კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ბავშვის უფლებათა კონვენციასთან - ბავშვის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმი
კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ბავშვის უფლებათა კონვენციასთან - ბავშვის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმი
იუნისეფი/საქ-2014/Khizanishvili
ნანა ჩაფიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი ბავშვთა სამართლებრივი დაცვის საკითხებზე

 

2017 წლის დასაწყისში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადდა საკანონმდებლო ანალიზის ანგარიში, რომელიც ასახავს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიხედვით


კვლევის მიზანია კანონმდებლობის ძირითადი ხარვეზების გამოვლენა, რომლებიც ხელს უშლის ბავშვებს, რეალურად ისარგებლონ საკუთარი უფლებებით. ამ კვლევის საფუძველზე უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან

საკანონმდებლო ანალიზის შედეგებზე გვესაუბრება გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი ბავშვთა სამართლებრივი დაცვის საკითხებზე ნანა ჩაფიძე


► რა იყო კანონმდებლობის ანალიზის ჩატარების მიზანი?


1994 წლიდან გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია და კონსტიტუციის შემდეგ, ყველა სხვა კანონზე უპირატესი ძალა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვს და მის წარმომადგენლებს პირდაპირ შეუძლიათ მოითხოვონ კონვენციის მუხლებში ასახული დებულებების აღსრულება სახელმწიფოსგან. თუმცა კონვენცია, როგორც ყველა სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, არ გვთავაზობს ამ უფლებების განხორციელების კონკრეტულ მექანიზმებს ეროვნულ დონეზე. ეს მექანიზმები წევრი სახელმწიფოს მიერ საკანონმდებლო რეფორმის გზით უნდა შეიქმნას და გამყარდეს.


საკანონმდებლო ცვლილებებს წინ უნდა უძღოდეს არსებული კანონმდებლობის ყოველმხრივი ანალიზი. ამგვარი ანალიზი ადრეც ჩატარებულა. ერთ-ერთი იყო რამდენიმე წლის წინ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კუთხით ჩატარებული კვლევა. შედეგად, ქვეყანამ მიიღოარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელიც იცავს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართულ  ბავშვთა უფლებებს


ამჯერად, ჩვენი მიზანი იყოსაქართველოს კანონმდებლობის უფრო ფართოდ გაანალიზება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში, რომელიც მოიცავს ბავშვის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს, ბავშვის წვდომას სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, უფლებას განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ოჯახურ გარემოზე, ბავშვის დაცვას ძალადობის, ექსპლუატაციის და შრომის სახიფათო ფორმებისგან


► რა არის ჩატარებული ანალიზის მთავარი მიგნება?


ჩატარებული ანალიზის მთავარ მიგნებებს შორის გამოიკვეთა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს გარანტიებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პრიორიტეტული და ეფექტიანი გადაწყვეტისთვისარც ქვეყნის უზენაესი კანონი ქმნის მყარ კონსტიტუციურ გარანტიას ბავშვის, როგორც უფლებების მატარებელი დამოუკიდებელი სუბიექტის, უფლებების რეალიზებისთვის


ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მრავალი ხარვეზი, რომლებიც რეალურ დაბრკოლებებს უქმნის ბავშვებს, მიიღონ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ და იცოდნენ, თუ როგორ მოიქცნენ მათი დარღვევის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და თავადვე შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა. ბავშვზე მორგებული სამართლებრივი დაცვის და მხარდაჭერის მექანიზმების არაარსებობის გამო, ბავშვები უდიდეს სირთულეებს აწყდებიან საკუთარი უფლებებით სარგებლობის კუთხით.


სამართლებრივი დაცვის გარანტიები განსაკუთრებით სუსტია  სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, თანმხლების გარეშე დარჩენილი მიგრანტი და სხვა დაუცველი ბავშვების მიმართ.

