ბავშვები საქართველოში
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები

© იუნისეფი

 

საკითხი


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს აქვთ უფლება, იყვნენ დისკრიმინაციისაგან თავისუფალი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. იმ ოჯახებისათვის მომსახურების მიწოდება, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უვლიან; სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა; ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესება; იმ დამოკიდებულებისა და ქცევითი ნორმების ტრანსფორმაცია, რომლებიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სტიგმატიზაციას –ეს ქვეყნის წინაშე მდგარი  ძირითადი ამოცანებია. საქართველოში 2005 წელს გამოკითხული დედების ინფორმაციით, გარკვეული სახის შეზღუდული შესაძლებლობა ფიქსირდებოდა 2-9 წლამდე ასაკის ბავშვების 14%-ში, რაც დაახლოებით 40 000 ბავშვს უდრის ამ ასაკობრივ ჯგუფში. ინკლუზიური განათლება საქართველოში მთავარ გამოწვევად რჩება - ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ 12 ინკლუზიური სკოლაა. აქედან გამომდინარე, მთავრობა ცდილობს გააუმჯობესოს ინკლუზიური განათლების შესაძლებლობები. მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და სახელმწიფომ, ადგილობრივმა თემებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ ამ საქმეში.


2008 წელს ბავშვის უფლებათა კომიტეტი სინანულს გამოთქვამს იმგვარი კომპლექსური სამთავრობო პოლიტიკის უქონლობის გამო, რომელიც გაითვალისწინებდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ზოგადი განვითარების საჭიროებებს, მათ შორის მათ უფლებას, არ იყვნენ დისკრიმინირებულნი, ასევე განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებებს.


განხორციელებული საქმიანობა


2008-2011წწ. ბავშვთა სამთავრობო სამოქმედო გეგმისა და 2010-2012წწ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ სამოქმედო გეგმის საშუალებით მოხდა ეროვნული სამოქმედო ჩარჩოს განსაზღვრა. ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის 22 დღის ცენტრი არსებობს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იმართება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით. დარჩენილი საბჭოთა სტილის დიდი მოცულობის ბავშვთა სახლების დახურვა 2011-2012 წლებში იგეგმება და სავარაუდოდ, გაიზრდება იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მოათავსებენ, რაც ბავშვებისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის, გაცილებით  უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს. ამასთანავე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს ეგრეთ წოდებული სკოლა–პანსიონების დახურვას (რომლებიც საბჭოთა სტილის ბავშვთა სახლებს უფრო წააგავს), რომელთა მიზანს წარმოადგენს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის სასკოლო განათლების მიწოდება. ამ მოძველებული მავნე დაწესებულებების დახურვა შესაძლებლობას მისცემს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაზარდოს შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებისათვის სკოლებსა და თემებში განათლების მიღების შესაძლებლობა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროთან შეიქმნა მრავალპროფილიანი ჯგუფები, რომლებიც გამოიყენება ბავშვების სპეციალური საჭიროებების დიაგნოსტიკისათვის, თუკი, მასწავლებლის აზრით, ბავშვი ჩამორჩება განვითარებაში.


დაბადებისას შეზღუდული შესაძლებლობების არასწორი დიაგნოსტიკა კვლავ ხელს უშლის სათანადო და დროულ რეაგირებას. 2009 წელს შეიქმნა ბავშვთა განვითარების პირველი ცენტრი, რომლის ფუნქციას წარმოადგენს გააძლიეროს სამედიცინო სექტორის შესაძლებლობები  ბავშვებში განვითარების შეფერხებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების დროული დიაგნოსტიკის მიზნით. საქართველოში არსებულ ორ ჩვილ ბავშვთა სახლში ამჟამად 0-5 წლამდე ასაკის 170 ბავშვი იმყოფება. მათგან 30%-ს გარკვეული სახის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. მთავრობა მოწოდებულია, თანდათანობით  შეამციროს  ჩვილ ბავშვთა სახლების რაოდენობა მათი საბოლოოდ დახურვის მიზნით და უზრუნველყოს გადაუდებელი  მინდობით აღზრდა, ადრეული ინტერვენციით მომსახურება და დედათა და ახალშობილთა თავშესაფრების გაფართოება, როგორც უფრო მიზანშეწონილი საპასუხო ზომები. არსებული სისტემა არ იძლევა მცირეწლოვანი ბავშვებისათვის (0-3 წლამდე) შეზღუდული შესაძლებლობების ოფიციალური სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, რაც პოლიტიკისა და პრაქტიკისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს (და მათ მზრუნველებს) უზღუდავს შესაძლებლობას, ისარგებლონ სტატუსთან დაკავშირებული სახელმწიფო შეღავათებით. 2010 წელს 9533 ბავშვი იღებდა ყოველთვიურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილ სახელმწიფო პენსიას 70 ლარის ოდენობით. არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე და უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, აქტიურად საქმიანობს, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხები პრიორიტეტად დარჩეს.


