ბავშვთა საკითხების გაშუქება გაიზარდა, თუმცა სიღრმისეული გაშუქება კვლავ პრობლემაა
ბავშვთა საკითხების გაშუქება გაიზარდა, თუმცა სიღრმისეული გაშუქება კვლავ პრობლემაა
იუნისეფი/საქ-2016/ხიზანიშვილი

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  მედია მონიტორინგის შედეგებს აჯამებს 

 

თბილისი, 22 დეკემბერი, 2016 . მედიაში გაიზარდა ბავშვთა საკითხების გაშუქება შარშანდელთან შედარებით; ბავშვების შესახებ მომზადებული მასალების მხოლოდ 1%- შეადგენს ისეთი ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც საკითხი სიღრმისეულადაა განხილული; არა ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ბავშვის სახის დაფარვა არ იყო აუცილებელი, ეს კი ხშირად ხელს უწყობს ბავშვთა სტიგმატიზებას - ასეთია ძირითადი მიგნებები მედია მონიტორინგისა, რომელიც ჩატარდა 2016 წლის აპრილიდან დეკემბრამდე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით.  


წინა მონიტორიგთან შედარებით 12-დან 35 პროცენტამდე გაიზარდა იმ მასალების რიცხვი, სადაც ბავშვები თავად საუბრობენ. ჯანმრთელობის პრობლემის მქონე და სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების საკითხი უმთავრესად ქველმოქმედების ჭრილში შუქდებოდა, მედია ცდილობდა თავად მოეძიებინა სახსრები მათ დასახმარებლად და აქცენტს არ აკეთებდა სისტემურ პრობლემებზე.


ყველაზე ხშირად შუქდებოდა განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა აქცენტი გადატანილი იყო კონკრეტულ ღონისძიებებზე და არა საკითხის სიღრმისეულ გაშუქებაზე. განათლების შემდეგ ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობოდა კრიმინალსა და ქველმოქმედებას. ოჯახში ძალადობა ყველაზე ნაკლებად გაშუქდა.

 

იუნისეფი/საქ-2016/ხიზანიშვილი


იუნისეფი/საქ-2016/ხიზანიშვილი


ზოგადად, მედია ცდილობდა დაეცვა ეთიკური სტანდარტები და ნორმები და არ დაერღვია ბავშვის უფლებები, თუმცა ზოგჯერ ჟურნალისტებსა და რედაქტორებს უჭირდათ სათანადო ფორმატის მოძებნა და ხშირად, საჭიროების გარეშე, ფარავდნენ ბავშვის სახეს


აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატში სიახლე იყო საბავშვო პროგრამების შეფასება. საბავშვო არხების ეთერში გასული გადაცემები ვერ სთავაზობს საინტერესო და მრავალფეროვან შინაარსს სხვადასხვა ასაკის არასრულწლოვნებს.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ პროექტის ფარგლებში ასევე ჩაატარდა ტრენინგები ბავშვთა საკითხების უკეთ გაშუქების შესახებ შემდეგ მედია საშუალებების რედაქციებში: "რუსთავი 2-ის" დილის გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველო", აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური, "იმედის" გადაცემა "დღის შოუ" და ქუთაისში ინტერნეტ გამოცემა Kutaisipost.ge.  ტრენერები - ნინო ჯაფიაშვილი და ზვიად ქორიძე თითოეულ მედია საშუალებაში სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ და შემოქმედებით გუნდთან ერთად განიხილავდნენ მათ მიერ ბავშვებთან დაკავშირებით უკვე მომზადებულმასალებსიმ ეთიკურ 

დილემებსრაც მუშაობისას წარმოეშვათ და გეგმავდნენ ახალ თემებს.  

 

პროექტის ფარგლებში ასევე, შემუშავდა ეთიკური გაშუქების სახელმძღვანელო წესები, კონკრეტული მაგალითების ანალიზი და გაიმართა შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან. სახელმძღვანელი ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

 

 

მონიტორინგის შესახებ


მონიტორინგის მიზანი ელექტრონულონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა და ბავშვთა უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი იყო.


2016 წლის 1 აპრილიდან 1 დეკემბრამდე ქარტიის მონიტორებმა შეისწავლეს 4,000-ზე მეტი სიუჟეტი, სტატია და მოკლე ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხებოდა ბავშვებს. მონიტორინგის დროს გამოიყენებოდა ანალიზის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდი.


მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში ხელმისაწვდომია ამ ბმულზე და ვებ-გვერდზე: www.qartia.org.ge

 

***

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:


ნატა ძველიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის

ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი

ტელ: 593 42 18 55, n.dzvelishvili@gmail.com 

 www.qartia.org.ge


მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: (+995 599) 53 30 71 ელფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect