ბავშვები საქართველოში
კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები

© იუნისეფი/საქართველო/ამურველაშვილი

 

აკითხი

 


ბავშვები, შეძლებისდაგვარად, განრიდებულნი უნდა იქნენ  მართლმსაჯულების სისტემიდან და თავისუფლების აღკვეთა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით. თუმცა, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მსჯავრდებულ ბავშვთა რაოდენობა 100%-ზე მეტად გაიზარდა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის განხორციელების გამო, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების მთლიან სისტემაზე ვრცელდებოდა. მას შემდეგ საქართველოში დაინერგა განრიდების პროგრამა და მსჯავრდებისა და თავისუფლების აღკვეთის სხვა ალტერნატივები. მთავრობამ  პირველი ნაბიჯები გადადგა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს სათანადო კვალიფიკაცია ჰქონდეთ ისეთ საქმეებზე სამუშაოდ, რომლებიც მოზარდებს შეეხებათ.

2008 წელს კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სისხლის სამართლის სისტემის ფარგლებში სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდებოდა და მათ მიმართ გამოიყენებოდა საპატიმრო ზომები და სასჯელები; არ არსებობობდა არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე სასამართლოები;  არ არსებობდა ქმედითი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფდა პატიმრობაში მოთავსებას უკიდურესი ზომის სახით და რაც შეიძლება მოკლე ვადით; და ხშირად ხდებოდა დანაშაულის სიმძიმის არაპროპორციულად ხანგრძლივი განაჩენის გამოტანა; არ არსებობდა ისეთი სათემო პროგრამები, რომლებიც სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის ალტერნატივას წარმოადგენს; გადაჭარბებულად ხანგრძლივი იყო წინასწარი პატიმრობა და ამ პერიოდის განმავლობაში მნახველები შეზღუდულად დაიშვებოდნენ; თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იყო მძიმე პირობები; და არ არსებობდა არასრულწლოვან კანონდამრღვევთათვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის პროგრამები.


განხორციელებული საქმიანობა


საქართველოს მთავრობამ მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2013 წლებისათვის, რომელიც მიმართულებას აძლევს ამ სექტორში განხორციელებულ რეფორმას. სასჯელაღსრულების სისტემაში არასრულწლოვანთა მიმართ დაინერგა სრულიად ახლებური მიდგომა, მათ შორის შემოღებულ იქნა მსჯავრდებულ არასრულწლოვანთათვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმები, რომლებიც მათ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას უწყობს ხელს. განხორციელდა არასრულწლოვანთა საცხოვრებელი და სასწავლო ოთახების რეაბილიტაცია და აღჭურვა. მიღებულ იქნა პატიმრობის ახალი კოდექსი, რომელიც მოიცავს ახალგაზრდების განათლების, დასვენებისა და შინაარსიანი საქმიანობის უფლებას. პრობაციის სააგენტომ  დაიქირავა და გადაამზადა არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე პრობაციის ოფიცრები ქვეყნის მასშტაბით ყველა ოფისისათვის. 


იუსტიციის სამინისტრომ და სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ აღიარეს  სამართლებრივი ღონისძიებების, როგორც უკიდურესი ზომის, გამოყენების აუცილებლობა და მოახდინეს მართლმსაჯულების სისტემიდან განრიდების ეროვნული მექანიზმების პილოტირება საქართველოს ექვს დიდ ქალაქში ისეთი ბავშვებისათვის, რომლებმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. სავარაუდოდ, განრიდების სქემების გამოყენების გზით ბრალდებულ და/ან მსჯავრდებულ ბავშვთა რაოდენობა 33%-მდე შემცირდება.


ევროკავშირი და ნიდერლანდების მთავრობა განაგრძობს საქართველოს მთავრობის ფინანსურ და ტექნიკური დახმარებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების მიზნით.

