გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება სკოლამდელი სავალდებულო სტანდარტების დამტკიცების შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება სკოლამდელი სავალდებულო სტანდარტების დამტკიცების შესახებ
UNICEF/Geo-2015/Gurgenidze

 

 

თბილისი, საქართველო. 7 ნოემბერი, 2017. გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული სახელმწიფო  სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცებას.

 

 

სავალდებულო სტანდარტების დანერგვა იყო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის მოთხოვნა და მის შემუშავებაში მთავრობას გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა. 


 

 

 

გასულ კვირას მთავრობამ დაამტკიცა შემდეგი სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები:


  • ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი;
  • აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი;
  • ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებაში კვების ორგანიზების და კვებითი ღირებულების ნორმების განმსაზღვრელი ტექნიკური რეგლამენტი;
  • ტექნიკური რეგლამენტი ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ.

 

ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობა დაამტკიცებს ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობის და აღჭურვილობის ტექნიკურ რეგლამენტს ისევე, როგორც საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესს, რაც უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ კანონის რეალიზებას.

 

2018 წლის ბოლოსთვის, თითოეული საბავშვო ბაღი, (სახელმწიფო თუ კერძო),  ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია ახალი სავალდებულო სტანდარტების მიხედვით. გაეროს ბავშვთა ფონდი შესაბამის სამინისტროებს დაეხმარა აღნიშნული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაში.

 

სტანდარტები ხელს შეუწყობს ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ჩამოყალიბებას, რომელიც  მიმართულია ბავშვის განვითარებაზე, პასუხობს მის ინტერესებსა და საჭიროებებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას, წყლის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას და ბავშვების სათანადო კვებით უზრუნველყოფას.

 

სკოლამდელ დაწესებულებებში სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტებს და ამდენად, 2018 და მომდევნო წლების ბიუჯეტში მუნიციპალიტეტებმა უნდა გაითვალისწინონ ხსენებული სტანდარტების დანერგვისთვის აუცილებელი თანხები. სტანდარტების დანერგვისათვის, მუნიციპალიტეტებს მოუწევთ ახალი ადგილების შექმნა ახალი საბავშვო ბაღების აშენების და არსებული სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაციის გზით ან ისეთი ალტერნატივის მოძებნა, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას  ყველა ბავშვისთვის; ასევე  განათლების ხარისხის გაუმჯობესება სკოლამდელი დაწესებულებების ძირითადი პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების გზით.

 

გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერას.

 

*** 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:


მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

მობ.: (+995 599) 53 30 71 ელფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

 

Join / Follow / Connect