ბავშვები საქართველოში
ოჯახის მზრუნველობას მოკლებული ბავშვები

 

© იუნისეფი/საქართველო/ჯაკომო პიროცი

 

საკითხი

 

ოჯახს განცალკევებული ყველა ბავშვის უფლებაა, მიიღოს სათანადო მზრუნველობა და დაცვა სახელმწიფოსაგან. დიდი ზომის დაწესებულებები ბავშვებისათვის ყველაზე ნაკლებ შესაფერისადაა აღიარებული საერთაშორისო დონეზე. სათანადო ალტერნატივები გულისხმობს მინდობით აღზრდას (ნათესავების ოჯახი პრიორიტეტულია) და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს, რომლებშიც 8-10 ბავშვი ცხოვრობს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, გამოწვევას წარმოადგენს იმ ბავშვების ალტერნატიული ზრუნვით უზრუნველყოფა, რომლებიც არიან ჩაგვრის, ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლნი, ან რომლებიც ძალადობის მნიშნელოვანი რისკის ქვეშ არიან. სიღარიბე, შეზღუდული შესაძლებლობები და ძირითადი მომსახურებების, როგორიცაა მაგ. განათლება, ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, არასოდეს არ უნდა იქცეს ბავშვის ოჯახიდან ჩამოშორების მიზეზად. 

 

2008 წელს ბავშვის უფლებათა კომიტეტი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ  სამზრუნველო დაწესებულებებში ბევრი ბავშვია მოთავსებული სათანადო მომსახურებისა და ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების ნაკლებობის გამო, ან სოციალური მომსახურების ალტერნატივებისა და ქმედითი დამცავი მექანიზმების არარსებობის გამო, და რომ ინტერნატებში მოთავსებულ ბავშვთა უმეტესობა ობოლი არ არის. 

 

 

განხორციელებული საქმიანობა

 

2008-2011წწ. ბავშვთა ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის თვალსაზრისით, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეგიდით ხორციელდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დეინსტიტუციონალიზაციის ძლიერ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ამუშავდა მინდობითი აღზრდის სისტემა და შეიქმნა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები, ასევე დაინერგა ბავშვის ოჯახთან განშორების პრევენციაზე გამიზნული მომსახურება. 2010 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  შეიმუშავა 2011-2012 წლების ორწლიანი სამოქმედო გეგმა საქართველოში ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების გამოყენების შესაჩერებლად. გეგმა ითვალისწინებს 72-მდე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის შექმნას, სადაც მხოლოდ 8-10 ბავშვი იქნება; მინდობით აღზრდის სისტემის გაუმჯობესებას;  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის დღის ცენტრების რაოდენობის 12–ით გაზრდას და სახელმწიფოს სოციალური სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებას. შეიქმნა ბავშვზე ზრუნვის საკოორდინაციო საბჭო ყველა შესაბამისი სამინისტროს, ძირითადი ორმხრივი დონორების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით რეფორმის ხელშეწყობისა და მასზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. 

 

ამჟამად სახელმწიფოს მიერ ხდება იმ 915 ბავშვის საჭიროებების შეფასება, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ზომის დაწესებულებებში რჩებიან. იგულისხმება, რომ მთავრობისა და დონორების დახმარებით, ამ ბავშვების 70%-მდე უსაფრთხოდ დაბრუნდება საკუთარ ოჯახში. დანარჩენი 30% კი განთავსდება მინდობით ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში, ან  გაშვილდება. დამატებით შეირჩა და გადამზადდა 50 სახელმწიფო სოციალური მუშაკი. ტრენინგის შემდეგ ისინი სხვადასხვა რაიონში გადანაწილდებიან, რათა აწარმოონ  ოჯახურ გარემოში ახლადგანთავსებული ბავშვების მონიტორინგი. შედეგად, სერტიფიცირებული სახელმწიფო სოციალური მუშაკების რაოდენობა 25%-ით გაიზრდება ქვეყნის მასშტაბით. 

 

ძირითადი დონორებისა და ისეთი ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური დახმარება, როგორებიცაა ევროკავშირი, აშშ საერთაშორისო განვითარების  სააგენტო და პოლონეთის მთავრობა, კვლავ უაღრესად აქტუალურია. 

 

 

შედეგები

 

ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების რაოდენობა 2005 წელს არსებული 4,100-დან 2011 წელს 915-მდე შემცირდა (ეს რაოდენობა არ მოიცავს დაახლოებით 1 300 ბავშვს, რომლებიც ეკლესიის ბაზაზე არსებულ ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ). ამავე პერიოდში ბავშვთა დაწესებულებების რაოდენობა 46-დან 18-მდე შემცირდა. მათი რაოდენობის შემცირება მეტწილად ოჯახზე დაფუძნებული ალტერნატივების გაფართოების ხარჯზე მოხდა, მათ შორის მნიშვნელოვანია მინდობით აღზრდა (2011 წელს მინდობით აღზრდაში 479 ბავშვი განთავსდა, როდესაც ეს რიცხვი 2005 წელს 129 იყო), სათემო დახმარება ოჯახებისათვის / დღის ცენტრები, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები (2011 წელს 17). 

 

 

შემდეგი ნაბიჯები

 

საქართველოში ბავშვებისათვის უსაფრთხო დეინსტიტუციონალიზაციის უზრუნველსაყოფად და ალტერნატიული სამსახურების გასაძლიერებლად, უნდა განხორციელდეს შემდეგი: 

 

• ბავშვის ოჯახისაგან განცალკევების პრევენციისათვის გამიზნული სამსახურების გაუმჯობესება, მათ შორის დღის ცენტრების გაფართოება. 

 

• ალტერნატიული ზრუნვის ყველა მომსახურების ზედამხედველობისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერება და სათანადო პრევენცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბავშვების 24-საათიანი ზრუნვის სისტემაში უსაფუძვლოდ მოხვედრა.

 

• ქვეყნის მასშტაბით პროფესიონალი სოციალური მუშაკების რაოდენობის შემდგომი ზრდა და სახელმწიფო სოციალური მუშაკების მართვისა და მათზე ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესება.

 

• მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების შესყიდვისა და აღჭურვის გაგრძელება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის.

 

• შერჩეული და სათანადოდ მომზადებული მინდობით აღმზრდელების რაოდენობისა და ხარისხის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით.

 

• სახელმწიფო და არასახელმწიფო სოციალური მუშაკების უნარების გაძლიერება, მათ შორის ჯანდაცვის დაწესებულებებში ახალშობილთა მიტოვების პრევენციის მიზნით.

 

• საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართვა ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის პროცესში.

 

„[ბავშვზე ზრუნვის] ეროვნული პოლიტიკის პირველი და უმნიშვნელოვანესი ელემენტი უნდა იყოს ბავშვის ოჯახთან განშორების პრევენცია.“

 

იააპ დოეკი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე

 

Join / Follow / Connect