ბავშვები საქართველოში
კვება
© UNICEF/GEO

© იუნისეფი/საქართველო/ბლაგონრავოვა

 

საკითხი


სრულფასოვანი კვება უმნიშვნელოვანესია ყოველი ბავშვისათვის ცხოვრების საუკეთესო დასაწყისის უზრუნველსაყოფად. არასაკმარისი კვება მხოლოდ საკვების ნაკლებობას არ გულისხმობს და შემდეგი ფაქტორებითაცაა გამოწვეული: არასაკმარისი ცილები, ენერგია და მიკროელემენტები, ხშირი ინფექციები ან დაავადება, არასათანადო მოვლა და კვების რეჟიმი, ჯანდაცვის არასათანადო მომსახურება, უხარისხო წყალი და სანიტარიული პირობები. არასაკმარის კვებასთან ბრძოლის ძირითადი საშუალებებია: შესაბამისი დიეტა, რომელიც გულისხმობს ძუძუთი კვების დაუყოვნებლივ დაწყებას მშობიარობის შემდეგ და ექსკლუზიურად ძუძუთი კვებას პირველი ექვსი თვის განმავლობაში, შემდეგ კი ძუძუთი კვების გაგრძელებას ასაკის შესაფერის დამატებით საკვებსა და მიკროელემენტებთან ერთად; დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; სათანადო მოვლა და კვების ჯანსაღი წესი. ბევრი დედა ძუძუთი კვებას ადრე წყვეტს და ხშირად ჩქარობს ბავშვის ხელოვნურ საკვებზე გადაყვანას, რამაც შესაძლოა ზრდაში ჩამორჩენა და მიკროელემენტების ნაკლებობა გამოიწვიოს. საქართველოში პურის მოხმარების მაჩვენებელი საკმარისზე მაღალია, რათა მიკროელემენტებით ფორტიფიცირების საშუალებად ხორბლის ფქვილი გამოვიყენოთ.


მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ მშობელთა ინფორმირებულობა ჯანსაღი კვების საკითხების შესახებ ერთ-ერთ ძირითად  ფაქტორს წარმოადგენს ბავშვის სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფისათვის.

 

საქმიანობა


2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“.  კანონი კრძალავს საქართველოში არაიოდირებული მარილის იმპორტირებას, გაყიდვას და განსაზღვრავს მექანიზმებს ქვეყანაში საკვების ფორტიფიცირებისათვის. ამასთანავე, 2006 წლიდან საქართველო ახორციელებდა ხორბლის ფქვილის რკინით და ფოლიუმის მჟავით ფორტიფიცირების  პროგრამას. თუმცა აღნიშნული პროგრამის ქვეყნის მასშტაბით განხორციელებას ბევრი ხარვეზი ჰქონდა. ამასთანავე, ფქვილის ფორტიფიცირება ჯერჯერობით სავალდებულო არ არის.


ჯანსაღი კვება საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2010-2015 წლების სტრატეგიის თანახმად აღიარებულია რვა პრიორიტეტული მიმართულებიდან ერთ-ერთ საკითხად. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ხელი უნდა შეეწყოს ჯანსაღ კვებას, ბავშვთა და დედათა კვების ჩათვლით. 2011 წელს, საქართველოს პირველი ლედის ეგიდით დაიწყო ჯანსაღი ცხოვრების wesის პოპულარიზებისაკენ მიმართული კამპანია.  ბავშვთა კვების ზოგიერთი ძირითადი ელემენტი შესულია სკოლის ახალ სასწავლო პროგრამაში.


ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის მაღალი გავრცელების აღსაკვეთად, გადაისინჯა ფეხმძიმობის შემდგომი პერიოდის კლინიკური სტანდარტები. ფოლიუმის მჟავის მიღება რეკომენდებულია ჩასახვამდე 6 კვირით ადრე და ფეხმძიმობის მეცამეტე კვირამდე. 2009 წელს ჩატარდა ეროვნული ნუტრიციული კვლევა, რომლის მონაცემებიც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ კუთხით და წარმოადგენს საფუძველს პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრისთვის.

 


შედეგები


არასაკმარისი კვება - მცირეწონიანობა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემას არ წარმოადგენს. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში მცირეწონიანობის (დაბალი წონა ასაკთან შედარებით) გავრცელებამ 1,2% შეადგინა. არც gamofitva (დაბალი წონა სიმაღლესთან შედარებით) წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას (1,6%). ჭარბწონიანობა - ზედმეტი წონა ბავშვის სიმაღლესთან შედარებით და სიმსუქნე მცირეწლოვანი ბავშვების 20%-ში და რეპროდუქციული ასაკის არაფეხმძიმე ქალების 42%-ში დაფიქსირდა და ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ზრდაში ჩამორჩენა, როდესაც ბავშვის სიმაღლე ასაკთან შეუფერებლად მცირეა, 11%-ს შეადგენს. აზერბაიჯანული ეროვნების ბავშვებს ზრდაში ჩამორჩენის ბევრად უფრო მაღალი რისკი აქვთ (21%).


