ბავშვები საქართველოში
იძულებით გადაადგილებული ბავშვები

© იუნისეფი/საქართველო/ვოლპე

 

საკითხი

 

1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მომხდარმა კონფლიქტებმა  მეოთხედ მილიონზე მეტი ადამიანის იძულებით გადაადგილება გამოიწვია. იძულებით გადაადგილება მოჰყვა 2008 წელს შეიარაღებულ კონფლიქტს რუსეთთანაც. ეთნიკურად ქართველების უმრავლესობას, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სახლ-კარი ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და მანამდე აფხაზეთში, შინ დაბრუნების შესაძლებლობა არ მიეცათ, გარდა 2008 წელს შიდა ქართლიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში სულ 256,528 იძულებით გადაადგილებული პირი იყო, მათგან 65,412 პირი - 18 წლამდე ასაკის. იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა წარმოშობით აფხაზეთიდან არის. მათი 60 პროცენტი თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში ცხოვრობს.


იძულებით გადაადგილებული ბავშვები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან:  ძალზე მძიმე პირობებში ცხოვრობენ, გადაადგილების ფსიქოლოგიურ ტრავმას განიცდიან, ვინაიდან არ არიან ადგილზე სრულად ინტეგრირებულნი და სოციალური სტიგმის წინაშე დგანან, რომელიც არასრულფასოვნების შეგრძნებას აღვივებს და დამატებით იზოლაციას იწვევს . ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ 2010 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იძულებით გადაადგილებული ბავშვები ამჟამად ნაკლები ალბათობით ექვემდებარებიან დისკრიმინაციას, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. თუმცა ამ კონკრეტული ჯგუფის არსებული მდგომარეობის თანმიმდევრული ანალიზისათვის საჭიროა მეტი ინფორმაცია .


2008 წელს ბავშვის უფლებათა კომიტეტი კვლავ შეშფოთებული იყო იმის გამო, რომ იძულებით გადაადგილებული ბავშვები... კვლავ სერიოზულ სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებას განიცდიან, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მათთვის საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და განათლების შეზღუდული მისაწვდომობა, ასევე ამ ბავშვებზე მათი გადაადგილების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეგავლენა. გარდა ამისა, კომიტეტს აშფოთებს ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის არსებული ცალკე სკოლების პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა.


განხორციელებული საქმიანობა


1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ იძულებით გადაადგილებულ პირებს გადაადგილების მომენტისათვის არსებული შენობები შესთავაზა. ამჟამად, ამ იძულებით გადაადგილებულ პირთა 60 პროცენტი ნათესავებთან, ნაქირავებ ან საკუთარ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს, ხოლო მათი 40 პროცენტი კვლავ კოლექტიურ ცენტრებში რჩება, რომლებიც ყოფილ საავადმყოფოებში, სასტუმროებში, სკოლებსა და სხვა შენობებშია განლაგებული. ამ კოლექტიურ ცენტრებში არსებული საცხოვრებელი პირობები ხშირად ძალზე მძიმეა: ისინი თითქმის 20 წელია არ შეკეთებულა, მჭიდროდ ჩასახლებული და ამორტიზებულია, აქვს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მოძველებული სისტემები.


2008 წელს იძულებით გადაადგილებულთა ახალი ნაკადის შემდეგ, იძულებით გადაადგილებული პირები სწრაფად ჩაასახლეს სპეციალურად აშენებულ 38  დასახლებაში  მდებარე კოტეჯებსა და გარემონტებულ ბინებში. თუმცა, ზოგიერთი მათგანი (უმეტესად არაოფიციალურად) კვლავ კოლექტიურ ცენტრებსა და კერძო ფართებში ცხოვრობს.


