ბავშვები საქართველოში
საშუალო განათლება

© იუნისეფი/საქართველო-2011/პიროცი


საკითხი

 


საშუალო სკოლა ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ესაა პერიოდი, როდესაც ბავშვი იქცევა მოზარდად, გადადის ზრდასრულობის ეტაპზე და როდესაც იგი იძენს იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც განსაზღვრავს ბავშვის მონაწილეობას შრომის ბაზარზე და მის წვლილს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.


გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ინფორმაციით, საშუალო სკოლაში ჩარიცხვის მთლიანი მაჩვენებელი 1999 წელს 79%-დან 2009 წელს 90,1%-მდე   გაიზარდა და არ აღნიშნულა გენდერული უთანასწორობა. თუმცა, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა უახლოეს წარსულში შეშფოთება გამოთქვა სკოლიდან ბავშვების გამოსვლის პროგრესულად მზარდი მაჩვენებლის გამო მაღალ კლასებში, განსაკუთრებით სოფლად.


მღელვარე გარდამავალმა პერიოდმა გავლენა იქონია საშუალო განათლების ხარისხზე. საქართველოში მე-8 კლასების მოსწავლეებმა ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენეს 2007 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის/დსთ-ს ქვეყნებში ჩატარებულ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევების საერთაშორისო კვლევაში (TIMMS), რომელიც მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მე-8 კლასელთა მიღწევების საერთაშორისო მასშტაბით შედარების შესაძლებლობას იძლევა. 48 მონაწილე ქვეყანას შორის, საქართველოს ბავშვებმა მათემატიკაში 33-ე, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში კი - 37-ე ადგილი დაიკავეს. გოგონებმა მცირედით უკეთესი ქულები მიიღეს, ვიდრე ვაჟებმა.


საშუალო განათლების სფეროში სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები მოიცავს განათლების სისტემაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სპორტული ინფრასტრუქტურისა და აქტივობების გაუმჯობესებას. ეს საკითხები მასიურად  გაუარესდა  საბჭოთა სისტემის ნგრევის შემდეგ, მაშინ როდესაც   გარდამავალ პერიოდში გაჩნდა ახალი რისკები ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროში, მათ შორის ძალადობა სკოლებში.

 

განხორციელებული საქმიანობა


2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საშუალო განათლების სფეროში ფართომასშტაბიანი რეფორმა განხორციელდა. რეფორმის შედეგად გაიზარდა  განათლების სფეროს დაფინანსება, აღმოიფხვრა უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებსა და დაფინანსების პროცესებში ფართოდ გავრცელებული კორუფცია, მოხდა საშუალო და დაწყებითი განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია და ადგილობრივ მართვაზე გადასვლა.


სასწავლო შედეგების გასაუმჯობესებლად, 2011 წელს საშუალო განათლების ყველა ეტაპზე დაინერგა შედეგზე ორიენტირებული ახალი სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელს უწყობს აქტიურ სწავლებას და არა ცოდნის მექანიკურ გადაცემას. ამასთანავე, განხორციელდა მასწავლებელთა ყოვლისმომცველი გადამზადება და პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესება.


საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ეროვნული პროგრამის ბიუჯეტი 2011 წელს სკოლების რეაბილიტაციისათვის 500 მილიონ ლარს (329 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს. ამ პროგრამის ფარგლებში რამდენიმე საშუალო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა. ამავდროულად, რესურსების კონცენტრირების მიზნით და მომავალ ათწლეულებში მოსწავლეთა რაოდენობის კლების გათვალისწინებით, დაახლოებით 1,000 საჯარო საშუალო სკოლა გაერთიანდა.

 

შედეგები


2010 წლის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევამ აჩვენა, რომ სკოლაში დასწრების წმინდა მაჩვენებელი 86%-ს შეადგენს. 12-16 წლის ასაკის ბავშვების 9% კვლავ დაწყებით სკოლაში იყვნენ (განსაკუთრებით 12 წლის ასაკის ბავშვები, რომელთა რაოდენობაც აღნიშნული ჯგუფის 34%–ია). გოგონები (88%) უფრო მაღალი ალბათობით ივლიან საშუალო სკოლაში, ვიდრე ბიჭები (85%). საშუალო სკოლაში გენდერული თანაფარდობის მაჩვენებელი 1,02-ს შეადგენს.


