელიტისაგან თავისუფალი ზონის სტატუსი. 

 

• პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაში სისტემურ დონეზე დაინერგოს იმუნიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგია.

 

• შეფასდეს პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების არსებული წესისა და ხარისხის გავლენა იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაზე.

 

• მუდმივი მონიტორინგისა და მხარდაჭერის გზით ამაღლდეს პირველადი ჯანდაცვის პერსონალის, განსაკუთრებით ექთნებისა და ოჯახის ექიმების, კვალიფიკაცია იმუნიზაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

• იმუნიზაციით მოცვის არსებული მდგომარეობის შესაფასებლად ჩატარდეს იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის კლასტერული კვლევა.

 

• გაძლიერდეს მონტორინგი მეთვალყურეობის სისტემის ინდიკატორებზე.

 

• სრულად განხორციელდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის შედეგად უკუჩვენებათა სახელმძღვანელო პრინციპები (AEFI).

 

• ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში დაინერგოს ნარჩენების მართვის სათანადო პრაქტიკა.

 

• განხორციელდეს იმუნიზაციის რუტინული მომსახურების ხელმისაწვდომობაზე პრივატიზაციის გავლენის მონიტორინგი.

 


„იმუნიზაციამ უკვე ჩაუყარა საფუძველი  ჯანმრთელობის თვალსაზრისით მეტი თანასწორობის მიღწევას, მაგალითად, პოლიომიელიტისა და წითელას კამპანიებმა, შესაძლოა, ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად გამიზნულ სხვა პროგრამებსაც გაუკვალოს გზა.“

 

ენტონი ლეიკი, აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს ბავშვთა ფონდი

Join / Follow / Connect