ხელოვნება და მუსიკა ახალგაზრდებში ნარკოტიკების საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის
ხელოვნება და მუსიკა ახალგაზრდებში ნარკოტიკების საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის

 

 

თბილისი, 29 მარტი, 2014 წ. არტ ინსტალაცია და მუსიკა ღია ცის ქვეშ პოპულარული ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა არტარეას საგამოფენო სივრცეში. ღონისძიება მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობისა და ნარკოტიკების მოხმარების საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში.  

 

კულტურული ღონისძიება ჩატარდა ერთწლიანი ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სახელწოდებით „იყავი ნამდვილი“. კამპანიას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) საზოგადოებრივ გაერთიანება „ბემონთან“ თანამშრომლობით და აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით.     

 

კამპანიის ფარგლებში მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო მასალა და სარეკლამო რგოლები, ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა მოზარდებსა და ახალგაზრდებში ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით მათი ქცევის, საჭიროებების, დამოკიდებულების და ცოდნის შესახებ, შეიქმნა სატელეფონო საინფორმაციო/საკონსულტაციო ხაზი და ჩატარდა ღონისძიებები საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით. ამასთანავე, გადამზადდა 65 ახალგაზრდა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და 60 თანასწორ-განმანათლებელი რუსთავში, თელავში, თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, რათა მათ საკუთარი სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელონ ინფორმაცია  და მოუწოდონ სხვებს, აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი, განსაკუთრებით ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით. ახალგაზრდები ასევე მოაწყობენ საინფორმაციო შეხვედრებს თანატოლებთან სკოლებში.   

 

 

 

საქართველოში ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა სავარაუდო რიცხვი 40000–დან  (2009 წ.) გაიზარდა 45000–მდე (2012 წ.). არაინექციური ნარკოტიკის მოხმარების დაწყების მედიანური ასაკი საქართველოში 15–16 წელია, ხოლო ინექციური ნარკოტიკის პირველი მოხმარებისა კი – 18–20 წელი.  საქართველოს სტუდენტთა 20 პროცენტს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული უკანონო ნარკოტიკი (ბიჭების 33 პროცენტს და გოგონების 8 პროცენტს). ინექციური ნარკოტიკების მოხმარება დაკავშირებულია  სისხლით გადამდები ისეთი ვირუსების გავრცელების მაღალ რისკთან, როგორცაა აივ–ი, ცე და ბე ჰეპატიტი.   

 

 

კამპანიის ვებ–გვერდი: www.bereal.ge; კამპანიის ფეისბუქის მისამართი: https://facebook.com/bereal.ge

 

***

საკონტაქტო ინფორმაცია:

ლელა თავზარაშვილი, საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი, პროგრამების მენეჯერი
ტელეფონი: 218 60 61; 218 60 60;  599 53 28 03
ელ-ფოსტა ltavzarashvili@bemoni.ge
 
 

მაია ქურციკიძე. იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30. მობ: (995 599) 53 30 71

ელ–ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect