ბავშვები საქართველოში
სკოლამდელი განათლება

 

 © იუნისეფი/საქართველო/ბლაგონრავოვა

 

საკითხი

 

სკოლამდელი განათლების მომსახურება უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას წარმოადგენს საქართველოს გრძელვადიან განვითარებაში. ბავშვთა შემეცნებითი პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, უმნიშვნელოვანესია თითოეული ბავშვის შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებისათვის. საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ კარგად ორგანიზებული სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს ბავშვების მოსწრების გრძელვადიან გაუმჯობესებას სკოლებში, მათ შორის უფრო მაღალი ნიშნების მიღებას, კლასში ჩარჩენილი ბავშვების რაოდენობის კლებას და უკეთეს საგანმანათლებლო მიღწევებს, უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ჩათვლით. თუმცა სკოლამდელი განათლების დადებითი გავლენა მნიშვნელოვნად სცდება სკოლაში აკადემიურ მოსწრებას. ეკონომიკურმა გათვლებმა აჩვენა, რომ ეს ერთ–ერთი საუკეთესო ინვესტიციაა, რომელიც ქვეყანამ შეიძლება განახორციელოს. მას უკუგების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს საზოგადოებისათვის. საერთაშორსო კვლევებმა, ძირითადად აშშ-სა და ევროპაში, აჩვენა, რომ სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფა იწვევს: უმუშევრობის კლებას, სახელმწიფოს სოციალურ მომსახურებაზე დამოკიდებულების შემცირებას, დამნაშავეობის კლებას, ჯანმრთელობის უკეთეს მდგომარეობას, შემოსავლების ზრდას და შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლების ზრდასაც.  

 

სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მოსწავლეთა რაოდენობა ტრადიციულად, ყოველთვის ნაკლები იყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან ან რუსეთთან შედარებით. ადრეულ პოსტსაბჭოთა პერიოდში, საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის წმინდა მაჩვენებელი უკვე დაბალი მაჩვენებლიდან - 45%-დან 23%-მდე დაეცა 3-5 წლის ასაკის ბავშვებში, ხოლო საბავშვო ბაღების რაოდენობა განახევრდა. 2005 წლისათვის, მიახლოებითი გათვლებით, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დაახლოებით 43% სწავლობდა, სადაც,  მაღალი ალბათობით,  ქალაქში და შეძლებულ ოჯახში მცხოვრები ბავშვების წილი ბევრად მეტი იყო. კვლევების თანახმად, ამგვარი დაბალი მაჩვენებლის მიზეზებად შემდეგი საკითხები გამოიკვეთა: (ა) მშობლებს არ ჰქონდათ საბავშვო ბაღის გადასახადის გადახდის შესაძლებლობა; და (ბ) ბევრი მშობელი თვლიდა, რომ სკოლამდელი განათლება არ არის აუცილებელი, ვინაიდან რომელიმე ზრდასრული ყოველთვის სახლშია და ზრუნავს ბავშვზე. მშობლებში შეიმჩნეოდა საბავშვო ბაღის „ბავშვის ვინმესთან დატოვების“ გაიგივების ტენდენცია, ბავშვის განვითარებისათვის ბაღის მნიშვნელობის გააზრების გარეშე.

 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებთა ყოვლისმომცველმა შეფასებამ, რომელიც 2007 წელს ჩატარდა, აჩვენა, რომ სკოლამდელი განათლების დაწესებულებათა 80%-ზე მეტი მნიშვნელოვან რეაბილიტაციას, ხოლო მათი 24% სასწრაფო რემონტს საჭიროებდა და არ გააჩნდა ისეთი აუცილებელი პირობები, როგორებიცაა: გათბობა, გადახურვა და საბაზო საგანმანათლებლო მასალა. უკანასკნელ პერიოდამდე, სკოლამდელი განათლების პედაგოგთა გადამზადების სისტემა სათანადოდ განვითარებული არ იყო და არ არსებობდა თანამედროვე პედაგოგიური მეთოდოლოგია ან ერთიანი სტანდარტები სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისათვის. 

 

 

საქმიანობა

 

2005 წელს მოხდა სკოლამდელი განათლების სიტემის რეორგანიზაცია და დეცენტრალიზაცია. შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებს დაეკისრათ სკოლამდელი განათლების დაწესებულებების შექმნის, მათი დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის მართვასა და წარმომადგენლობაზე პასუხსმგებელი პირების დანიშვნის ვaლდებულება.

 

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული ადრეული ასაკის ბავშვთა  განვითარების ეროვნული ალიანსის ხელმძღვანელობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შემუშავდა ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმა. 2008 წელს ადრეული ასაკის ბავშვთა  განვითარების ეროვნულმა ალიანსმა განავითარა ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების ახალი სტანდარტი, რომელიც სკოლამდელი განათლების სექტორის რეფორმის ზოგად საფუძველს წარმოადგენს.

