რეფერალი - ბავშვთა დაცვის მიმართვიანობა საქართველოში
რეფერალი - ბავშვთა დაცვის მიმართვიანობა საქართველოში
ქეთევან მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი

 

ბავშვის მიმართ ძალადობაზე რეაგირება უნდა იყოს ეფექტური, მყისიერი, მრავალმხრივი და კოორდინირებული. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები სწორედ ასეთი სისტემის გამართვის საშუალებას იძლევა.


ინტერვიუ ქეთევან მელიქაძესთან

 

 რა არის ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, იგივე რეფერალი და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მექანიზმის არსებობა და გაძლიერება?

 

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, რომლებსაც მოკლედ „ბავშვთა რეფერალს“ უწოდებენ ხოლმე, არის სახელმწიფო მექანიზმი, რომლის ამოცანაა ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ამოცნობა, შემთხვევის შეფასება და საჭიროებისას, ბავშვის ჩართვა სხვადასხვა მომსახურებებში. პროცედურების დანერგვა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხდება.

 

აღნიშნული პროცედურების ცენტრში არის სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელსაც რეფერალში ჩართულმა სხვა სუბიექტებმა (ბავშვებთან მომუშავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა) უნდა მიმართონ და შეატყობინონ, თუ ეჭვი აიღეს ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. რეფერალი მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს, იეჭვო ბავშვის მიმართ ძალადობა და როდის თუ როგორ უნდა შეატყობინო საეჭვო შემთხვევა სააგენტოს.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები გააანალიზებენ მოწოდებულ ინფორმაციას და შეისწავლიან შემთხვევას, რის საფუძველზეც დადგინდება, თუ რა დახმარება დასჭირდება ბავშვს რეაბილიტაციისათვის. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგის კონსულტაცია ან სხვა მომსახურება ან/და, უკიდურეს შემთხვევაში, ბავშვის განცალკევება მოძალადისაგან. მოძალადედ კი, სამწუხაროდ, ხშირად მშობელი ან მეურვე გვევლინება ხოლმე.

 

 

 როგორია ბავშვის მიმართ ძალადობის მხრივ მდგომარეობა საქართველოში?

 

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შემუშავების საკითხი დღის წესრიგში სწორედ მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყანაში გახშირდა ბავშვის მიმართ ძალადობის გამოვლენილი შემთხვევები. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა და ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები ძალიან „რბილად“ უყურებენ ბავშვთა მიმართ ძალადობას. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობამ იცის, თუ რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა, მოსახლეობაც და პროფესიონალებიც თავს იკავებენ, რომ შეატყობინონ შემთხვევა სააგენტოს და იმოქმედონ ბავშვის ინტერესების დასაცავად. ამას ზოგჯერ იმით ხსნიან, რომ არ სურთ ოჯახის საქმეებში ჩარევა, ზოგჯერ იმით, რომ მისაღებად მიიჩნევენ ძალადობის გარკვეულ ფორმებს (მაგალითად, სხეულებრივ დასჯას), ზოგჯერ კი, მათი თქმით, ბავშვისათვის მეტი ზიანის მიყენებას ერიდებიან. ასეა თუ ისე, კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი 100 საეჭვო შემთხვევიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმირება ხდება მხოლოდ 4-6 შემთხევაში; დანარჩენი შემთხვევები კი რეაგირების მიღმა რჩება.  

 

ბავშვის მიმართ ძალადობის უმძიმესი შედეგები საყოველთაოდ ცნობილია და მრავალი კვლევით არის დადასტურებული: უარყოფითი შედეგებია როგორც პიროვნულ დონეზე, ასევე საზოგადოებისთვისაც. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი იზრდება და ხშირად, აქტიური და ბედნიერი ბავშვის და შემდეგ პროდუქტიული ახალგაზრდის ნაცვლად,  ჩვენ ვღებულობთ სოციალურად გამიჯნულ ადამიანს, რომელსაც უჭირს ჩართვა ყოფით ცხოვრებაში თუ პროფესიულ გარემოში. ასეთი ადამიანი ხშირად წნეხად აწვება საზოგადოებას: ხარჯიანია ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და შემდეგ პასიური, უმოქმედო, იზოლირებული ზრდასრულის შენახვა. სამწუხაროდ, კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, დიდი ალბათობით, თვითონვე ხდება სხვა ბავშვის თუ ზრდასრულის მოძალადე.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან  გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ძალადობაზე რეაგირება იყოს ეფექტური, მყისიერი, მრავალმხრივი და კოორდინირებული. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები სწორედ ასეთი სისტემის გამართვის საშუალებას იძლევა.

