ბავშვები საქართველოში
ძალადობის მსხვერპლი ბავშვები

 

© იუნისეფი/საქართველო/ბლაგონრავოვა

 

საკითხი

 

საქართველოში ძალადობა ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართაც ხდება. ამ საკითხზე ყოვლისმომცველი კვლევა 2007 წელს ჩატარდა . განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ მზრუნველთა ერთ მეხუთედზე მეტმა განაცხადა, რომ მათ რამდენჯერმე დაურტყამთ ბავშვისათვის. თითქმის ათიდან ერთი ბავშვი აცხადებს გარკვეული ფორმით სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელიც სახლში ხდება. ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებაში მყოფი ბავშვები ძალადობას და ჩაგვრას უფრო მეტად განიცდიან. აქ სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი  თითქმის 18%-მდე იზრდება (საუბარია ბავშვებს შორის ძალადობაზე). 

 

2011 წლის დასაწყისში საზოგადოებაში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობდა ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ, რასაც ბიძგი მისცა საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარმა ტრაგედიამ, როცა 5 წლის ბიჭუნა საკუთარმა დედამ ცემით მოკლა. ჟურნალისტებთან  საუბარში  ოჯახის მეზობლები აცხადებდნენ, რომ იცოდნენ ბავშვის სასტიკი და რეგულარული ჩაგვრის შესახებ, თუმცა არც ერთ მათგანს  პოლიციისათვის არ მიუმართავს. საქართველოში ასევე შემაშფოთებლად მაღალია ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი, თუმცა ეს საკითხი კვლავაც ტაბუდ რჩება. მასზე არ საუბრობენ და არც ამგვარ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებია ქმედითი.

 

 

განხორციელებული საქმიანობა

 

საქართველოში არსებობს რამდენიმე კანონი ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჩაგვრისა და დაუდევარი მოპყრობის შესახებ, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსი და კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული და სხვა კანონები მნიშვნელოვან საკითხებს აწესრიგებს, არ არსებობს კანონი, რომელიც ცალსახად კრძალავს ფიზიკურ დასჯას ოჯახში. 2010 წელს მთავრობამ დაამტკიცა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის მექანიზმი, რომელიც პოლიციას, სკოლებს, ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებს ავალდებულებს, სავარაუდო ან რეალური ძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევები გადაამისამართონ  სახელმწიფო სოციალურ მუშაკებთან, რათა მათ მიიღონ შესაბამისი საპასუხო ზომები. 

 

სოციალურ მუშაკებს ხელი მიუწვდებათ ბავშვთა განთავსების 24-საათიან შესაძლებლობებზე, მათ შორის მინდობით აღზრდაზე, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებზე, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებსა და დედათა და ბავშვთა ორ თავშესაფარზე, რომლებიც სახელმწიფოს ბაზაზე არსებობს (ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო მეორე - აღმოსავლეთ საქართველოში). ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დახურვა და მინდობით აღზრდის და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების გაფართოება 2011-2012წწ. პერიოდში აღკვეთს იმის შესაძლებლობას, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი მოთავსდეს დიდი ზომის ბავშვთა სახლში. დედათა და ახალშობილთა თავშესაფრებში საკმარისადაა ადგილები 20 დედისა და მათი შვილებისათვის, თუმცა თავშესაფარში მარტოხელა დედებს მარტო ძალადობის გამო არ  იღებენ. თავშესაფარი უზრუნველყოფს იურიდიულ დახმარებას და სხვა მომსახურებას, რათა რისკის ქვეშ მყოფ მარტოხელა დედებს საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციაში დაეხმაროს. სოციალური მუშაკებისათვის ხელმისაწვდომია კლინიკური ფსიქოლოგების შეზღუდული რაოდენობა, ვისაც ძალადობის ან ჩაგვრის შემთხვევებში შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს მსხვერპლს კონსულტაციებისა და კლინიკური ინტერვენციების გზით. სოციალური მომსახურების სააგენტოს 11 რეგიონიდან მხოლოდ 3 რეგიონში ჰყავს ფსიქოლოგები სრულ განაკვეთზე. დანარჩენ 8 რეგიონში სოციალური მომსახურების სააგენტო ფსიქოლოგებს ნახევარ განაკვეთზე ამუშავებს მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს (ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც იკრიბება ბავშვის რომელიმე ფორმის მზრუნველობაში განთავსების შესახებ სოციალური მუშაკის რეკომენდაციების დასამტკიცებლად) მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისათვის. ბავშვთა დაცვის ეროვნული რეფერალური მექანიზმის ფარგლებში შემოსული განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების მოგვარებაში ასევე მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 

