ბავშვები საქართველოში
წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

 © იუნისეფი/საქართველო/ბლაგონრავოვა

საკითხი


წყალი, სანიტარიულ–ჰიგიენური პირობები ათასწლეულის განვითარების გეგმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. უსაფრთხო წყლისა და სანიტარიულ–ჰიგიენური პირობების სათანადო ხელმისაწვდომობისა და შინამეურნეობებში ადექვატური ჰიგიენური პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა ბავშვთა სიკვდილიანობის, დაწყებითი განათლების, ავადმყოფობის შემცირების, გარემოს მდგრადობისა და სიღარიბის დაძლევის სფეროში.


2009 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 45 ქალაქში არსებობს კანალიზაციის სისტემა, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს ემსახურება. ეს საკანალიზაციო ქსელები ცუდ მდგომარეობაშია და არ არსებობს ფუნქციონირებადი ბიოლოგიური დამუშავების საშუალებები. ანგარიშის თანახმად, თბილისში, რუსთავში, ტყიბულში, გორსა და ბათუმში არსებული სისტემები მექანიკურ დამუშავებას მხოლოდ ნაწილობრივ იყენებს. შედეგად, სანიაღვრე წყლები ჩაედინება არხებსა და მდინარეებში, რაც წყლის ხარისხს აფუჭებს. საქართველოში წყლის ლაბორატორიები ამჟამად ატარებენ საბაზო მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ ანალიზებს, თუმცა მოძველებული დანადგარებისა და საშუალებების გამოყენებით.


სოფლებსა და დაბებში, შინამეურნეობათა უმრავლესობა მარტივ კოლექტორულ საპირფაreშოებს იყენებს, რომელთაც საკუთარი სახსრებით თვითონ უვლიან. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ საპირფარეშოებში სანიტარიულ–ჰიგიენური პირობების სათანადოდ დაცვა შესაძლებელია, საქართველოში ხშირად ისინი საკმარისად კარგად არ არის აგებული ან მოვლილი. ამასთანავე, არ  არსებობს საკანალიზაციო კოლექტორებიდან ამოღებული ფეკალური მასების ჰიგიენური ნეიტრალიზაციის მომსახურება, რაც  საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და გარემოს. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა ზოგიერთ დასახლებასა და კოლექტიურ ცენტრში წყლის სისტემა და სანიტარიულ–ჰიგიენური პირობები კვლავ უხარისხოა და სტანდარტებს არ შეესაბამება.


სკოლებში, განსაკუთრებით სოფლად, ხშირად არ არის სათანადო სასმელი წყალი, სანიტარიული და ხელების დასაბანი პირობები და ხშირად გამოყენებულია შენობის გარეთ არსებული, ცუდ მდგომარეობაში მყოფი სანიტარიული წერტილი. მიუხედავად იმისა, რომ უკანაკსნელი პერიოდის განმავლობაში ქცევაზე დაკვირვების კვლევა ქვეყანაში არ ჩატარებულა, მცირემასშტაბიანმა შეფასებებმა და დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ბავშვებს არა აქვთ სათანადო ცოდნა წყლისა და სანიტარიულ–ჰიგიენური პირობების შესახებ და ზოგადად, ცუდად იცავენ ჰიგიენას. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, „კურაციოს“  მიერ 2006 წელს ჩატარებულმა კვლევამ ფრინველის გრიპის შესახებ აჩვენა, რომ ბავშვების მხოლოდ 46% იბანს ხელს საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ.


2008 წელს ბავშვის უფლებათა კომიტეტი აღნიშნავს არსებულ განსხვავებებს წყლისა და სანიტარიული პირობების ხარისხის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საქართველოს სოფლებში და რეკომენდაციას უწევს მონაწილე სახელმწიფოს, გააუმჯობესოს სუფთა წყლისა და კანალიზაციის ხელმისაწვდომობა და აღკვეთოს დაბალხარისხიანი ან დაბინძურებული წყლის მიწოდებით მიყენებული ზიანი. 


განხორციელებული საქმიანობა
 

მთავრობამ სტრატეგიული ვალდებულება აიღო, გადაწყვიტოს უსაფრთხო წყალთან, სანიტარიულ–ჰიგიენურ პირობებთან დაკავშირებული პრობლემები სოფლად და ქალაქში. საქართველოს  ენერგეტიკისა  და წყალმომარაგების  მარეგულირებელი  ეროვნული  კომისია განსაზღვრავს პოლიტიკურ მიმართულებებს წყალმომარაგებისა და სანიტარიის სექტორში, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, პასუხისმგებელია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაქვემდებარებული უწყებების მართვაზე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა წყალმომარაგებისა და სანიტარიის განვითარების გეგმა, რომლის მიზანია 2020 წლისათვის საქართველოს მთელი მოსახლეობის უზრუნველყოფა  უწყვეტი და უსაფრთხო წყალმომარაგებითა და სანიტარიული მომსახურებით.


საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო დონორებმა მნიშვნელოვანი ინვენსტიციები გაიღეს, რომელთა ძირითად მიზანს ქალაქში და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში უსაფრთხო წყლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება წარმოადგენდა. ამჟამად მიმდინარეობს მრავალი სარეაბილიტაციო პროექტი, მათ შორის წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელების სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. წყალმომარაგების მცირე სისტემების რეაბილიტაცია 28 მუნიციპალიტეტიში ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხით განხორციელდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკის სესხით 6 მუნიციპალიტეტში განხორციელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაცია, რაც 2016 წლისათვის უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებას 24 საათის განმავლობაში (პროექტი ჯერ სრულად არ ფუნქციონირებს).


2009 წელს სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიაღვრე წყლების სამსახურმა, წყლის პარტნიორობის პროგრამის ექსპერტთა დახმარების ჯგუფმა, დაადგინა, რომ სანიტარიული პირობები სოფლად უგულებელყოფილია და რომ საქართველოში კარგად არ იცნობენ მრავალ სანიტარიულ ტექნოლოგიას. თუმცა მთავრობამ დაამტკიცა 2010-2017 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგია, იგი ძირითადად ორიენტირებულია წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციაზე, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ა.შ., ხოლო სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხებს (ნარჩენების მართვის გარდა) ნაკლები ყურადღება ეთმობა. 2010 წელს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარებით შემუშავდა წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიების სამოქმედო გეგმა სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით. გეგმაში ყურადღება გამახვილებულია ლაბორატორიების აშენებაზე, რეკონსტრუქციაზე ან ადგილმდებარეობის შეცვლაზე; მიკრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრების საბაზო ანალიზისათვის ლაბორატორიული აპარატურის შეძენასა და ლაბორატორიის კადრების დაქირავებასა და გადამზადებაზე.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცდილობს  ბავშვების  მწირი ცოდნა ჰიგიენის შესახებ  გააუმჯობესოს ჰიგიენური განათლების კომპონენტის ჩართვით 2011-2016წწ. ეროვნულ სასწავლო გეგმაში, კონკრეტულად საბუნებისმეტყველო საგნებში 1-6 კლასებისათვის და სამოქალაქო განათლების საგანში 9-10 კლასების მოსწავლეებისათვის.


შედეგები


2010 წლის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში შინამეურნეობათა 98% ქალაქში  და 88% სოფლად გაუმჯობესებული ხარისხის სასმელ წყალს იყენებს (დაუცველი ჭებიდან ან წყაროებიდან ამოღებული წყალი არ მიიჩნევა უსაფრთხოდ). თბილისში მოსახლეობის მიერ უსაფრთხო სასმელი წყლის მოხმარების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება (100%). სამეგრელოსა (69%) და შიდა ქართლში (84%) ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია.


დიდი განსხვავებაა სათანადო სანიტარიული პირობების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. შინამეურნეობების 96% ქალაქში და 71% სოფლად იყენებს გაუმჯობესებულ სანიტარიულ პირობებს. ხუთ რეგიონში მოსახლეობის 20%-ზე მეტი იყენებს არასათანადო საპირფარეშოს.

 

 

შემდეგი ნაბიჯები


• წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტების გაფართოება სოფლად მეტი ტერიტორიის დასაფარად.


• იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებსა და მიმდებარე თემებში სათანადო წყალმომარაგების და სანიტარიული პირობების უზრუნველყოფა.


• სოფლად შინამეურნეობების მიერ აუცილებელი, მაგრამ გამძლე, დაბალფასიანი სანიტარიული საშუალებების (ორმაგი კოლექტორი ან ეკოტუალეტები) გამოყენების შესაძლებლობის განხილვა (რაც ეკონომიურია, უფრო ხელმისაწვდომი და გაცილებით იაფია, ვიდრე კანალიზაციის სისტემები).


• სანიაღვრე მეურნეობის ქსელების გაფართოება სოფლად.


• სანიაღვრე წყლების დამუშავების (მექანიკური და ბიოლოგიური)  ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გაფართოება დიდ ურბანულ ცენტრებში.


• ჰიგიენური პრაქტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა ოჯახებსა და თემებში.


• მეტი ყურადღება სკოლებში წყალმომარაგებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებზე, მათ შორის ზედამხედველობაზე, მონიტორინგსა და ჰიგიენის პოპულარიზაციაზე.


• სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიების სისტემის გაუმჯობესება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად.


• ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება.

 

 
„უსაფრთხო სასმელი წყალი და სათანადო სანიტარიული პირობები გადამწყვეტია სიღარიბის დაძლევისათვის, გადამწყვეტია მდგრადი განვითარებისათვის და გადამწყვეტია ათასწლეულის განვითარების თითოეული მიზნის მიღწევისათვის.“


ბან კი მუნი, გეროს გენერალური მდივანი

Join / Follow / Connect