ღარიბი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები, უფრო მაღალი ალბათობით დაგვიანებით იწყებენ საშუალო განათლებას და უფრო ადრე  ანებებენ მას თავს. კვლევამ გამოყო კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, სადაც სკოლაში არდასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) გამოიკვლია საზოგადოებრივი აზრი მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ და დაადგინა, რომ განათლების რეფორმა პოლიტიკის სფეროში ერთადერთი  საკითხი იყო, რომელიც თითქმის ყველა გამოკითხულმა წარმატებულად შეაფასა. ორი ყველაზე წარმატებული კომპონენტი იყო: (ა) სკოლებში სამეურვეო საბჭოების შექმნა და გადაწყვეტილებების მიღების დეცენტრალიზაცია და (ბ) ეროვნული გამოცდები, რომლებიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს,  ჩაირიცხონ უნივერსიტეტში კონკურსის წესით კორუფციის გარეშე.


საქართველო მონაწილეობს სტუდენტების შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA). საერთაშორისო შეფასების აღნიშნული სისტემა სწავლობს 15 წლის ბავშვთა წიგნიერების/წერა–კითვის დონესა და მათემატიკურ ცოდნას. 2009 წელს ამგვარი შეფასება გაკეთდა 65 ქვეყანაში, ხოლო საქართველო იმ 9 ქვეყანას შორისაა, სადაც ამგვარი შეფასება 2010 წელს ჩატარდა. 


მოსახლეობის ყველაზე ღარიბი 20%-ის წარმომადგენელი ბავშვი ორჯერ ნაკლები ალბათობით ირიცხება უნივერსიტეტში, ვიდრე მოსახლეობის შეძლებული 20%-ის წარმომადგენელი ბავშვი.  ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ 2010 წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იძულებით გადაადგილებულ თითქმის ყველა გამოკითხულ მშობელს ისევე, როგორც ბავშვს, მიაჩნია, რომ ეროვნული მისაღები გამოცდის ჩაბარება და უმაღლესი განათლების დაწესებულებაში ჩარიცხვა დამოკიდებულია კერძო რეპეტიტორების ხელმისაწვდომობაზე, რის შესაძლებლობაც შედარებით დაბალშემოსავლიან ოჯახებს არა აქვთ. 

 

შემდეგი ნაბიჯები


რეფორმის ინტენსიურ პროგრამას აქვს საკმაო პოტენციალი, რომ აღმოიფხვრას გარდამავალი პერიოდის უარყოფითი გავლენა საშუალო განათლების სექტორზე, შეიქმნას მყარი საფუძველი უფრო მრავალფეროვანი და უკეთ აღჭურვილი სამუშაო ძალის  შესაქმნელად და, თავის მხრივ,  შესაძლებლობა მიეცეს მომავალ თაობებს, შეიტანონ თავიანთი წვლილი საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში.


რეფორმის შემდგომი ნაბიჯები უნდა მოიცავდეს:


• განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას ახალი სასწავლო პროგრამების შემოღების, მასწავლებელთა გადამზადებისა და სტანდარტების დანერგვის გზით.


• რეფორმის შედეგების სათანადო შეფასებას სწავლების შედეგების მონიტორინგის გზით, ისეთ საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობით, როგორიცაა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევების საერთაშორისო კვლევა (TIMMS) და სტუდენტების შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA).


• განათლების შესაძლებლობებს შორის უთანასწორობის მიზეზების კვლევას, იდენტიფიკაციასა და აღმოფხვრას, მათ შორის სკოლიდან გამოსვლისა და უმცირესობებისა და დაბალშემოსავლიანი ოჯახების წარმომადგენელი ბავშვების ეროვნულ გამოცდებში შედარებით დაბალი მიღწევების პრევენციას.


• სკოლების შემდგომი განვითარება ბავშვისათვის კეთილგანწყობილი გარემოს შესაქმნელად, რაც ხელს უწყობს ბავშვთა კეთილდღეობას, განვითარებასა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში მონაწილეობას სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ძალადობასთან ბრძოლის გზით.


 “ამ ბავშვებმა და მათმა მშობლებმა იციან, რომ განათლების მიღება არა მხოლოდ მათი უფლებაა, არამედ საშვი უკეთესი მომავლისაკენ - ბავშვებისა და მათი ქვეყნისათვის“.


ჰარი ბელაფონტე, გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი

Join / Follow / Connect