 

 

► გამოვყოთ ის ძირითადი ხარვეზები, რაც ანალიზის შედეგად გამოიკვეთა და ცვლილებები, რასაც ამ ხარვეზების გამოსწორება მოითხოვს


სრული ანალიზის გაცნობა მოკლე ხანში იქნება შესაძლებელი, ამ ეტაპზე კი უკვე შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი:

 

- ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება

ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება წარმოადგენს ბავშვის ძირითად უფლებას და პრინციპს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ მშობლებმა და ბავშვთან მომუშავე პროფესიონალებმა. თუ რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა დადგინდეს თითოეულ ბავშვთან მიმართით ინდივიდუალურად და უნდა იქნას გათვალისწინებული მისი მოსაზრებები, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, პიროვნული განვითარების და სხვა ინდივიდუალური თავისებურებები

მაგალითად, არსებული კანონი არ ასახავს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების პრინციპს მშობელთა მიერ ბავშვის სახელით გარიგებების დადების და ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას. ამ პრინციპის დაცვა არ არის გარანტირებული ბავშვისა და მისი ოჯახის მხარდაჭერის და სოციალური დახმარების დანიშვნის, ასევე, მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვის სახელმწიფო ზრუნვის  შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბავშვის მონაწილეობით საქმის განხილვის პროცესში. მაგალითად, მშობელთა განქორწინებისას, სასამართლო ვალდებული არაა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ გადაწყვეტილება აუცილებლად ბავშვის აზრის უშუალოდ მოსმენის და მისი საუკეთესო ინტერესების დადგენის და ამ პრინციპის დასაბუთებით მიიღოს

 

- ბავშვის მონაწილეობა

არსებული კანონმდებლობა დაბრკოლებებს უქმნის ბავშვებს, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათთან დაკავშირებულ საკითხებზე ოჯახში, სკოლაში, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში, ჯანდაცვის, ძალადობისგან დაცვის და ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაშიმნიშვნელოვანია, გაუქმდეს ასაკობრივი და შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ბარიერები, კანონმა უნდა დაადგინოს ბავშვის მონაწილეობის ხელმშემწყობი პროცედურები და მხარდამჭერი მექანიზმები.  


- დისკრიმინაციის დაუშვებლობა

საქართველოს კანონმდებლობა არ ქმნის არათანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან სათანადო დაცვის გარანტიებს ყველა ბავშვისთვის. მაგალითად, კანონი  არ ავალდებულებს ყველა საჯარო დაწესებულებას, მისი ყველა სერვისი ხელმისაწვდომი გახადოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც უშვებს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ვერ ისარგებლებს სასამართლოს, იურიდიული დახმარების თუ სახალხო დამცველის ოფისის მომსახურებით და მხარდაჭერით

კანონმდებლობა არ ქმნის მყარ გარანტიებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური განათლების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, კანონი ადგენს, რომ მშობლების სურვილისამებრ, შშმ ბავშვთა სწავლება შეიძლება მოხდეს ოჯახში, რაც რეალურად უშვებს, რომ მრავალი ბავშვი შესაძლოა სასკოლო განათლების გარეშე დარჩეს. ინკლუზიური განათლება ესაა საკუთრივ ბავშვის და არა მისი მშობლის ან მზრუნველის უფლება. სახელმწიფომ ყველა სათანადო ზომა უნდა მიიღოს ამ უფლების განსახორციელებლად და დაუშვებელია ამ ვალდებულებისგან თავის არიდება რესურსების სიმწირის გამო.

 

- ძალადობისგან დაცვა

მართალია, კანონი კრძალავს ნებისმიერი ფორმის ძალადობას, თუმცა პირდაპირ მითითებას არ აკეთებს ფიზიკური დასჯის, დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის უპირობო, პირდაპირ აკრძალვაზე ოჯახში, სკოლაში და სხვა გარემოში. ამგვარი პირდაპირი აკრძალვის უპირატესი მიზანია ძალადობის პრევენცია და ბავშვის აღზრდის არაძალადობრივი, პოზიტიური ფორმების დამკვიდრების ხელშეწყობა. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოებს პირდაპირ აკრძალონ ფიზიკური დასჯა, როგორც დისციპლინის ზომა, რათა   ცხადი გახდეს, რომ ბავშვის ცემა, “გარტყმაანმოტყაპუნებაისეთივე უკანონოა, როგორც ზრდასრულის. კანონმდებლობა ასევე არ ასახავს ბავშვთა შორის ძალადობის, „ბულინგისგანმარტებას და მისგან დაცვის სპეციფიკურ გარანტიებს.