 

შედეგები


მსჯავრდებულ ბავშვთა რაოდენობამ 2008 წელს მაღალ მაჩვენებელს - 1166-ს მიაღწია, თუმცა ეს რიცხვი მას შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში პირობით სასჯელს 500-600 ბავშვი იხდიდა. კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისადმი ინდივიდუალური გეგმების გამოყენება სულ უფრო ხშირად ხდება როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე პრობაციაშიც. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დაწესებულებებში შეიქმნა სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის სამსახური. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით აღნიშნულ დაწესებულებებში მუშაობს 20 სოციალური მუშაკი და 5 ფსიქოლოგი, რომლებმაც სპეციალური სწავლება გაიარეს. რეფორმის განხორციელებისას მიღწეულმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა აქცენტი უკვე ბავშვების მართლმსაჯულების სისტემიდან განრიდებასა და დანაშაულის „პრევენციაზე“ გაკეთებულიყო, რაც გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მოსვლამდე ბავშვებისათვის შესაბამისი მომსახურების მიწოდებასა და დახმარებას.


განრიდების პროგრამის ფარგლებში 35–ზე მეტი ბავშვი წარმატებით იქნა განრიდებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან. პრობაციის ბიუროებში მომუშავე სოციალური მუშაკები ბავშვებს ეხმარებიან განრიდების პირობების განსაზღვრაში. შეთანხმებული პირობების შესრულების შემდეგ ბავშვის საქმე მთლიანად იხურება.  გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მსჯავრდებული ბავშვების უმრავლესობას საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს პროგრამა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვებს, რომლებიც შეცდომას დაუშვებენ, არ დაედოთ მსჯავრი და ნასამართლობის ჩანაწერი არ დარჩეს საქმის მასალებში მთელი ცხოვრების განმავლობაში. 


დაახლოებით 500-მა პროფესიონალმა - მოსამართლეებმა, პროკურორებმა და ადვოკატებმა გაიარეს სწავლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პირობით  ვადამდე განთავისუფლებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა საკმაოდ დაბალი იყო (2008 წელს მხოლოდ 4 არასრულწლოვანი იქნა განთავისუფლებული); თუმცა მდგომარეობა გაუმჯობესდა.  არასრულწლოვანთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ახლად შექმნილმა საბჭომ თავისი მუშაობის პირველი 5 თვის განმავლობაში (2010 წლის ნოემბერი - 2011 წლის მარტის პერიოდში) 8 არასრულწლოვანი გაანთავისუფლა.

 

შემდეგი ნაბიჯები


მიღწეული პროგრესის მიუხედავად, აუცილებელია რეფორმების შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია და ყურადღების გამახვილება პრევენციაზე, განრიდებასა და სხვა ღონისძიებებზე, რომლებიც შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის ალტერნატივები. აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:


• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ყველა სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება განსაკუთრებული აქცენტით პროფესიულ ინსტიტუტებზე, მთავრობასა და აკადემიურ წრეებზე.


• სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმების შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის მონიტორინგი და მხარდაჭერა.


• პრობაციის სფეროში რეფორმების გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ პრობაციის ყველა ბიუროს  ჰყავდეს არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე სპეციალურად მომზადებული პროფესიონალი და რომ დიდი ზომის პრობაციის ბიუროებში მუშაობდნენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.


• ამუშავდეს ქმედითი სათემო სამსახურები ბავშვთა ძირითადი უფლებების გათვალისწინებით.


• მედიაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების დანერგვა განრიდების მექანიზმის ფარგლებში.


• პრევენციის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ასევე უზრუნველყოფს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ჩართვას საკითხთა იმ უფრო ფართო არეალის დასაფარად, რომელიც რისკის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს შეეხება.


 „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში ყურადღება უნდა გამახვილდეს პრევენციულ სტრატეგიაზე, რაც ხელს შეუწყობს ყველა ბავშვის წარმატებულ სოციალიზაციასა და ინტეგრაციას, განსაკუთრებით ოჯახის, თემის, თანატოლთა ჯგუფების, სკოლების, პროფესიული განათლებისა და სამუშაოს მეშვეობით“.


გაეროს სტრატეგია ბავშვთა მართლმსაჯულების მიმართ – გენერალური მდივნის სახელმძღვანელო პრინციპები 

Join / Follow / Connect