 

ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები განსაზღვრავს განვითარების ორიენტირებს ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლების მთელი სისტემისათვის, ინდიკატორებს და მითითებებს აღმზრდელთათვის ხუთ ძირითად სფეროში.  ესენია: ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება, შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა, სწავლისადმი მიდგომა, სოციალურ-ემოციური განვითარება და მეტყველების განვითარება. ამასთანავე, შეიქმნა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ფიზიკური გარემოს სტანდარტები, რომლებიც საკლასო ოთახსა და სათამაშო ტერიტორიაზეც ვრცელდება.

 

საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამა „ნაბიჯ-ნაბიჯ“, საქართველოს მასშტაბით, თითქმის 100 სკოლამდელ დაწესებულებაში დაინერგა და 500-მა აღმზრდელმა შესაბამისი მეთოდოლოგიის სწავლება გაიარა. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვამ, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მოიცავს, პილოტირება თბილისში გაიარა და ამჟამად, დედაქალაქს გარეთ  მუნიციპალიტეტებსაც (ბათუმი, გორი, ლანჩხუთი და ლაგოდეხი) ეხმარებიან ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ორგანიზებაში.  ამასთანავე, ადგილობრივ თემებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა ჯგუფების გაძლიერებასაც ეწყობა ხელი.

 

 

შედეგები

 

უკანასკნელ წლებში სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასწრების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2005 წელს სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასწრების პროცენტული მაჩვენებელი 43%-ს შეადგენდა (39% ოთხი წლის ასაკში და 47% 5 წლის ასაკში). მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების განახლებული ინდიკატორი 36-59 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის 2010 წლისათვის ხელმისაწვდომი არ არის,  რეპროდუქციული ჯანმრთელობის 2010 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 5 წლის ასაკის ბავშვების თითქმის ორი მესამედი (63%) დადის სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში. კვლევაში წარმოდგენილ უახლეს მონაცემებს ადასტურებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ინფორმაცია, რომ 2-5 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ჩარიცხვის მაჩვენებელი გაიზარდა. 

 

2010 წლის სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევამ საქართველოს უღარიბეს კვინტილში აჩვენა, რომ ღარიბი ბავშვების 56% (60% ბიჭები, 53% გოგონები) ჩართულია რაიმე სახის ორგანიზებულ სასწავლო ან საგანმანათლებლო პროგრამაში. ბავშვები საბავშვო ბაღში არ დადიან სამი ძირითადი მიზეზის გამო: (ა) საბავშვო ბაღის არარსებობა (34%); (ბ) საფასურის გადახდის უუნარობა (21%); და (გ) ოჯახის რომელიმე  წევრი მიერ ბავშვის მოვლა (16%). 

 

 

შემდეგი ნაბიჯები

 

აუცილებელია ტექნიკური და მატერიალური დახმარება სკოლამდელი განათლების სექტორის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შესანარჩუნებლად და ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტების განსახორციელებლად ქვეყნის მასშტაბით. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯები:

 

• მშობლებისა და აღმზრდელების მიერ ბავშვის განვითარებისათვის ადრეულ ასაკში განათლების განსაკუთრებული შემეცნებითი მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერება.

 

• მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვიანი ოჯახებისათვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაციისა და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად.

 

• უფრო ძლიერი და ინტენსიური თანამშრომლობა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვების განათლების სფეროში მნიშვნელოვანი მონაწილეა. 

 

• ადრეული ასაკის ბავშვების განათლების სფეროს მეტი და უფრო მიზნობრივი საჯარო დაფინანსება, არაფორმალური და სათემო შესაძლებლობების განვითარება, განსაკუთრებული აქცენტით ღარიბ ბავშვებზე, სოფლად მცხოვრებ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე. 

 

• იმ ბარიერების უკეთ გაცნობიერება, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ხელს  უშლის სკოლამდელ განათლებაში ჩართულობაში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს ეროვნული პოლიტიკისა და ადგილობრივი ინიციატივების შემუშავება და ამ გზით უთანასწორობის აღმოფხვრა.

 

 

„ადრეულ ასაკში სწავლის დაწყება ხელს უწყობს სწავლას მომავალში, ხოლო ადრეული წარმატებები იწვევს წარმატებას მომავალში ისევე, როგორც ადრეული მარცხი იწვევს მარცხს მომავალში. წარმატება ან მარცხი ამ ეტაპზე საფუძველს უყრის წარმატებას ან მარცხს სკოლაში, რაც თავის მხრივ, იწვევს წარმატებას ან მარცხს სკოლის  შემდგომ სწავლის პროცესში.“

ჯეიმს ჯ. ჰეკმანი,

2000 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკურ მეცნიერებებში

 

Join / Follow / Connect