 

 

 როგორია რეფერალის ინსტიტუტის ისტორია საქართველოში?

 

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები საქართველოში 2010 წელს სამი მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. რეფერალმა მაშინ მოიცვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების და შინაგან საქმეთა სამინისტროები.

 

მიუხედავად იმისა, რომ რეფერალი ამოქმედდა, ნიშანდობლივი იყო რამდენიმე სუსტი მხარე:

 

· შეტყობინების სავალდებულოება არ ეხებოდა ბევრ ისეთ უწყებას, რომელიც ბავშვებთან მუშაობდა ან/და ოჯახებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, მაგალითად საბავშვო ბაღებს, სპორტულ და კულტურულ კლუბებს, სოციალურ აგენტებს, ადგილობივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს თუ სხვებს. ამდენად, ამ უწყებებს არ ევალებოდათ ძალადობის ნიშნების ამოცნობა და მათი რეპორტირება. შესაბამისად, იკარგებოდა შესაძლებლობა, დროულად გამოგვევლინა ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევები, რომლებსაც ამათუ იმ მიზეზის გამო სკოლები თუ სამედიცინო დაწესებულებები ვერ გამოავლენდნენ. 

 

· გარდა ამისა, რეფერალი ვერ ახერხებდა პირადობის დამადასტურებელი საბუთების გარეშე არსებული ბავშვების  პრობლემების მოგვარებას. ბავშვები დაბადების მოწმობის ან სხვა რაიმე საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე პრაქტიკულად უგულვებელყოფილნი იყვნენ.უგულვებელყოფა კი ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და ბავშვთა რეფერალით უნდა დარეგულირდეს. არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა ასეთი ბავშვების ხელმისაწვდომობას განათლებაზე, სამედიცინო თუ სხვა სოციალურ მომსახურებებზე.

 

· კიდევ ერთი სისუსტე უკავშირდებოდა მსხვერპლი ბავშვების სარეაბილიტაციო მომსახურებების სიმწირეს. ეს უდიდესი პრობლემაა, რადგან სააგენტოში მომუშავე თერთმეტი პროფესიონალი, ერთეული სახელმწიფო მომსახურება და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სრულად  ვერ უზრუნველყოფდა მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის საჭროებას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პრობლემა დღემდე არ არის დაძლეული. 

ამ და ზოგიერთი სხვა პრობლემის საპასუხოდ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები დაიხვეწა, პასუხისმგებელ პირთა წრე და მოვალეობები გაფართოვდა და 2016 წელს განახლებული ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები მინისტრთა კაბინეტმა თავიდან დაამტკიცა.


 რა შეიცვალა 2016 წლიდან?

 

პირველ რიგში, ბავშვთა ახალმა რეფერალმა პასუხისმგებელ პირთა უფრო დიდი წრე მოიცვა. სამ სახელმწიფო უწყებას დაემატა პრობაციის და სასჯელაღსრულების, იუსტიციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროები; აგრეთვე საქართველოს პროკურატურა და მუნიციპალიტეტები. ყველა აღნიშნულ უწყებას დაევალა, რომ შეიმუშავოს შიდა პროცედურები იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ უნდა იეჭვოს ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობა, როგორ შეამოწმოს ეს ეჭვი და როგორ მიმართოს სოციალურ მომსახურების სააგენტოს აღნიშნული ე.წ. „საფუძვლიანი ეჭვის“ შესახებ.


გარდა ამისა, ახალმა რეფერალმა ამომწურავად  განმარტა ბავშვთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმა; დამატებითი უფლებამოსილებებით აღჭურვა სააგენტოს სოციალური მუშაკები (როგორც უკიდურესი ზომა, მათ შეუძლიათ განაცალკევონ ბავშვი მოძალადე მშობლისაგან ბავშვის მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში) და შექმნა მექანიზმი, რათა პირადობის დამადასტურებელი საბუთების არმქონე ბავშვებს შეეძლოთ დაუყოვნებლივ მიიღონ დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, რაც უზრუნველყოფს მათ წვდომას ყველა საჭირო მომსახურებაზე.


ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება არის ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართვა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხომ ყველაზე ახლოს არიან თემთან და ოჯახებთან; ყოველდღიურ კავშირში არიან მათთან, ხედავენ მათ პრობლემებს და, საჭირო ცოდნისა და მზაობის შემთხვევაში, საუკეთესოდ შეუძლიათ გამოავლინონ ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევები.


სწორედ ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებს, მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარები და შეიმუშავონ შესაბამისი გზამკვლევები, რათა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლონ რეფერალით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

 რა ღონისძიებები ჩატარდა პილოტირების ფარგლებში?


პილოტირებისათვის შევარჩიეთ აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტები. პილოტირების ფარგლებში რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ღონისძიება ჩატარდა: აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში შეირჩნენ თანამშრომლები, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის ფარგლებში უკვე აქვთ ყოველდღიური შეხება ოჯახებთან. ესენია გამგებლის წარმომადგენლები და სპეციალისტები.  გამოიკვეთენ ასევე თანამშრომლები სოციალური და განათლების განყოფილებებიდან. ყველა ამ პროფესიონალს ჩაუტარდა ტრენინგი ძალადობის ბიო-ფსიქო-სოციალურ და იურიდიულ საკითხებზე. პილოტირების პროექტში ჩვენი პარტნიორია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, რომელსაც აქვს როგორც ძალადობის საკითხებზე, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან მუშაობის დიდი გამოცდილება.


მნიშვნელოვანი იყო, რომ ტრენინგების დროს ჩვენ არ „ვასწავლიდით“ მონაწილეებს, რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა, არამედ ვცდილობდით გაგვეგო მათი აზრი, შეგვეჯამებინა მათი წარმოდგენები და დისკუსიები სწორედ ამ საკითხების გარშემო გაგვემართა. ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო მიგვეღწია თანხმობისათვის მონაწილეთა შორის, თუ ძალადობის რა ფორმები არის მიუღებელი ადგილობრივი თემისათვის. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ გვესაუბრა არა თავმოხვეულ საკითხებზე, არამედ ისეთ თემებზე, რომლებიც პროფესიონალებს ძალადობად მიაჩნიათ, იმისათვის, რომ მიგვეღწია მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობისათვის და გრძელვადიანი შედეგებისათვის.


ყველა მუნიციპალიტეტში  შემუშავდა რეფერალის სამოქმედო დოკუმენტი და შესაბამისი ცვლილებები აისახა ჩართულ თანამშრომელთა სამუშაო აღწერაში. ჩატარდა სათემო შეხვედრები, რომლებსაც ესწრებოდნენ ბავშვთა რეფერალში ჩართული სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ პოლიციელები, ექიმები, სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლები, ექიმები, ასევე ადგილობრივი თემის პატივცემული პირები, ქრისტიანული თუ მუსლიმური თემის წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს ბავშვთა მიმართ ძალადობაზე და შეთანხმდნენ კოორდინაციის აუცილებლობაზე.

 


 რა შეიძლება ჩაითვალოს პილოტირების პროექტის შედეგად?


აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში საკრებულოებმა დაამტკიცეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეფერალის გზამკვლევები, ამდენად, ამ დოკუმენტს იურიდიული ძალა მიეცა. საყურადღებოა, რომ ექვსიდან ოთხმა მუნიციპალიტეტმა უკვე შეიტანა შესაბამისი ცვლილებები რეფერალში ჩართულ თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებში, დანარჩენები კი ამ ცვლილებების დამტკიცების პროცესში არიან. ყველა ჩართულ პროფესიონალს ჩაუტარდა ტრენინგი, შესაბამისად მონაწილეები აღიჭურვენ ცოდნითა და უნარებით, რომ გამოავლინონ ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობა.


ჩვენ დავინახეთ ცვლილება, როდესაც მონაწილეებს ერთთვიანი შესვენების შემდეგ მივუბრუნდით და ვკითხეთ, რა პრობლემები გამოავლინეს და რაში ჭირდებათ ჩვენი დახმარება. აშკარა იყო, რომ მონაწილეებმა უკეთ გაიაზრეს ბავშვის მიმართ ძალადობა, როგორც პრობლემა და გააცნობიერეს მისი უარყოფითი შედეგები. ბევრ შემთხვევაში მონაწილეები ყვებოდნენ თავიანთ ეჭვებზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც მათ გაარატარეს ბავშვების დასახმარებლად. საუბრობდნენ უფრო დახვეწილი პროფესიული უნარების საჭიროებაზე (მაგალითად, ფაქიზ თემებზე ოჯახებთან საუბრის დროს) და  სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებებზე.


ასეთმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ; რომ საფუძველი, რომელიც ჩვენ ჩავუყარეთ თვითმმართველობებში ბავშვთა რეფერალის ამოქმედებას, მყარია, მაგრამ ახლა საჭიროა „მშენებლობის დასრულება“. დაგეგმილი გვაქვს, განვაგრძოთ მუშაობა თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, რათა მათ უკეთ გაიაზრონ, რა არის ძალადობა, როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვზე ძალადობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის გაჩენისას და რა არის მათი ვალდებულებები ასეთი ფაქტების აღმოჩენისას. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულების და ქცევის, მათ შორის პროფესიონალთა (მასწავლებლების, ექიმების, სოციალური მუშაკების) და თვითმმართველობების წარმომადგენლების განწყობების და შეხედულებების ცვლილება, რაც მხოლოდ ხანგრძლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

 

 როგორია ამ მიმართულებით გაეროს ბავშვთა ფონდის სამომავლო სამოქმედო გეგმა?


ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები ქმნის ეფექტურ მექანიზმს, რათა ყველა ჩართულმა უწყებამ იმოქმედოს სწრაფად და კოორდინირებულად და ძალადობაზე ეჭვის აღებისას ამოქმედდეს სისტემა, რომელიც გამოავლენს ძალადობას და დაეხმარება  ბავშვს რეაბილიტაციაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რეფერალში ჩართული სუბიექტები ფლობდნენ ცოდნას და უნარებს  და იზიარებდნენ ბავშთა მიმართ ძალადობის მიუღებლობის იდეას, იმისათვის, რომ ბავშვთა რეფერალი იქცეს ქმედით მექანიზმად ბავშვების დასაცავად. ამისათვის კი დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.


ჩვენ ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა აჭარის თემთან, სანამ დავრწმუნდებით, რომ საკმარისი ბიძგი მივეცით სასურველ ცვლილებებს. ვგეგმავთ სამუშაო  შეხვედრებს, რომელზეც რეფერალის სუბიექტები რეგულარულად შეხვდებიან ერთმანეთს და ისაუბრებენ ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემურ თემებზე, რაც ბავშვთა მიმართ ძალადობას და მოწყვლადობას შეეხება. გვინდა, რომ უზრუნველვყოთ თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს შორის, რადგან ძალადობის ფარგლებში მათი სამუშაო ორგანულად არის გადაჯაჭვული და ამას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. ასევე ვგეგმავთ, გავაფართოვოთ ოჯახებში გამგებლის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების ჩარევის არეალი, რომ მათ ქმედითი დახმარება გაუწიონ მოწყვლად ოჯახებს.


Join / Follow / Connect