ახალი სასწავლო წელი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში - პრობლემები და პერსპექტივები - ინტერვიუ ანა ჯანელიძესთან
ახალი სასწავლო წელი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში - პრობლემები და პერსპექტივები - ინტერვიუ ანა ჯანელიძესთან
ანა ჯანელიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი

 

2016 წლის ზაფხულში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, რომლის ამოქმედების ვადა 2017 წლის 1 ოქტომბერია

კანონი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შემუშავდა და აწესრიგებს  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარების და ხარისხის უზრუნველყოფის  სამართლებრივ საფუძვლებს, სკოლამდელი დაწესებულებების  ორგანიზაციულ სტრუქტურას, ადგენს მათი დაფუძნების, ავტორიზაციის, საქმიანობის,  ანგარიშვალდებულებისა  და ლიკვიდაციის წესს. კანონი განსაზღვრავს სახელმწიფოს,  მუნიციპალიტეტებისა  და სხვა იურიდიული/ფიზიკური პირების უფლებებს და  ვალდებულებებს, ასევე, სკოლამდელი განათლების დაფინანსების  სისტემასა და პრინციპებს.


კანონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უკავშირდება სახელმწიფო სავალდებულო სტანდარტების შემოღებას.  2018 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა საბავშვო ბაღმა, როგორც კერძო ისე საჯარომ, უნდა გაიაროს ავტორიზაცია ახალი სავალდებულო სტანდარტების მიხედვით. რა არის ეს სტანდარტები და როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო მათ დამკვიდრებას - ამ საკითხებზე გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების  სპეციალისტი ანა ჯანელიძე საუბრობს.

 

► რა  პრობლემებით ხვდება ახალ სასწავლო წელს სკოლამდელი განათლების სისტემა, საბავშვო ბაღები?


სკოლამდელი განათლება დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელ დაწესებულებებში დადის 3-5 წლის ასაკის ბავშვების მხოლოდ 62,3%. მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არასაკმარისი საბავშვო ბაღების გამო. ამავდროულად, ხელმისაწვდომობა არათანაბარია გეოგრაფიული ადგილისა და სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით. კერძოდ, ქალაქებში 3-5 წლის ბავშვების 67,6% დადის, სოფლებში კი მხოლოდ 55,1%; მდიდარი ოჯახების შემთხვევაში მაჩვენებელი 70%-ია, რაც მნიშვნელოვნად მეტია ღარიბ ოჯახებთან შედარებით (51,8%).

 

მნიშვნელოვანი გამოწვევებია განათლების ხარისხის თვალსაზრისითაც - დაბალია საბავშვო ბაღების პერსონალის კვალიფიკაცია და პროფესიული კომპეტენციები, მცირეა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, პრობლემებს ქმნის ბავშვების დიდი რაოდენობა ჯგუფებში, არადამაკმაყოფილებელი ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, არასაკმარისი სასწავლო და სათამაშო რესურსები და ..


აქამდე, სკოლამდელი დაწესებულებებისთვის არ არსებობდა არანაირი მინიმალური სტანდარტი ეროვნული მასშტაბით და თითოეული მუნიციპალიტეტი თავად იღებდა გადაწყვეტილებას ხარისხის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. შედეგად, ბავშვები სხვადასხვა დაწესებულებაში სრულიად განსხვავებულ, არათანაბარ პირობებში იმყოფებიანსწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ახალი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი ითვალისწინებს საერთო სტანდარტების შექმნას, რომელიც უნდა დამტკიცდეს 2017 წლის 1 ოქტომბრამდე მთავრობის მიერ და სავალდებულო იქნება ყველა საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის.

 

 

► რა სტანდარტებია განსაზღვრული კანონით?


კანონის მიხედვით, დარგობრივ სამინისტროებს ეკისრებათ ვალდებულება, შეიმუშაონ შემდეგი სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები:

· ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი  

· აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი  

· ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობის და აღჭურვილობის ტექნიკური რეგლამენტი  

· ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებაში კვების ორგანიზების ტექნიკური რეგლამენტი  

· ტექნიკური რეგლამენტი ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ.  


