შეზღუდული შესაძლებლობების შეფასების მოდელები და საქართველო
შეზღუდული შესაძლებლობების შეფასების მოდელები და საქართველო
მაგული შაღაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე


 

ინტერვიუ გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტთან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მაგული შაღაშვილთან

 


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოების და სახელმწიფოების დამოკიდებულება ისტორიულად განსხვავებული და ცვალებადი იყო. ეს ცვლილებები ახლაც გრძელდება.

როდესაც დამოკიდებულებები ფართო მასშტაბის ხდება, მაშინ ისინი ყალიბდება გარკვეული მოდელების სახით და განსაზღვრავს სოციალურ ნორმებს, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს.

 

შესაბამისად, მოდელის სახით ჩამოყალიბებული დამოკიდებულება და მიდგომები დიდ ზეგავლენას ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არჩევანზე, უფლებებზე.



► შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების რა მოდელები არსებობს და რომელია მათგან დომინანტური საქართველოში?


შეზღუდული შესაძლებლობის მოდელები განსაზღვრავს გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ჩვენი საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას ან პირიქით, აწესებს შეზღუდვებს განათლებაზე, მომსახურებებზე, დასაქმებასა და პოლიტიკური ძალაუფლებაზე. ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვის თვალსაზრისს უფრო მეტად ეფუძნება მოდელი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თუ საზოგადოების დანარჩენი ნაწილის.


როდესაც მსოფლიოში რელიგიას და რელიგიურ ინსტიტუტებს დიდი ზეგავლენა ჰქონდა საზოგადოებასა და მმართველ ძალებზე, შეზღუდული შესაძლებლობა სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან უმეტესწილად განიხილებოდა, როგორც „წინაპრების ცოდვის შედეგი" ან „ღმერთის საჩუქარი"; შეზღუდული შესაძლებლობების რელიგიური მოდელი საზოგადოების და სახელმწიფოს მიერ არაერთგვაროვნად გამოიყენებოდა და დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად სურდათ მათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების აღიარება და მათთვის საყოველთაო რესურსების გაზიარება.


მოგვიანებით, მეცნიერებების განვითარებასთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ დამოკიდებულება უფრო რაციონალური გახდა. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობა დაკავშირებული იქნა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების კეთილდღეობას და ინტეგრაციას საზოგადოებაში სამედიცინო სფეროს სპეციალისტების შეხედულებები და გადაწყვეტილებები განსაზღვრავდა. ასე დამკვიდრდა სამედიცინო მოდელი. მიუხედავად რაციონალიზმისა, სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დამოკიდებულება მაინც განსხვავებული რჩებოდა. მაგალითად, შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები მუდმივად იყვნენ იზოლაციის მსხვერპლნი და ნაკლებად იღებდნენ საჭირო რესურსებს, მაშინ როდესაც ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომის ვეტერანების მიმართ სახელმწიფო და საზოგადოება უფრო მეტ ინტერესს იჩენდა და შესაბამისად ქმნიდა საჭირო მომსახურებებს.

 


მე-20 საუკუნეში ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებულმა სოციალურმა მოძრაობებმა ხელი შეუწყო თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ საკუთარი უფლებების ადვოკატირების გლობალურ პროცესს და აქცენტები გაკეთდა არა შეზღუდულ შესაძლებლობაზე, არამედ გარემო და სოციალურ ბარიერებზე. ამ პროცესების შედეგად ჩამოყალიბდა ახალი მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ - „სოციალური მოდელი", ერთადერთი მოდელი, რომელიც თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით შეიქმნა.


დღეს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების ყველა მოდელი გვხვდება. მაგალითად, სოციალურ ნორმებზე ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენს რელიგიური და სამედიცინო მოდელები. სახელმწიფო ინსტიტუტების და სპეციალისტების გადაწყვეტილებები მეტწილად კვლავ სამედიცინო მოდელს ეყრდნობა. ხოლო სამოქალაქო სექტორის და უფლებადამცველების საქმიანობა იზიარებს სოციალური მოდელის პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი - გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია ხაზს უსვამს სოციალური მოდელის დამკვიდრების საჭიროებას და შეზღუდული შესაძლებლობის განმარტებისას ხაზს უსვამს გარემოს როლს. აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება საქართველოს მთავრობამ მოახდინა 2013 წელს.

 


► რა არის სამედიცინო მოდელის მთავარი მახასიათებლები და როგორაა ის გამოხატული ჩვენთან - როგორც სახელმწიფო დონეზე, ისე საზოგადოებაში?


სამედიცინო მოდელის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობა გამოწვეულია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური შეზღუდვებით და არ უკავშირდება სოციალურ და გეოგრაფიულ ფაქტორებს, ამიტომ, ეს მოდელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს განიხილავს, როგორც გარკვეული დიაგნოზის მქონე პირის, რომელსაც სჭირდება მკურნალობა და ზრუნვა. შესაბამისად, მხარდაჭერა გამოიხატება მკურნალობის გზით და არა გარემო ცვლილებებით. ცხადია, რომ სამედიცინო მოდელი არ არის სამართლიანი, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყოველთვის ავად არ არიან და შეზღუდული შესაძლებლობაც ვერანაირად ვერ განიკურნება. მოდელი მზრუნველობაზეა ფოკუსირებული და განაპირობებს პატერნალისტურ დამოკიდებულებას, რაც თავისთავად ამართლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინსტიტუციონალიზაციას და სეგრეგაციას მათზე ზრუნვის მოტივით. აღნიშნული მოდელი არ აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არჩევანის და საკუთარი პოტენციალის განვითარების საშუალებას. ეს მოდელი ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლებას და დასაქმებას, რადგან ასოცირდება სამედიცინო დაზღვევის და საავადმყოფო შეღავათების ხშირ გამოყენებასთან. ხოლო ავადმყოფი გათავისუფლებულია ისეთი პასუხისმგებლობებისგან, როგორიც არის სკოლაში სიარული, მუშაობა, ოჯახური საქმიანობა და ამიტომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ამ მოდელის მიხედვით, არ მოეთხოვებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. სამედიცინო მოდელი წარმოშობს ძალაუფლების დისბალანსს პროფესიონალსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შორის. რადგან ექსპერტმა უკეთ იცის, რა სჭირდება "ავადმყოფს", ამიტომ ნაკლებად ეკითხება მას და მის ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებას, რაც საბოლოო ჯამში არღვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებს. სამედიცინო მოდელი ზეგავლენას ახდენს სოციალურ პოლიტიკაზე და ხდება ძირითადად სამედიცინო პროგრამებსა და სოციალურ დაცვაზე ორიენტირება, ვიდრე ამ ადამიანების ინკლუზიაზე ზრუნვა.

 


► რა არის სოციალური მოდელის მთავარი მახასიათებლები და რას შეცვლის ეს მოდელი შშმ პირებისთვის?


სოციალური მოდელი, რომლის დანერგვასთან დაკავშირებული აქტივობებიც გაეროს ბავშვთა ფონდის, ევროკავშირისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, განიხილავს შეზღუდულ შესაძლებლობას, როგორც გარემო და სოციალური ბარიერების შედეგს, რაც ხელს უშლის გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, სრული მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სოციალური მოდელი იზიარებს პრინციპს, რომ თუ პრობლემა დევს საზოგადოებაში, რაც ვლინდება სისტემური, გარემო და სოციალური ბარიერების სახით, მაშინ უნდა შეიცვალოს საზოგადოება და აღმოიფხვრას ბარიერები. თუ ეტლით მოსარგებლე ადამიანი ვერ მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ეს უკანასკნელი არ არის მორგებული ყველას საჭიროებას, მაშინ უნდა მოხდეს ტრანსპორტის ადაპტირება და არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის იზოლირება. ამ მოდელის ძლიერი მხარე ისაა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებას, გარემოს და არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პიროვნებას.


ამჟამად, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება ხდება მხოლოდ გარკვეული დიაგნოზების კლასიფიკაციის მიხედვით და გაითვალისწინება პიროვნების მხოლოდ ზოგადი სამედიცინო საჭიროებები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსგავსი სამედიცინო მიდგომა განაპირობებს პიროვნების გაიგივებას მის დიაგნოზთან და არ ხდება მისი ინდივიდუალური საჭიროებების და პოტენციალის შეფასება, ასევე იმ გარემო ფაქტორების შეფასება (ბარიერების გათვალისწინებით), რომელშიც იგი ცხოვრობს. სოციალური მოდელის დამკვიდრებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის მინიჭების სისტემაში პიროვნების ფუნქციური საჭიროებების/უნარების და სოციალური გარემოს შეფასების შემოტანა, რაც საფუძველს ჩაუყრის ბიოფსიქოსოციალური მიდგომის დამკვიდრებას.


გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რათა უახლოეს მომავალში შეზღუდული შესაძლებლობების შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სისტემაში დაინერგოს ბიოფსიქოსოციალური მიდგომა. კონკრეტულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის განსაზღვრისას დიაგნოზებთან ერთად გათვალისწინებული იქნება ბავშვის ინდივიდუალური სოციალური/ფუნქციური საჭიროებები და შესაძლებლობები და გაიზრდება ბავშვის და ოჯახის მონაწილეობა შეფასების პროცესში. აღნიშნული მიდგომის დამკვიდრება აგრეთვე შეუწყობს ხელს გარემო ბარიერების და რესურსების შეფასებასაც, ანუ სოციალური მოდელის დამკვიდრებას. შესაბამისად სოციალური პოლიტიკა რეალურ საჭიროებებზე მორგებული გახდება. ამ ეტაპზე გაეროს ბავშვთა ფონდი სამინისტროსთან ერთად მუშაობს ფუნქციური და სოციალური უნარების შეფასების ინსტრუმენტებზე, რასაც მოყვება აღნიშნული ინსტრუმენტების და ახალი სისტემის პილოტირება. 2018 წელს პილოტირების შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს შეფასების და სტატუსის სისტემის ცვლილება.

 


► დავასახელოთ ის ძირითადი ცვლილებები, რაც საქართველოში არის განსახორციელებელი, რომ ქვეყანა გადავიდეს სამედიცინოდან სოციალურ მოდელზე


• გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავად შშმ პირების ჩართვა, რათა სოციალური პოლიტიკის და პროგრამების შემუშავება მოხდეს მათი უფლებების და საჭიროებების და შესაბამისად.


• ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს ფიზიკურ გარემოს, ტრანსპორტს, ინფორმაციას, ტექნოლოგიებს.


• სოციალური მომსახურებების განვითარება და გაფართოება.


• განათლების თითოეული საფეხურის ხელმისაწვდომობა შშმ ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.


• დასაქმების რეალური შესაძლებლობის შექმნა.


• სოციალური მოდელის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეფასების სისტემამ გაითვალისწინოს პიროვნების ის ფუნქციური უნარები და საჭიროებები, რომელიც საჭიროა ყოველდღიური ცხოვრებისთვის, იქნება ეს თვითმოვლა, კომუნიკაცია, გადაადგილება თუ სოციალურ გარემოში ადაპტირების უნარი. ეს კი სახელმწიფო სისტემას და ინსტიტუტებს მისცემს საშუალებას, დაინახონ ის საჭიროებები, რომლებიც შშმ პირებს აქვთ და შესაბამისად დაგეგემონ პოლიტიკა და პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის - ინფრასტრუქტურა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განათლება, სოციალური კეთილდღეობა, ჯანადაცვა, და დასაქმება.


იმისთვის, რომ სოციალური მოდელი რეალურად დამკვიდრდეს, უპირველესად საზოგადოებაში უნდა მოხდეს იმის სწორად გააზრება, თუ რას ნიშნავს სოციალური მოდელის ღირებულებები და პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში - ეს არის თანასწორი დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ ყოველგვარი წუხილის და შეცოდების გარეშე.


 

Join / Follow / Connect