განათლება და უნარ-ჩვევები 21-ე საუკუნეში - ინტერვიუ მაია ყუფარაძესთან
განათლება და უნარ-ჩვევები 21-ე საუკუნეში - ინტერვიუ მაია ყუფარაძესთან
მაია ყუფარაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

 

სკოლაში მიღებული ცოდნა უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის მომავალ განვითარებასა და კეთილდღეობაზე. სწორედ სკოლამ უნდა ჩამოუყალიბოს მოსწავლეს ის აუცილებელი უნარები და კომპეტენციები, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ მის ცხოვრებას. როგორია ზოგადი განათლების ხარისხი საქართველოში და რამდენად პასუხობს ის თანამედროვე გამოწვევებს - აღნიშნულ საკითხზე გარეოს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ყუფარაძე საუბრობს.

 

 როგორია სასკოლო განათლების მხრივ საქართველოში არსებული ვითარება, რამდენად შეესაბამება ის 21-ე საუკუნის სასწავლო კომპეტენციებს და მოთხოვნებს?

 

კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა, სამოქალაქო ჩართულობა, ინიციატივა და პასუხისმგებლობა - ეს სასწავლო კომპეტენციების ის არასრული ჩამონათვალია, რომელთა განვითარება მოსწავლეებში სავალდებულოა და მიიღწევა ეროვნული სასწავლო გეგმისა და პროგრამების ეფექტიანი განხორციელებით სკოლებში, რაც მოითხოვს სასკოლო გარემოს და პერსონალის მაღალ სტანდარტებს, ცოდნას და კომპეტენციებს.

 

სკოლამ უნდა განსაზღვროს ადამიანის სწავლის,  დასაქმების და განვითარების, საზოგადოებასა და ეკონომიკაში მისი დამკვიდრებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობები და ამ გზით შექმნას მყარი ფუნდამენტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოებრივი სტაბილურობისთვის.

 

თუ რამდენად პასუხობს ჩვენი სკოლები 21-ე საუკუნის განათლების მიზნებს და უზრუნველყოფს მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარებას წიგნიერებაში, მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, ამაზე გვპასუხობს ეროვნული და საერთაშორისო კვლევები, რომლებიც პერიოდულობით ტარდება და აფასებს მოსწავლეთა სწავლის შედეგებს.

 


თუ შევადარებთ PISA (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა) 2009 და 2015 წლის შედეგებს, სახეზეა მოსწავლეთა შედეგების ზრდა საბუნებისმეტყველო საგნებში 3.5%-ით, მატემატიკაში 2%-ით და წიგნიერებაში 2.8%-ით.  თუმცა, ზოგადად, საქართველოს მოსწავლეების, როგორც სოციალურად დაწინაურებული, ასევე მოწყვლადი ჯგუფების სწავლის შედეგები ძირითადად არასახარბიელოა.  2015 PISA-ს მიხედვით, 15 წლის მოსწავლეთა შედეგებით საქართველო იკავებს მე-60ადგილს  72 მონაწილე ქვეყნიდან, სადაც  მოსწავლეთა მიღწევები მათემატიკაში 59-ე ადგილზეა, წიგნიერებაში 62-ე, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში კი 64-ე ადგილზეა. 


შეიმჩნევა დიდი განსხვავებები მოსწავლეთა სწავლის შედეგებში, სადაც:

· ქალაქის სკოლების მოსწავლეთა მიღწევები უფრო მაღალია, ვიდრე სოფლის სკოლების მოსწავლეების;

· კერძო სკოლის მოსწავლეთა მიღწევები უფრო მაღალია ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეების;

· სკოლებში, სადაც სერტიფიცირებული მასწავლებლები ასწავლიან, მოსწავლეებს გაცილებით მაღალი სწავლის შედეგები აქვთ. 

 

 

► რა ფაქტორები განაპირობებს სწავლისა და სწავლების ხარისხს სკოლებში?


არსებობს სკოლის და მოსწავლის მახასიათებლები, რომლებიც დიდად განაპირობებენ სწავლისა და სწავლების მაღალ ხარისხს სკოლებში. ჩამოვთვალოთ ის მახასიათებლები, რომელთა არათანაბარი გადანაწილება სკოლებში (ადგილმდებარეობის მიხედვით) იწვევს განსხვავებებს მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე: 

· სკოლის დირექტორი, როგორც სასწავლო ლიდერი

· მცოდნე და კომპეტენტური მასწავლებლები  

· მასწავლებელთა მომზადების და გადამზადების  მუდმივმოქმედი პროგრამები

· სკოლებში სწავლა-სწავლების ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება საინფორმაციო ტექნოლოგიებით

 

ამ და სხვა მახასიათებლების (ანუ რესურსების) არათანაბარი განაწილება სოფლებისა თუ ქალაქების სკოლებში, საჯარო თუ კერძო სკოლებში იწვევს განსხვავებებს მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე.

 

 

 

► როგორია გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციები?


✔ განათლება უნდა გამოცხადდეს ეროვნულ პრიორიტეტად;

✔ უნდა გაიზარდოს განათლების სისტემის დაფინანსება;

✔ უნდა გაიზარდოს აკადემიური ორგანიზაციების ჩართულობა საგანმანათლებლო ინოვაციების კვლევების და სკოლებში დანერგვის თვალსაზრისით;

 ვინაიდან მასწავლებელს უშუალო გავლენა აქვს მოსწავლის სწავლის შედეგებზე, სავალდებულოა მასწავლებელთა და სკოლის ლიდერთა ანუ დირექტორთა გრძელვადიანი და თანმიმდევრული მომზადების და გადამზადების პროგრამების შექმნა და უზრუნველყოფა;  

 განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის კონტექსტში, მუნიციპალიტეტები აქტიურად უნდა მონაწილეობდენენ და ხელს უწყობდნენ მასწავლებელთა გადამზადების პროგრამების უზრუნველყოფას;  

 სკოლებში უნდა დაინერგოს სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მეთოდები საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარებაზეა მიმართული;

 სწავლებისა და სწავლის პროცესების მონიტორინგის და ხარისხის კონტროლის მექანიზემბი უნდა გაუმჯობესდეს;

 მასწავლებელთა და მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შეფასებას უნდა ქონდეს მუდმივი ხასიათი, საჭიროებათა განსაზღვრის და შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვისა და გატარების მიზნით;

 კლასგარეშე აქტივობების ეფექტიანი დანერგვის მეშვეობით, სკოლებში უნდა მიმდინარეობდეს მოსწავლეთა დახმარება გაკვეთილების მომზადებაში, რაც მოსწავლეს მეტ თავისუფალ დროს დაუტოვებს სკოლის შემდეგ.

Join / Follow / Connect