მიზანი 10: შემცირებული უთანასწორობა
მიზანი 10: შემცირებული უთანასწორობა

 

თანასწორობა: რატომ არის მნიშვნელოვანი?


ჩვენ ვერ მივაღწევთ მდგრად განვითარებას თუ ამ პროცესიდან გამოვრიცხავთ მსოფლიოს მოსახლეობის რომელიმე ნაწილს.


რა არის მიზანი ამ შემთხვევაში?

 

ქვეყნებს შორის და თავად ქვეყნებში უთანასწორობის შემცირება.

 

რატომ?

 

უთანასწორობა, რომელიც ეფუძნება შემოსავალს, სქესს, ასაკს, შეზღუდულ შესაძლებლობას, სექსუალურ ორიენტაციას, რასას, კლასს, ეთნიკურობას, რელიგიასა და შესაძლებლობებს დღესაც გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, ქვეყნებს შორის და თავად ამ ქვეყნებში. უთანასწორობა ემუქრება გრძელვადიან სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ვნებს სიღარიბის შეცირებას და ანგრევს ადამიანების კმაყოფილებისა და ღირსების შეგრძნებას. ამას კი, თავისი მხრივ, შეუძლია სათავე დაუდოს დანაშაულს, დაავადებასა და გარემოს დეგრადაციას.

 

რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ ვერ მივაღწევთ მდგრად განვითარებას და ვერ გავხდით პლანეტას უკეთეს ადგილას ყველასათვის, თუკი ადამიანებს არ ექნებათ შესაძლებლობები, სერვისები და უკეთესი ცხოვრების შანსი.

 

უთანასწორობის რამდენიმე მაგალითი

 

სავარაუდოდ 69 მილიონი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი გარდაიცვლება მიზეზებით, რომელთა თავიდან აცილება ყველაზე მარტივია. სოფლად მცხოვრები ქალები სამჯერ მეტად ხშირად კვდებიან მშობიარობისას, ურბანულ ცენტრებში მცხოვრებ ქალებთან შედარებით. განვითარებად ქვეყნებში მრავალი ოჯახი ცხოვრობს საზოგადოებებში, სადაც შემოსავალი უფრო არათანაბრადაა განაწილებული, ვიდრე ეს იყო 1990-იან წლებში. აქ მხოლოდ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანეთ, მაგრამ უთანასწორობა არის საკითხი, რომელიც ზეგავლენას ახდენს მსოფლიოში ყველა ქვეყანაზე.

 

რატომ უნდა ვიზრუნო უთანასწორობაზე თუკი თავად მე არ განვიცდი არანაირ დისკრიმინაციას?

 

დღევანდელ მსოფლიოში ჩვენ ყველანი ერთმანეთთან დაკავშირებულნი ვართ. პრობლემები და გამოწვევები, იქნება ეს სიღარიბე, კლიმატის ცვლილება, მიგრაცია თუ ეკონომიკური კრიზისები მხოლოდ ერთი ქვეყნით ან რეგიონით არ შემოიფარგლება.

 

თვით ყველაზე მდიდარ ქვეყნებში არის თემები, რომლებიც დამამცირებელ სიღარიბეში ცხოვრობენ. უძველესი დემოკრატიები ჯერ კიდევ ებრძვიან რასიზმს, ჰომოფობიას, ტრანსფობიასა და რელიგიურ შეუწყნარებლობას. გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი ანგარიში საუბრობს უთანასწორობაზე ბავშვებს შორის მაღალი შემოსავლის მქონე რამდენიმე ქვეყანაში.

 

გლობალური უთანასწორობა ყველა ჩვენთაგანზე ახდენს გავლენას მიუხედავად იმისა, თუ ვინ ვართ და რომელი ქვეყნიდან ვართ.

 

შეგვიძლია კი რეალურად მივაღწიოთ თანასწორობას ყველასათვის ამ მსოფლიოში?

 

დიახ! თანასწორობის მიღწევა შესაძლებელია და აუცილებელია მივაღწიოთ თანასწორობას, რათა ვუზრუნველყოთ ღირსეული ცხოვრება ყველასათვის. პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა უნივერსალური უნდა იყოს და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს დაჩაგრული და მარგინალური თემების საჭიროებებს.

 

უახლესი სტატისტიკური მონაცემები ადასტურებენ, რომ თანასწორობის მიღწევა შესაძლებელია. 2007 წლიდან 2012 წლამდე, ზოგიერთი უღარიბესი ოჯახის საშუალო შემოსავალი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ლათინურ ამერიკაში, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებსა და აზიაში, გაიზარდა საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე უფრო სწრაფად, რამაც გამოიწვა ამ ქვეყნებში შემოსავლის უთანასწორობის შემცირება.

 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ?

 

უთანასწორობის შემცირება ტრანსფორმაციულ ცვლილებას მოითხოვს. უფრო მეტი მცდელობაა საჭირო უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოსაფხვრელად და ინვესტიციების გასაკეთებლად ჯანმრთელობის, განათლების,  სოციალური დაცვის სფეროებში და ღირსეულ სამუშაო ადგილების შესაქმნელად, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიგრანტებისა და სხვა დაუცველი თემებისათვის.

 

ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია ინკლუზიური სოციალური და ეკონომიკური ზრდის წახალისება. ჩვენ შეგვიძლია თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შემოსავლის უთანასწორობის შემცირება თუკი ჩვენ აღმოვფხვრით  დისკრიმინაციულ კანონებს, პოლიტიკასა და პრაქტიკას.

 

ქვეყნებს შორის, ჩვენ გვჭირდება ვუზრუნველყოთ ის, რომ განვითარებადი ქვეყნები უკეთ იყვნენ წარმოდგენილი გლობალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რათა გადაწყვეტილებები უფრო ეფექტური, დამაჯერებელი და ანგარიშვალდებული გახდეს.

 

მთავრობებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ასევე შეუძლიათ უსაფრთხო, რეგულარული და ანგარიშვალდებული მიგრაციის მხარდაჭერა, მათ შორის დაგეგმილი და კარგად მართული პოლიტიკის მეშვეობით მილიონობით ადამიანებისათვის, როლებმაც დატოვეს საკუთარი სახლები უკეთესი ცხოვრების ძიებაში ომის, დისკრიმინაციის, სიღარიბის, შესაძლებლობათა ნაკლებობისა და მიგრაციის სხვა მიზეზების გამო.

Join / Follow / Connect