სოციალური მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის მწირია და ბევრი ბავშვის უფლება არ არის დაცული
სოციალური მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის მწირია და ბევრი ბავშვის უფლება არ არის დაცული

 

7 დეკემბერი, 2017. თბილისი. შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე პოლიტიკის დიალოგი იმართება საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, რომლის მიზანია სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით იმ ხარვეზების გამოვლენა, რაც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ისარგებლონ სოციალური მომსახურებებით. ამგვარი მომსახურებების ნაკლებობის, არათანაბარი გადანაწილებისა და ასევე საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების გამო, ათასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ვერ ახერხებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას.

 

სოციალური მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის არასაკმარისია და ბევრ რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში საერთოდ არ არსებობს. აუცილებელია იმის შეფასება, თუ რა ტიპის მომსახურებები არსებობს და კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ დახმარება ყველა ბავშვისათვის იყოს ხელმისაწვდომი.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძალიან ბევრი ბავშვი კვლავ არ არის რეგისტრირებული და ეს ბავშვები არ იღებენ არც სოციალური დახმარებას და არც სხვა სახის მომსახურებას. შესაბამისად ისინი იზოლირებულნი არიან საზოგადოებისაგან და ხდება მათი დისკრიმინაცია. შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული სანდო სტატისტიკური მონაცემები აუცილებელია ეროვნული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებისათვის.

 

შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე პოლიტიკის დიალოგი მიზნად ისახავს კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას.

 

საქართველო შეუერთდა გაეროს კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ და ვალდებულება აიღო დაეცვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა/ბავშვთა ძირითადი უფლებები, მათ შორის, სიცოცხლის, ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის უფლებები.

 

გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან კონვენციის განხორციელების მიზნით და ეხმარება მას შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური მოდელის დანერგვაში, მომსახურებების განვითარებაში, პოლიტიკისა და კანონმდებლობის გადასინჯვაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დე-ინსტიტუციონალიზაციასა და საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების შემცირებაში.

 

 

***

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის  კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

მობ.: (+995 599) 53 30 71 ელფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

www.unicef.ge

Join / Follow / Connect