2007 წელს საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო სტრატეგიის მიღებით თავის პოლიტიკაში ცვლილება შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება პირვანდელ საცხოვრებელ ადგილებში, მათი დასახლების საბოლოო ვარიანტად რჩებოდა, სტრატეგია აგრეთვე ითვალისწინებდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილებში ინტეგრაციას. თუმცა 2008 წლის შემდეგ მთავრობამ აღიარა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება უახლოეს მომავალში შესაძლოა ვერ მოხერხდეს და ამდენად თავისი სამოქმედო გეგმები შესაბამისად შეცვალა. მთავრობამ გამოავლინა თავისი მზარდი სურვილი ინვესტიციები განახორციელოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციაში; მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში; მათი სახელმწიფოზე დამოკიდებულების ხარისხის შემცირებასა და მათგან ყველაზე დაუცველთა სახელმწიფოს სოციალური დახმარების პროგრამებში ინტეგრირებაში. ამასთანავე, მთავრობამ სტრატეგიის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი რესურსის მობილიზაცია მოახდინა და კოორდინირება გაუწია საქმიანობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან. თავის პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ შეაკეთა კოლექტიური ცენტრები; იძულებით გადაადგილებულ პირებს კოლექტიურ ცენტრებში მათთვის გამოყოფილი ფართის პრივატიზაცია შესთავაზა; ახალი საცხოვრებელი ააშენა და საცხოვრებლის ნაცვლად იძულებით გადაადგილებულ პირებს ფულადი ანაზღაურება შესთავაზა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის ბოლოსათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით ახალ დასახლებაში, ან რეაბილიტირებულ და პრივატიზებულ ყოფილ კოლექტიურ ცენტრში სულ 15,979 იძულებით გადაადგილებული პირი იქნა უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, 2,040-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო ფულადი დახმარება თავიანთი საცხოვრებლის საჭიროების დასაკმაყოფილებლად . 1990-იან წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 500-მდე კოლექტიურ ცენტრში საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების  გადაცემა 2009 წლის თებერვალში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს.


2010 წლის ზაფხულში 1,000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი კოლექტიური ცენტრებიდან თბილისში მდებარე დროებით თავშესაფრებში გადაასახლეს, რომლებიც საპრივატიზაციოდ განკუთვნილი არ არის.  სტატუსის მიხედვით, ზოგიერთ მათგანს  ალტერნატიული საცხოვრებელი, ან ფულადი კომპენსაცია შესთავაზეს. მთავრობის მიერ განხორციელებულმა განსახლებამ და მასთან დაკავშირებულმა გამოსახლებამ იძულებით გადაადგილებული პირების მხრიდან მნიშვნელოვანი უკმაყოფილება და რამდენიმე საპროტესტო აქციაც კი გამოიწვია, რომლებიც ძირითადად  შემოსავლის წყაროს დაკარგვის შიშთან იყო დაკავშირებული. შემდგომში მთავრობამ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთად სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შესამუშავებლად, რომელთა მიზანსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა წარმოადგენს, ეს პროცესი შეაჩერა. აღნიშნული პროცედურების შემუშავება 2010 წლის ბოლოს დასრულდა.


ორივე ჯგუფის (ძველი და ახალი) წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებული პირები ყოველთვიურ ფულად დახმარებას იღებენ, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო გასცემს. 2009 წლის ბოლოსათვის ამ შეღავათით სულ 218,117 პირი სარგებლობდა. გარდა ამისა, ორივე ჯგუფის იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გათვალისწინებულია საყოფაცხოვრებო დახმარება 100 კვ/სთ-ის ოდენობით თითო შინამეურნეობაზე (უახლოეს წარსულამდე, ეს დახმარება შეზღუდული იყო). 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მაისამდე პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტომ  კოლექტიურ ცენტრებში დასახლებისას, მათ დასახმარებლად 18,000 შინამეურნეობაზე 200 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება გასცა. თუმცა, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი ფულადი დახმარების ღარიბი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების ფულადი ტრანსფერების პროგრამასთან ჰარმონიზაციისას, გარკვეული პრობლემები წარმოიშვა. საბოლოო მიზანია სოციალური დახმარების განსაზღვრისას პრიორიტეტი მიენიჭოს საჭიროებების შეფასებას, ვიდრე კატეგორიებსა და პოლიტიკურ გარემოებებს. ამჟამად იძულებით გადაადგილებულ შინამეურნეობებს ეძლევათ არჩევანის საშუალება მიიღონ იძულებით გადაადგილებული პირებისათვის განკუთვნილი შეღავათი, ან მიზნობრივი სოციალური დახმარება, თუმცა არა ორივე.

 

შედეგი


მთავრობამ ახალი ჩასახლებები 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ოთხ თვეზე ნაკლებ ვადაში ააშენა. ისინი  6,000 საცხოვრებელი ფართისაგან და ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სისტემებისაგან შედგებოდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი კარგად იყო ორგანიზებული. თუმცა, ახალ ჩასახლებებს კვლავ ესაჭიროება წყალმომარაგებისა და სანიტარული დამატებითი სისტემები  და მომსახურება.


მიუხედავად იმისა, რომ იძულებით გადაადგილებული ბევრი პირის საცხოვრებელი პირობები ზოგადად გაუმჯობესდა,  კოლექტიურ ცენტრებში სარემონტო სამუშაოების ხარისხსა და საკუთრების კრიტერიუმებში გარკვეული შეუსაბამობები გამოიკვეთა. იძულებით გადაადგილებულ ბევრ პირს, რომელმაც ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთები 2010 წლის ბოლოსათვის მიღებული არ ჰქონდა.


ამასთანავე, სათანადო საცხოვრებელთან დაკავშირებული პობლემების გარდა, იძულებით გადაადგილებული პირები ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობას განიცდიან და  ჯანდაცვის მომსახურებისა და განათლების უკეთეს ხელმისაწვდომობასაც საჭიროებენ.


2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული ბავშვების 99 პროცენტი სამი თვის ვადაში ჩაირიცხა ახალ სკოლაში. თოთხმეტი სპეციალური აფხაზური საჯარო სკოლა (იძულებით გადაადგილებულ პირთა სკოლები), რომლებიც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ანგარიშშიც მოხვდა, კვლავ არსებობს. ისინი მეტწილად მოიცავს ბავშვებს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებიდან  (მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მოსწავლე ბავშვების უმრავლესობა გადაადგილების შემდეგ დაიბადა). აფხაზურ საჯარო სკოლებში მოსწავლე ბავშვებსა და ადგილობრივ საჯარო სკოლებში მოსწავლე ბავშვებს შორის აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით აშკარა განსხვავებები არ იკვეთება. თუმცა განსხვავება შეიმჩნევა უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ჩარიცხვის მაჩვენებლის თვალსაზრისით. აფხაზური საჯარო სკოლები, შეკეთების საჭიროების კუთხით, აგრეთვე გაცილებით უარეს მდგომარეობაშია.


ზოგადად, იძულებით გადაადგილებული ბავშვების საცხოვრებელი პიროებები მძიმეა. იძულებით გადაადგილებული ოჯახების საშუალო შემოსავალი მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე საქართველოს სხვა ოჯახებისა. კვლავ აუცილებელია უკეთესი წარმოდგენის შექმნა იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის იძულებით გადაადგილებით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის, შესახებ ინფორმაცია მწირია.

 

შემდეგი ნაბიჯები


იმისათვის, რომ განსაკუთრებით დაუცველი იძულებით გადაადგილებული პირები, მათ შორის ბავშვები, უკეთ იქნენ უზრუნველყოფილნი სათანადო დაცვითა და დახმარებით, რეკომენდებულია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:


• იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის დაუცველი ჯგუფების საჭიროებების გამოვლენა და პრიორიტეტების განსაზღვრა, თავად იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობითა და აზრის გათვალისწინებით;


• პრობლემების მოგვარების მუდმივი მონიტორინგი საერთაშორისო კოორდინაციასა და მხარდაჭერასთან ერთად;


• იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის, ახალგაზრდებისა და ქალების მიერ მართული შინამეურნეობებისათვის უკვე გაწეული მომსახურების ყოვლისმომცველი შეფასება და არსებულ მომსახურებებში არსებული ნაკლოვანებების გამოვლენა;


• იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, განსაკუთრებიღ ბავშვებისა და ქალებისათვის, გაწეული დახმარების ანალიზი; წარმატებული და წარუმატებელი პრაქტიკის გამოვლენა; იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;


• ისეთი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სტატუსზე დაფუძნებული დახმარების შეცვლას საჭიროებებზე დაფუძნებული დახმარებით; ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაცია;


• ინვესტირება შემოსავლის წყაროების განვითარებაში, მათ შორის კერძო სექტორში;


• იძულებით გადაადგილებული ბავშვების, ახალგაზრდებისა და ქალების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური მომსახურებისას (მაგ. ჯანდაცვა, უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ჩარიცხვა და სხვ.) უთანასწორობის აღმოსაფხვრელად;


• იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და დახმარებისა და განვითარების პროექტებში ადგილობრივ მოსახლეობის ჩართვა.


„...იძულებით გადაადგილებული ბავშვები..ისინი ხშირად არ მიიჩნევიან საზოგადოების აქტიურ წევრებად...ადრეული ასაკიდან კი სწორედ ეს ბავშვები არიან, ვისი მხარდაჭერისა და დახმარების იმედიც  აქვს მათი ოჯახებისა და თემების უმრავლესობას. გმირები ყველა ასაკში შეიძლება იყვნენ, თუმცა ყოველთვის განსაკუთრებული მდგომარეობების დროს..“

ვალტერ კალინი, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებების შესახებ

 

Join / Follow / Connect