რას ნიშნავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება?
რას ნიშნავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება?
UNICEF/Geo-2017/Khizanishvili
თეონა კუჭავა, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის (არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულება) ხელმძღვანელი

 

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ფარგლებში, 2009 წელს საქართველოს მთავრობამ  დაიწყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელიც საწყის ეტაპზე კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა.


2014 წლიდან რეფორმა გაფართოვდა და მოიცვა დანაშაულის შედეგად დაზარალებული და მოწმე ბავშვები, ასევე ბავშვები, რომლებიც მონაწილეობენ ოჯახურ ან სხვა სამოქალაქო დავებში, ან უწევთ ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან საკუთარი უფლებების  დასაცავად. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.


რას ნიშნავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და რა ცვლილებებია დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში - ამ საკითხებზე გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის (არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულება) ხელმძღვანელი, თეონა კუჭავა საუბრობს.

 

1. რა შემთხვევაში შეიძლება მოუწიოს ბავშვს მართლმსაჯულების სისტემასთან შეხება?


მართლმსაჯულების სისტემა მოიცავს არა მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთაც დაარღვიეს კანონი ან ბრალი ედებათ კანონის დაღვევაში, არამედ ყველა იმ ბავშვს, რომელსაც რაიმე სახით მოუწია შეხება მართლმსაჯულების სისტემასთან. მაგალითად, თუ ბავშვს მიადგა ზიანი დანაშაულის შედეგად, ან შეესწრო დანაშაულს და შეუძლია ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციის გადმოცემა, თუ სასამართლო განიხილავს მისი მშობლების განქორწინების საქმეს და უნდა გადაწყვიტოს, თუ ვისთან უნდა იცხოვროს მან, ან თუ სკოლაში ბავშვს დაეკისრება დისციპლინური ზომა და ასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას  - ასეთ შემთხვევებში ბავშვი უკვე შეხებაშია მართლმსაჯულების სისტემასთან. სწორედ ამიტომ, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება ძალიან ბევრი ბავშვის ცხოვრებას ეხება. 

 

 

2. რას ნიშნავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება?


ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება ნიშნავს სისტემას, რომელიც არის ხელმისაწვდომი,  ასაკთან შესაბამისი, სწრაფი, თანმიმდევრული, ბავშვის უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებული. მართლმსაჯულების ასეთი სისტემა უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას სამართლიან  სასამართლო პროცესში მისი მონაწილეობის და ინფორმირების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პატივისა და ღირსების პატივისცემის გზით.    

 

3. რა არის ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ელემენტები? 

 

ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა აუცილებლად უნდა მოიცავდეს:

· კანონმდებლობას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს და იძლევა ბავშვის უფლებების დაცვის სამართლებრივ გარანტიას.

· ბავშვზე მორგებულ გარემოს მართლმსაჯულების სისტემის ყველა რგოლში. მართლმსაჯულების პროცესის ყველა ეტაზე ბავშვი თავს უნდა გრძნობდეს დაცულად, მისი გამოკითხვა უნდა მიმდინარეობდეს მისთვის ნაკლებად მატრამვირებელ გარემოში - მაგალითად, ხალხმრავალი ოთახის ნაცვლად, სპეციალურად მომზადებული პროფესიონალის მიერ განმარტოებით, მშვიდ გარემოში.  გარემო ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის სრულფასოვან მონაწილეობას პროცესში.

· სპეციალიზებულ პროფესიონალებს მართლმსაჯულების სისტემის ყველა რგოლში. პოლიციელი, ადვოკატი, მოსამართლე, პროკურორი, სოციალური მუშაკი, მედიატორი, და მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული სხვა პროფესიონალები სპეციალურად გადამზადებული არიან ბავშვთა უფლებების, ბავშვთან კომუნიკაციის, ბავშვთა განვითარების საკითხებში. ეს სპეციალიზებული პროფესიონალები ყველა უწყებიდან გუნდურად და ბავშვზე მორგებული მეთოდებით უნდა მუშაობდნენ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისთვის, მართლმსაჯულების ყველა ეტაპზე.


 

4. რა ეტაპზეა მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში, ბავშვზე მორგებულობის თვალსაზრისით?


საქართველოში მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის ფორმირებას. რეფორმის ფარგლებში უნდა დაიხვეწოს როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობა,  შეიქმნას მაქსიმალურად ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც შეძლებს კანონთან კონტაქტში მყოფი ყველა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას.

სისხლის სამართლის მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. 2016 წლიდან მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, უკვე არსებობენ სპეციალიზებული პროფესიონალები, მოქმედებს ბავშვებზე მორგებული არა ერთი მექანიზმი.

რაც შეეხება სხვა სფეროებს, ჯერჯერობით განხორციელებულია მხოლოდ კანომდებლობის ანალიზი, რომელმაც გამოკვეთა მნიშვნელოვანი ხარვეზები. დაგეგმილია სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის გადახედვა, რომელიც მყარ გარანტიებს დააწესებს მართლმსაჯულების სისტემასთან შეხებაში მყოფი ბავშვებისთვის. პარალელურად დაიწყება მუშაობა სისტემის სპეციალიზაციაზე და სხვა მექანიზმების შექმნაზე.

 

 

Join / Follow / Connect