ქართველი და უცხოელი ხელოვანები ნარკოტიკების წინააღმდეგ ერთიანდებიან
ქართველი და უცხოელი ხელოვანები ნარკოტიკების წინააღმდეგ ერთიანდებიან
საშა გრაუმანი, Unicef-ის წარმომადგენელი საქართველოში, გაეროს სახლში გამართულ პრეს კონფერენციაზე. UNICEF/Geo-2014/Khizanishvili

 

 

თბილისი, 20 ივნისი, 2014 წ. ოცამდე ხელოვანი მსოფლიოს შვიდი ქვეყნიდან (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, რუმინეთი, გერმანია, უკრაინა და ბრაზილია) შეურთდებიან ქართველ კოლეგებს 26 ივნისს თბილისში “ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის” საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ღონისძიება ტარდება ფესტივალი პოემუსის ფარგლებში.

ფესტივალი გაიხსნება სპექტაკლი-პერფორმანსით „იყავი ნამდვილი“, სადაც „გააცოცხლებენ“ ისეთ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს, როგორიცაა ჯენის ჯოპლინი, ჯიმ მორისონი, ჰიტ ლეჯერი, კურტ კობეინი, ემი ვაინჰაუსი, დალიდა, ედიტ პიაფი და სხვები, რომლებიც იყვნენ წამალდამოკიდებულნი და რომელთა სიცოცხლე ნარკოტიკებს შეეწირა. ქართველი და უცხოელი მსახიობები წაიკითხავენ ნაწყვეტებს ცნობილი მუსიკოსებისა და მსახიობების პირადი დღიურებიდან. პერფორმანსი ასევე მოიცავს ვიდეო პროექციებს და მუსიკალურ და თეატრალურ ელემენტებს.       

 

ღონისძიება ნაწილია ერთწლიანი ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანიისა „იყავი ნამდვილი“ (BE REAL), რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ მიერ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით. ფესტივალ პოემუსის მხარდამჭერია ასევე ევროკავშირი და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

„იყავი ნამდვილი“ კამპანიის ფარგლებში მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო მასალა და სარეკლამო რგოლები, ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა მოზარდებსა და ახალგაზრდებში ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით მათი ქცევის, საჭიროებების, დამოკიდებულების და ცოდნის შესახებ, შეიქმნა სატელეფონო საინფორმაციო/საკონსულტაციო ხაზი და ჩატარდა ღონისძიებები საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით. ამასთანავე, გადამზადდა 65 ახალგაზრდა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და 60 თანასწორ-განმანათლებელი რუსთავში, თელავში, თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, რათა მათ გაავრცელონ ინფორმაცია  და მოუწოდონ სხვა ახალგაზრდებს, აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი, განსაკუთრებით ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით. ახალგაზრდებმა, ასევე, მოაწყეს საინფორმაციო შეხვედრები თანატოლებთან სკოლებში.  

 

“ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის” გაეროს საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 ივნისს, რათა ყურადღება გამახვილდეს იმ მძიმე პრობლემაზე, რომელსაც უკანონო ნარკოტიკები ქმნიან საზოგადოებისათვის. ამ საერთაშორისო დღეს მხარს უჭერენ ადამიანები, თემები და ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში.

 

საქართველოში ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა სავარაუდო რიცხვი 40000–დან  (2010 წ.) გაიზარდა 45000–მდე (2012 წ.). სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანახმად, ყველა სახის ნარკოტიკის აღრიცხულ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 60 000-ია. არაინექციური ნარკოტიკის მოხმარების დაწყების მედიანური ასაკი საქართველოში 15–16 წელია. ბოლო დროს ახალგაზრდებში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ  ახალგაზრდების 57.3-მა პროცენტმა არაფერი იცის ნარკოტიკების მოხმარების უარყოფითი შედეგების შესახებ; რესპონდენტთა 21.4 პროცენტს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული უკანონო ნარკოტიკი უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში; კვლევაში მონაწილე ახალგაზრდების 15 პროცენტს უკანონო ნარკოტიკი გამოყენებული აქვს სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე.

 

კამპანიის ვებ-გვერდი www.bereal.ge; კამპანიის ფეისბუქის მისამართი https://facebook.com/bereal.ge

 

***

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბექა ელბაქიძე, პოემუსი  elbaqidzebeqa@gmail.com 
 ტელ: +995 599 63 77 04, https://www.facebook.com/poemus2013
 
ლელა თავზარაშვილი, საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი
ტელ: 218 60 61; 218 60 60;  599 53 28 03
ელ-ფოსტა ltavzarashvili@bemoni.ge
 

 

მაია ქურციკიძე. იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: (995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30. მობ: (995 599) 53 30 71

ელ–ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect