საქართველოში ბევრ ღარიბ ბავშვს აღენიშნება სერიოზული ჩამორჩენა განვითარებაში, ამბობს იუნისეფი
საქართველოში ბევრ ღარიბ ბავშვს აღენიშნება სერიოზული ჩამორჩენა განვითარებაში, ამბობს იუნისეფი

 

 

თბილისი, 1 ივნისი, 2014 წ. საქართველოში ბავშვები კვლავ განიცდიან სიღარიბეს. 2013 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, უღარიბეს ოჯახებში მცხოვრები სამი-ხუთი წლის ბავშვების 25 პროცენტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფიზიკური, ემოციური, სოციალური თუ შემეცნებითი განვითარების თვალსაზრისით.   

 

„დღეს საქართველოში ბავშვთა დაცვის დღეა და გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ სოციალურად ყველაზე დაუცველი ბავშვების მდგომარეობას. ამ ბავშვებს აქვთ განვითარების თანაბარი შესაძლებლობის უფლება და სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად,“ აღნიშნავს ნადა მარასოვიჩი, საქართველოში იუნისეფის წარმომადგენლის მოადგილე. „საქართველოში ბავშვები უფრო მეტად დგანან უკიდურესი სიღარიბის რისკის წინაშე, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. რამდენადაც 2014 წელი გამოცხადდა ბავშვის უფლებათა დაცვის წლად, ველით, რომ წლის განმავლობაში მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები და მიიღება გადაწყვეტილებები ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით.“

 

საქართველოს 0-16 წლის ბავშვების 27 პროცენტი ცხოვრობს სიღარიბეში, აქედან 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეს განიცდის და მოიხმარს დღეში 2 ლარზე ნაკლებს. ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბნი არიან, ვიდრე უბავშვო ოჯახები და რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით მეტია სიღატაკის რისკი. სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი 2011 წელს 25%-დან 2013 წელს 27%-მდე გაიზარდა, რადგან სოციალური დანახარჯები უფრო მეტად  სხვა დაუცველ ჯგუფებზე იყო მიმართული.

 

ამასთანავე, კვლევამ აჩვენა, რომ უღარიბეს ოჯახებში 17 წლის ასაკის ბიჭების მხოლოდ 53 პროცენტი დადიოდა რაიმე სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2012-2013 სასწავლო წელს. 18 წლის ასაკის ბიჭებისთვის ეს მაჩვენებელი 47 პროცენტამდე ეცემა.    

 

„ყველა ბავშვისთვის სოციალური დაცვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი,“ ამბობს ნადა მარასოვიჩი. „იუნისეფი ეხმარება საქართველოს მთავრობას სოციალური დაცვის სისტემის გადასინჯვაში, რომ ამ სისტემამ გაითვალისწინოს შეღავათები ბავშვებისათვის. ჩვენი კვლევის თანახმად, რეკომენდებულია ფულადი შეღავათი ყველა ბავშვისთვის, გარდა იმ ბავშვებისა, რომელთაც ეს არ სჭირდებათ, რაც საგრძნობლად შეამცირებს ბავშვთა სიღარიბეს.“

 

ბოლო ორი წლის მანძილზე შემცირდა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე, თუმცა მისი დონე კვლავ ყველაზე მაღალია სხვა მოსახლეობასთან შედარებით. საქართველო უთანასწორობის მაღალი დონის მიხედვით მეორეა ევროპაში. 

 

 

***

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 


მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
მობ.: (+995 599) 53 30 71 ელფოსტა: mkurtsikidze@unicef.org  
www.unicef.ge, https://www.facebook.com/unicefgeorgia

Join / Follow / Connect