გარდა ამისა, საჭიროა, კანონმდებლობამ დაადგინოს შრომის ზიანისშემცველი ფორმებისგან და სხვა სახის მავნე ზეგავლენისგან (ალკოჰოლი, აზარტული თამაშები, ნივთიერებები, კიბერ-საფრთხე, სხვა) ბავშვთა დაცვის სპეციფიკური გარანტიები.  

 

- ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების გარანტიები

მართალია, კანონით ბავშვს უფლება აქვს 14 წლის ასაკიდან მიმართოს სასამართლოს, თუმცა დადგენილი არ არის მის შესაძლებლობებზე მორგებული სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის განხილვის და გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურები. ამ მხრივ, ბავშვი თითქმის სრულად არის დამოკიდებული მის მშობელზე ან მეურვეზე

უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომია ბრალდებული, მსჯავრდებული და დანაშაულის მსხვერპლი ბავშვებისთვის, თუმცა ჯანდაცვის საკითხებზე, შეზღუდული შესაძლებლობის გამო სოციალური დაცვის, ოჯახურ დავებში მონაწილეობის და სხვა უფლებების დაცვის პროცესში ბავშვისთვის უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობა გარანტირებული არ არის.

ბავშვის ინტერესების წარმომადგენლები სამოქალაქო ურთიერთობებში და სასამართლოსა თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში არიან მშობლები, თუმცა როდესაც მშობელთა შორის დავაა ან ბავშვსა და მშობელს შორის სხვაგვარი ინტერესთა კონფლიქტია, ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ ასახავს სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, საქმიანობის პრინციპებს, პროცედურებს და ეთიკურ ნორმებს. შედეგად, ბავშვის უფლება წარმომადგენლობაზე პრაქტიკაში ძირითადად შემოიფარგლება მხოლოდ ბავშვთან რამდენიმე შეხვედრით და მისი საცხოვრებელი გარემოს შესახებ ანგარიშების მომზადებით, რაც სრულიად არასაკმარისია ბავშვთან ნდობის დამყარების, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების და მისი მოსაზრებების გასაგებად.

კანონმდებლობა ასევე არ ადგენს პროფესიონალთა სავალდებულო სპეციალიზაციას სამოქალაქო და ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სფეროებში ბავშვის უფლებების, ბავშვთან კომუნიკაციის მეთოდების, ასაკობრივი საჭიროებების და ბავშვზე მორგებული პროცესის შესახებ.  

 

 

► რა უნდა გაკეთდეს კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის


გაანალიზებული 30-ზე მეტი კანონიდან ხარვეზები გამოვლინდა მეტ-ნაკლებად ყველა მათგანში, რაც მოითხოვს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებას


ასევე, ერთერთი რეკომენდაციაა, დაიწყოს მსჯელობა ბავშვის უფლებების თაობაზე ერთიანი სამართლებრივი აქტის შექმნაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ბავშვთა უფლებათა კონვენციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, და რომელზე მუშაობის პროცესიც იქნება ღია, გამჭვირვალე, თანმიმდევრული და მონაწილეობითი. აუცილებელია, რომ მსგავსი კანონმდებლობის მომზადების ყველა ეტაპზე, ყველა დაინტერესებული მხარე იყოს აქტიურად ჩართული.

 

საკანონმდებლო რეფორმა არ გულისხმობს ცვლილებების მხოლოდ ქაღალდზე დაფიქსირებას. კანონმა უნდა უზრუნველყოს რეალური სისტემური რეფორმები, რაც საფუძველი იქნება იმისა, რომ ყველა ბავშვის უფლება საქართველოში იყოს დაცული.

Join / Follow / Connect