 

 

შედეგები

 

მიმართვიანობის სავალდებულო პროცედურები ხელს უწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობის ფარული შემთხვევების გამოვლენას. ამ პროცედურების დამტკიცებამდე 2009 წელს 30 ბავშვი გადაამისამართეს სოციალურ მუშაკებთან. 2010 წელს 90 შემთხვევის გადამისამართება მოხდა, მათ შორის 83 (92%) შემთხვევაში ხდებოდა ძალადობა მშობლების მხრიდან. თუმცა, ბევრი შემთხვევა კვლავაც გამოუვლენელი რჩება. დედათა და ბავშვთა თავშესაფრები ეფექტიანი გამოდგა ისევე, როგორც მინდობით აღზრდა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები. ამდენად, მთავრობა გეგმავს მათ გაფართოებას 2011-2012 წლებში. ფსიქოლოგების მონაწილეობა ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფო რეაგირების პროცესში  მნიშვნელოვანია, კერძოდ, აუცილებელია მათი ჩართვა სოციალური სამსახურების საქმიანობაში და კონკრეტული შემთხვევების შეფასებისას პროფესიული დახმარების აღმოჩენა.   

 

 

შემდეგი ნაბიჯები

 

იმისათვის, რომ აღნიშნული პროგრესი  შენარჩუნდეს,  ყურადღება შემდეგ პრიორიტეტებზე უნდა გამახვილდეს:

 

• ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის მექანიზმის გაძლიერება - მათ შორის, შესაბამის უწყებებში გადამზადების კურსების ინსტიტუციონალიზაციის გზით;

 

• ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის მექანიზმის გაფართოება რისკის ქვეშ მყოფი ისეთი ახალგაზრდების მიმართაც, როგორებიც არიან ქუჩის ბავშვები და პოტენციური კანონდამრღვევი ბავშვები; აგრეთვე შესაბამისი  მომსახურების გაწევა ამ ბავშვებისათვის და იმ უწყებათა რაოდენობის გაზრდა, რომლებსაც ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და გადამისამართება შეუძლიათ (მაგ., საბავშვო ბაღები);

 

• ჯანდაცვის დაწესებულებების ჩართვა რეფერალურ სისტემაში და სამედიცინო ექსპერტიზისა და მკურნალობისათვის სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველყოფა ძალადობის შემთვევებში;

 

• კანონმდებლობის გადასინჯვა ოჯახში ფიზიკური სასჯელის აკრძალვის მიზნით;

 

• ძალადობაზე რეაგირების მექანიზმების გაძლიერება, მათ შორის ფსიქოლოგების ჩართულობის გაზრდა, კრიზისული ინტერვენციის ცენტრები, დედათა და ახალშობილთა თავშესაფრების შექმნა და სოციალური სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება.

 

• საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ძალადობის შემთხვევების გამოვლენის ხელშესაწყობად.

 

„ბავშვთა მიმართ ძალადობა გაუმართლებელია. იგი არც გარდაუვალია. თუ მოხერხდება ბავშვთა მიმართ ძალადობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი მოგვარება, შესაძლებელია ამგვარი ძალადობის თავიდან აცილება.“  

 

კოფი ანანი, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი 

 

Join / Follow / Connect