მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) - ხშირად დასმული კითხვები
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) - ხშირად დასმული კითხვები

 

რა არის MICS (მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა)?


მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს და აგროვებს ძირითად მონაცემებს ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად


 

რა ქვეყნებში ტარდება კვლევა და რა სიხშირით?

 

1995 წლიდან დღემდე MICS-ის 295 კვლევა ჩატარდა 107 ქვეყანაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს MICS-ის მეექვსე რაუნდი. საქართველოში MICS-ის კვლევა ბოლოს 2005 წელს ჩატარდა. კვლევა შედგება 6 სტანდარტული კითხვარისა და 60 მოდულისაგან, რომელთა ადაპტირება ხდება იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის მონაცემები ესაჭიროება ქვეყანას

 

საქართველოს რომელ რეგიონებში ტარდება კვლევა?

 

კვლევა ჩატარდება საქართველოს 10 რეგიონში და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) წარმომადგენლები ესტუმრებიან როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში 14,000-ზე მეტ ოჯახს

 

რა არის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) მიზანი?

 

კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. ასევე, ყოველ მეოთხე ოჯახში შემოწმდება სასმელი წყალი ნაწლავის ჩხირის (ეშერიხია კოლი) არსებობაზე. კვლევის ნაწილია 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის განსაზღვრაც, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება.

 

როდის ტარდება მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS)?

 

კვლევა საქართველოში 2018 წელს (20 სექტემბერი - 20 დეკემბერი) ჩატარდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

 

როდის გამოქვეყნდება კვლევის შედეგები?

 

კვლევის საერთო შედეგები, მათ შორის ტყვიის შემცველობის შესახებ, საჯარო გახდება 2019 წელს (სავარაუდოდ, გაზაფხულზე). შერჩევის დიდი მოცულობის წყალობით, მონაცემების ჩაშლა შესაძლებელი იქნება ქალაქ/სოფლის, რეგიონის, სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის და სხვა მახასიათებლების მიხედვით. ტყვიის შემცველობაზე ინდივიდუალური ანალიზების პასუხები ოჯახებს 2019 წლის იანვრიდან ეტაპობრივად გაეგზავნებათ (კონფიდენციალობის დაცვით). 

 

რამდენ ხანს გასტანს კვლევის პროცესი თითო ოჯახში?


ინტერვიუს პროცესი თითოეულ ოჯახში დაახლოებით 1,5 საათს გასტანს. საქსტატის წარმომადგენელი ჩაატარებს ინტერვიუებს შინამეურნეობასთან, და მის ცალკეულ წევრებთან. ამის შემდეგ, მზომავი აწონის და გაზომავს ოჯახის წევრ 5 წლამდე ბავშვებს, იგივე ადამიანი აიღებს სასმელი წყლის სინჯს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შინამეურნეობაში არის 2-7 წლის ბავშვი, მშობლის თანხმობით, სპეციალიზებული მედდა მას აუღებს სისხლს ვენიდან, რომელიც შემოწმდება ტყვიის შემცველობაზე იტალიაში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში.

 

სავალდებულოა თუ არა ტყვიაზე სინჯის აღება?

 

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის გაზომვა არის ნებაყოფლობითი და დამოკიდებულია მშობლის ნებართვაზე.

 

როგორ განისაზღვრება ტყვიის შემცველობა სისხლში?

 

იმ შინამეურნეობებში, სადაც არის 2-7 წლის ბავშვი, კვლევის ფარგლებში აიღება სინჯები ტყვიაზე და გაიზომება ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დონე. კვლევის ფარგლებში მედდა, რომელიც არის გამოცდილი სამედიცინო მუშაკი, ტყვიის გასაზომად აიღებს მცირეოდენ სისხლს ბავშვის ვენიდან მშობლის თანხმობით. სისხლის ნიმუში გაიგზავნება იტალიაში, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიაში. კვლევის წესების მიხედვით, თითო შინამეურნეობიდან მხოლოდ ერთ ბავშვს უკეთდება ანალიზი. თუ შინამეურნეობაში ერთზე მეტი 2-7 წლის ასაკის ბავშვია, ანალიზი ჩაუტარდება ერთ-ერთ ბავშვს. ანალიზის პასუხები მონაწილე ოჯახებს კონფიდენციალობის სრული დაცვით დაეგზავნებათ და საჭიროების შემთხვევაში ისინი მიიღებენ უფასო კონსულტაციას

 

რატომ არის ორგანიზმში ტყვია საზიანო?

 

ტყვია ორგანიზმში ძალიან დამაზიანებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, მის მცირე რაოდენობასაც კი შეუძლია ბავშვის ინტელექტის დაქვეითება და სხვა დაავადებების გამოწვევა. ორგანიზმში ტყვიის შემცველობის შემოწმება ხდება ვენური სისხლის ანალიზით.

 

როდის გახდება ტყვიის ანალიზის შედეგები ცნობილი?

 

ტყვიის ანალიზის შედეგები ოჯახებისთვის ცნობილი გახდება 2019 წლის იანვრიდან და ეტაპობრივად და კონფიდენციალობის დაცვით გაეგზავნება ყველას, ვინც  მონაწილეობდა ტყვიის ანალიზში. ტყვიის ანალიზის საერთო შედეგები კვლევის შედეგებთან ერთად - 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

 

როდის გახდება სასმელი წყლის ანალიზის შედეგები ცნობილი?