შედეგები


ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 350-ზე მეტი ბავშვი იღებს სახელმწიფო ვაუჩერს დღის ცენტრით სარგებლობისათვის. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აღიარა დღის ცენტრების დადებითი გავლენა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე და გეგმავს მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიდევ 12-ით გაზარდოს სახელმწიფო დაფინანსებით არსებული ცენტრების რაოდენობა. 2011 წელს მთავრობამ დაამტკიცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი დღის ცენტრების სტანდარტები. სტანდარტები ამ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა. ამჟამად მიმდინარეობს შეფასება, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამსახურები და რამდენად შეესაბამება ის აღნიშნულ სტანდარტებს. შეფასების შედეგად შესაძლებელი გახდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სამსახურების გაუმჯობესება. 2010 წელს დაიხურა ხუთი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი სკოლა–პანსიონი, ხოლო იქ მცხოვრები სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები ოჯახებში განთავსდნენ და მიიღეს შესაბამისი დახმარება. გრძელდება ბავშვთა დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების მთლიანი რაოდენობის კლება.  2011 წლის მონაცემებით დიდი მოცულობის დაწესებულებებში 915 ბავშვი იმყოფება, მათ შორის დაახლოებით 100 ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.  დაგეგმილია ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება, მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში განთავსება.

 

შემდეგი ნაბიჯები


აუცილებელია, გაორმაგდეს ძალისხმევა იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უვლიან, მოხდეს ბავშვთა მიტოვების  პრევენცია და შემცირდეს სტიგმა. ამდენად, პრიორიტეტულია:


• ხარისხიანი დღის ცენტრების რაოდენობის გაზრდა;


• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა ბავშვისათვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება მათი ოჯახების სიღარიბის სტატუსის მიუხედავად;


• 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებისში შეზღუდული შესაძლებლობების დიაგნოსტიკა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება;


• თბილისში არსებული ბავშვთა განვითარების ცენტრის მოდელის გაფართოება დასავლეთ საქართველოში, რათა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების ადრეული დიაგნოსტიკა, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედებს დროულად გაეწიოთ დახმარება ადრეული ინტერვენციის მიზნით;


• ადგილობრივი სკოლების შესაძლებლობების სწრაფი ზრდა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის მიზნით;


• ინკლუზიური განათლების სისტემასა და დღის ცენტრებს შორის აქტიური თანამშრომლობა, რათა შესაძლებელი გახდეს ბავშვის შესაძლებლობების გათვალისწინებით მისი გადაყვანა ერთი სისტემიდან მეორეში;


• სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ჩართულობა მომსახურების მიწოდების სფეროში და ადგილობრივ თემებში სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში;


• ბავშვზე ზრუნვის რეფორმის გაგრძელება იმის უზრუნველსაყოფად, რომ დარჩენილი დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების დახურვის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები არ იქნენ უგულებელყოფილნი.


„უნარშეზღუდულობა არ შეიძლება განიხილებოდეს იზოლირებულად. იგი ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტს ეხება... საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს მისი სტრუქტურების იმგვარი ადაპტაცია, რომ ყველა ბავშვს უფლება ჰქონდეს იცხოვროს ღირსეულად ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე“


მარტა სანტოს პაისი, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე

Join / Follow / Connect