ძუძუთი კვება – ბავშვების ცამეტი პროცენტი არასოდეს უკვებიათ ძუძუთი. ექვს თვემდე ასაკის ბავშვების მხოლოდ დაახლოებით ნახევარი იკვებება ექსკლუზიურად ძუძუთი.  საშუალოდ, ბავშვებს ძუძუთი კვება 9-10 თვის ასაკში უწყდებათ. ძუძუთი კვება 12-14  და 20–23 თვემდე ასაკის ბავშვებში ძალიან იშვიათად გვხვდება. ძუძუთი კვებისა და დამატებითი საკვების სათანადო კომბინაციას ადგილი აქვს 24 თვემდე ასაკის ბავშვების მხოლოდ დაახლოებით ერთ–მესამედ შემთხვევაში.


მიკროელემენტები - საქართველოში  ანემია ჯანმრთელობის გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში  (23%), 15-49 წლის არაფეხმძიმე ქალებში (24%) და ფეხმძიმე ქალებში (27%). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ანემიის გავრცელების მაჩვენებელი მცირეწლოვან ბავშვებსა და ქალებში, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე მის მეზობელ ქვეყნებში, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უფრო მაღალია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. ანემია ყველაზე გავრცელებულია აზერბაიჯანული ეროვნების ბავშვებში (36%) და ქალებში (არაფეხმძიმე 31%, ფეხმძიმე 39%). ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში და 15-49 წლის ასაკის არაფეხმძიმე ქალებში რკინის ნაკლებობა იშვიათია და, ამდენად, იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ანემიის ძირითადი მიზეზი მოსახლეობის ამ ქვეჯგუფებში. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა 15-49 წლის ასაკის არაფეხმძიმე ქალებში საკმაოდ მაღალია (37%) სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც ჩატარდა კვლევები ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის შესასწავლად. ამჟამად, საქართველოში პურის ფორტიფიცირება არ ხდება რკინით ან ისეთი მიკროელემენტებით, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა. ქართული შინამეურნეობების მიერ მოხმარებული მარილი ამჟამად საკმარისად არის იოდიზებული.

შემდეგი ნაბიჯები


საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის, განვითარებისა და სრულფასოვანი კვების უზრუნველსაყოფად შემდეგი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს:


• ზრდაში ჩამორჩენა გათვალისწინებულ იქნეს კვებისა და ჯანმრთელობის პროგრამებში.

 

• გაძლიერდეს ძუძუთი კვების პოპულარიზაცია, გაუმჯობესდეს ცოდნა ძუძუთი კვებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

 

• ჩატარდეს შემდგომი კვლევები საქართველოში ანემიის მიზეზების დასადგენად.

 

• იმის გათვალისწინებით, რომ კვლევებით დასტურდება ფოლიუმის მჟავით ფორტიფიცირების ეფექტიანობა ახალშობილებში ნერვული მილის დეფექტების პროფილაქტიკის მიზნით,  ფეხმძიმე (და არაფეხმძიმე) ქალებს დამატებით მიეწოდოთ ფოლიუმის მჟავა საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად.

 

• გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს საკვების ფორტიფიცირებისაკენ მიმართული ღონისძიებები;   მოხდეს ხორბლის ფქვილის სავალდებულო ფორტიფიცირება და შემუშავდეს აღსრულებისა და მონიტორინგის მექანიზმები.

 

• აუცილებელია ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფარგლებში ყოვლისმომცველი საკომუნიკაციო კამპანიების ჩატარება.

 

• გაფართოვდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების მუშაობა სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის ახლად გამოვლენილ პრობლემებთან საბრძოლველად.

 

"ბავშვთა შიმშილი და სიმსუქნე მართლაც რომ ერთი მონეტის ორი მხარეა. ორივე მათგანი ჩვენს ბავშვებს ართმევს  ენერგიას, ძალას და გამძლეობას, რომელიც მათ სჭირდებათ სკოლაში და ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. მეორე მხრივ კი, ეს ჩვენს ქვეყანას მათი სახით ასეთ პერსპექტიულ პოტენციალს ართმევს."


აშშ-ს პირველი ლედი მიშელ ობამა

Join / Follow / Connect