 

წყლის სინჯის ანალიზის განზოგადებული შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გახდება საჯარო და გვაჩვენებს წყლის ხარისხის მდგომარეობას როგორც ქვეყნის, ისე თითოეული რეგიონის მიხედვით. წყლის სინჯის ანალიზის ინდივიდუალური პასუხები ოჯახებს ცალცალკე არ გაეგზავნებათ, თუმცა ისინი შეძლებენ ნახონ წყლის ანალიზის განზოგადებული შედეგები მათ რეგიონში.

 

კიდევ რა საკითხებზე შეგროვდება მონაცემები?

 

კვლევის ფარგლებში ასევე შეგროვდება მნიშვნელოვანი მონაცემები შემდეგ თემებზე:

• გარემოს დაცვა - შემოწმდება წყლის ხარისხი, გამოიკითხება ენერგიის მოხმარება;
• ინფრასტრუქტურა - ხელმისაწვდომობა სუფთა წყალზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე; სანიტარული მდგომარეობა;
• ჯანდაცვა - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ტყვიის შემცველობა 2-7 წლის ბავშვებში;
• განათლება - განათლების საფეხურები, დასწრება სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
• ბავშვის განვითარება - არასათანადო ზრუნვა, წიგნებზე ხელმისაწვდომობა, ბავშვის აღზრდის მეთოდები, ა.შ. 
• შეზღუდული შესაძლებლობები - ზრდასრული პირების და ბავშვების ფუნქციონირების შეფასება
• დევნილები და ეროვნული უმცირესობები - მთავარი სოციალური ინდიკატორების ანალიზი
• გენდერული  საკითხები  - ადრეული ქორწინება, ქალთა ჯანმრთლობა, ა.შ.

 

რა საკითხებთან დაკავშირებით იქნება კითხვები შინამეურნეობებისთვის განკუთვნილ კითხვარში?

 

შინამეურნეობის წევრების სია, განათლება, შინამეურნეობის მახასიათებლები, სოციალური დახმარება, შინამეურნეობის მიერ ენერგიის მოხმარება, წყალი და სანიტარია

 

რა საკითხებთან დაკავშირებით იქნება კითხვები ქალებისთვის განკუთვნილ კითხვარში?

 

15-49 წლის ქალები ყველა ოჯახში გამოიკითხებიან შემდეგ თემებზე: ნაყოფიერება/დაბადების ისტორია, ბოლო ბავშვის სასურველობა, დედის და ჩვილის ჯანმრთელობა, პოსტნატალური ჯანმრთელობის შემოწმება, კონტრაცეფცია, კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობა, ქორწინება/კავშირი, აივ/შიდსი, ცხოვრებით კმაყოფილება.

 

რა საკითხებთან დაკავშირებით იქნება კითხვები მამაკაცებისთვის განკუთვნილ კითხვარში?

 

15-49 წლის მამაკაცები ყოველ მეორე ოჯახში გამოიკითხებიან შემდეგ თემებზე: ქორწინება/კავშირი, აივ/შიდსი, ცხოვრებით კმაყოფილება.

 

რა საკითხებთან დაკავშირებით იქნება კითხვები 5-17 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ კითხვარში?

 

ბავშვის აღზრდა, ბავშვის განვითარება, მშობლების ჩართულობა.

 

რა საკითხებთან დაკავშირებით იქნება კითხვები 5 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ კითხვარში?

 

განვითარება ადრეულ ასაკში, ბავშვის აღზრდა, ბავშვის განვითარება, ძუძუთი კვება და კვებითი რაციონი, ავადმყოფის მკურნალობა და მოვლა, ანთროპომეტრია (წონა და სიმაღლე).

 

როგორ მოხდა კვლევის კითხვარების ქართულ რეალობაზე მორგება?

 

კვლევის სათანადოდ განხორციელების, მართვისა და ზედამხედველობის, აგრეთვე ტექნიკური ხასიათის რჩევების მიცემის მიზნით შეიქმნა საზედამხედველო და ტექნიკური კომიტეტები, რომელთა წევრები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შესაბამისი სამინისტროებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან

 

რატომ უნდა მიიღონ შინამეურნეობებმა მონაწილეობა კვლევაში ?

 

კითხვებზე პასუხის გაცემით, შინამეურნეობებს წვლილი შეაქვთ საქართველოს რეგიონებში ქალების და ბავშვების მიმართ არსებული მდგომარეობის შეფასებაშიასევე საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის კვლევაში. გარდა ამისა, ტყვიაზე სინჯის აღების შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ბავშვის სისხლში ტყვიის დონე მომატებულია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასეთ ოჯახს გაუწევს უფასო  კონსულტაციას.

 

შესაძლებელია თუ არა MICS კვლევაში მონაწილეობა, თუ ოჯახი არ მოხვდა საქსტატის შერჩევაში?

 

კვლევაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ შემთხვევითი პრინციპით წინასწარ შერჩეული 14,000-ზე მეტი ოჯახი. თუ თქვენ არ მოხვდით შერჩევაში, მაშინ კვლევაში მონაწილეობას ვერ მიიღებთ

 

სავალდებულოა თუ არა MICS კვლევაში მონაწილეობა?

 

კვლევაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი.


Join / Follow / Connect