სტანდარტების მიზანია, ხელი შეუწყოს ხარისხის ისეთი კრიტერიუმების დაცვას, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის. კერძოდ, სტანდარტები ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებაზე, ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის ჩამოყალიბებას; უსაფრთხო და ბავშვზე მორგებული ფიზიკური გარემოს შექმნას; წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას; სრულფასოვანი და ბავშვის საჭიროებებზე მორგებული კვების უზრუნველყოფას საბავშვო ბაღებში.


გარკვეულ სტანდარტებს თავად კანონი განსაზღვრავს, მაგალითად, ახალი კანონით, 2-დან 3 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა 25-ია, 3 წლიდან ზედა ასაკობრივ ჯგუფებში - 30, ხოლო შერეულ ასაკობრივ ჯგუფებში - 15 ბავშვი. დღეს ეს რაოდენობა 40-45, ზოგ ბაღში კი 50 ბავშვს აჭარბებს. ჯგუფში ბავშვთა რაოდენობების ეტაპობრივი შემცირება ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება, ვინაიდან გადატვირთულ ჯგუფებში ყველაზე კომპეტენტური პედაგოგისთვისაც კი წარმოუდგენელი იქნება ახალი სტანდარტების დაცვა.

 

► როგორ დამკვიდრდება სტანდარტები? რა არის მოსალოდნელი დაბრკოლებები ამ გზაზე და რა ტიპის მონიტორინგის სისტემა იარსებებს?


კანონის მიხედვით, საბავშვო ბაღებში სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა. აქედან გამომდინარე, აუცილებელი იქნება სტანდარტების შინაარსის გათვალისწინება მათი 2018 და შემდგომი წლების ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. სტანდარტების მიღწევისთვის მუნიციპალიტეტებს მოუწევთ ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა ორი მიმართულებით:


1. ახალი ადგილების შექმნა, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს სკოლამდელი განათლების შესაძლებლობა ყველა ბავშვისთვის - ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ბაღების შენობების რეაბილიტაციის ან სხვა საშუალებების გზით.

2. განათლების ხარისხის გაუმჯობესება - პირველ რიგში, სკოლამდელი დაწესებულების ძირითადი პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების გზით.

 


ამასთანავე, მუნიციპალიტეტებმა უნდა გააუმჯობესონ პერსონალის სამუშაო პირობები, რაც ზეგავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე. უნდა გადაიხედოს აღმზრდელთა და აღმზრდელ-პედაგოგთა სამუშაო საათების რაოდენობა, ხელფასის ოდენობა,  დაწესდეს კუთვნილი შესვენება, განისაზღვროს არასაკონტაქტო (ჯგუფს გარეთ) საათები. არასაკონტაქტო საათებში იგულისხმება დრო, როდესაც მასწავლებელი არ მუშაობს ბავშვებთან, არამედ აღმზრდელებისთვის და აღმზრდელ-პედაგოგებისთვის გამოყოფილ სივრცეში გეგმავს საგანმანათლებლო პროცესს, ახდენს რეფლექსიას კოლეგებთან ერთად ან ესწრება პროფესიული განვითარებაზე მიმართულ სემინარს, ტრენინგს და ..


კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან, დანერგონ ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზების სისტემა. სწორედ ახალ სტანდარტებთან შესაბამისობა განსაზღვრავს თითოეული დაწესებულების ავტორიზების საკითხს. 2018 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა დაწესებულებამ (კერძო და საჯარო) უნდა გაიაროს ავტორიზაცია 4 წლის ვადით, თუმცა მუნიციპალიტეტი რეგულარულად შეამოწმებს ამ დაწესებულებებს ადგილობრივ დონეზე დადგენილი მონიტორინგის წესის შესაბამისად.

 

 

► რა ეტაპზეა ამ სტანდარტების შემუშავება?

 

სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავებისთვის გაეროს ბავშვთა ფონდმა ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია შესაბამის სამინისტროებს 2015-2016 წლებში. ამ ეტაპზე, სტანდარტები სამინისტროების მიერ მუშავდება და კანონის მიხედვით, საბოლოო სახით უახლოეს პერიოდში, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, უნდა დამტკიცდეს მთავრობის მიერ


Join / Follow / Connect