ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი საზოგადოებას წარედგინა
ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი საზოგადოებას წარედგინა

 

 

თბილისი, საქართველო, 4 თებერვალი, 2019. დღეს გაიმართა ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიზანია კანონპროექტის მიღებამდე საზოგადოებაში დაიწყოს შესაბამისი დისკუსია და განხილვა. კოდექსი შემუშავდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით.

 

ბავშვის უფლებათა კოდექსი არის სპეციალური კანონი, რომელიც ადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს, დაცვის საშუალებებსა და გარანტიებს ბავშვის უფლებების, თავისუფლებებისა და ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციისთვის. კოდექსი იქნება სახელმძღვანელო სამართლებრივი აქტი ყველა სახელმწიფო ორგანოსთვის, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, საერთო სასამართლოებისთვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისთვის ბავშვთა საკითხებზე მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

“ბავშვის კოდექსი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანს - ბავშვის კეთილდღეობისა და დაცვის უზრუნველყოფას. ჩვენ ვაძლიერებთ ოჯახებს, იმავდროულად ვზრუნავთ იმაზე, რომ სადაც ოჯახი ვერ ართმევს თავს ბავშვის კეთილდღეობას, იქ სახელმწიფომ იტვირთოს ეს ვალდებულება იმგვარად, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სეგმენტში ბავშვი იყოს ბედნიერი. ჩვენ ამ რეფორმაზე უკვე თითქმის ორი წელია ვმუშაობთ. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა, ბატონმა ღასან ხალილმა ამ პროექტში თავისი დიდი წვლილი შეიტანა, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ქ-მა სოფო კილაძემ.

 

„გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო საქართველოს ჰქონოდა სპეციალური კანონი ბავშვის უფლებათა შესახებ,“ განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „2017 წელს იუნისეფმა ჩაატარა ეროვნული კანონმდებლობის ყოვლისმომცველი ანალიზი ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა 30-ზე მეტი კანონის ცვლილების და ბავშვის უფლებების შესახებ ცალკე საკანონმდებლო აქტის შექმნის საჭიროება. მივესალმებით ადამიანის უფლებებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ძალისხმევას და განსაკუთრებით ვაფასებთ კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონ სოფიო კილაძის წამყვან როლს ამ პროცესში. ჩვენ განვაგრძობთ პარლამენტის მხარდაჭერას კოდექსის პროექტის სრულყოფის და მის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით კოდექსის საბოლოო მიღებამდე,“ დასძინა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

 

ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი:

- მოიცავს ბავშვის ყველა უფლებასა და თავისუფლებას და აწესებს მათი დაცვისა და რეალიზებისთვის საჭირო მექანიზმს. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახის, ყველა ტიპის ძალადობისგან დაცვის, ინკლუზიური განათლებისა და ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებების განხორციელებას.

- აღმოფხვრის ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისას არსებულ უთანასწორობას ბავშვის უფლებების დაცვის უკეთესი სისტემის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს ბავშვისა და მისი ოჯახის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

- აწესებს ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების მექანიზმს, რომლის ნაწილი იქნება ბავშვზე ზეგავლენის შეფასება, უწყებათაშორისი კოორდინაცია, მულტიდისციპლინური თანამშრომლობა, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ინფორმირებული პოლიტიკისათვის, ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალების სპეციალიზაცია.

სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კომენტარების მიღების შემდეგ, ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტზე მუშაობა დასრულდება და ის ინიცირებული იქნება პარლამენტში შემდგომი განხილვებისა და მიღებისთვის. მოსალოდნელია, რომ კოდექსს პარლამენტი 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს. ასევე დაგეგმილია კანონპროექტის საჯარო პრეზენტაციები, დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოებასა და ახალგაზრდებთან განხილვის პროცესში მათი მონაწილეობის მიზნით, მოსახლეობის ინფორმირება.

 

***

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართეთ:

მირანდა ცხადაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი,   +995 555 315 430 mtskhadadze@parliament.ge

 

Join / Follow / Connect