მედია წიგნიერების სახელმძღვანელო და მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების სიღრმისეული ანალიზი - ქარტია და იუნისეფი თანამშრომლობას ახალი მიმართულებით იწყებენ
მედია წიგნიერების სახელმძღვანელო და მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების სიღრმისეული ანალიზი - ქარტია და იუნისეფი თანამშრომლობას ახალი მიმართულებით იწყებენ
იუნისეფი/საქ-2017/ხეთაგური

 

თბილისი. 3 მაისი. 2018 წელი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს - მიმდინარე წელს შეიქმნება მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო, რომელიც  იუნისეფის კოსოვოს ოფისის მიერ განხორციელებული პროგრამის PONDER-ის ადაპტირებული ვერსია იქნება. ექსპერტთა ჯგუფი გადაამუშავებს არსებულ რესურსს  და შეიმუშავებს კონკრეტულ სავარჯიშოებს, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარება მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკულად წაკითხვასა და გაანალიზებაში. სავარჯიშოები ფოკუსირებული იქნება როგორც ტექსტურ, ისე აუდიო და ვიდეო/ფოტო მასალის გააზრების უნარის განვითარებაზე. 


სახელმძღვანელოს პრაქტიკაში გამოყენების მიზნით წლის ბოლოს გაიმართება  ორდღიანი სემინარი ახალგაზრდებისათვის და მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება კონკურსის შედეგად. 


თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის ნაკადი სულ უფრო იზრდება, საზოგადოებას უწევს ამოარჩიოს სანდო ინფორმაცია. ეს კი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს საზოგადოებას - განივითაროს ინფორმაციის სელექციის უნარი. საქართველოშიც სულ უფრო აქტუალური ხდება მედიაწიგნიერების განვითარების საკითხი, რადგან მხოლოდ მედიაწიგნიერ და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებას შეეძლება თავი დაიცვას  დეზინფორმაციისაგან. სწორედ ეს მიზანი აქვს მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს შექმნას და ახალგაზრდებშიკრიტიკული აზროვნების განვითარებას.


პროექტი ასევე მოიცავს კვლევის კომპონენტსაც. 2013 წლიდან ქარტია და იუნისეფი რეგულარულად ატარებდნენ მედიამონიტორინგს და აკვირდებოდნენ, თუ როგორ შუქდებოდა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები მედიაში. ამ წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი თვალსაჩინოა - მკვეთრად შემცირდა უხეში ეთიკური დარღვევები, ამიტომაც 2018 წელს შეიცვალა კვლევის მეთოდოლოგია და ამჯერად გაანალიზდება, თუ რა დისკურსით ვრცელდება ინფორმაცია, რა არის ის ძირთადი თემები, სადაც ჩანს ბავშვი და რა მთავარ მესიჯებს ავრცელებს მედია ამ საკითხებთან დაკავშირებით.ამისათვის გაანალიზდება მედიის მიერ ბავშვების შესახებ მომზადებული როგორც ტექსტური, ისე ვიზუალური მასალა დისკურსული ანალიზის მეთოდოლოგიით.


2018 წლის ბოლოს ქარტია სხვა ნომინაციებთან ერთად გამოაცხადებს პრიზს ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქების ნომინაციაში. ღია კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც ქარტიისა და იუნისეფის უკვე ტრადიციად ქცეული პრიზი გადაეცემა. 

 

დამატებითიინფორმაციისათვისგთხოვთდაუკავშირდეთ:

 

ნატა ძველიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის

ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი

ტელ:593 42 18 55,n.dzvelishvili@gmail.com

www.qartia.ge

 

მაია ქურციკიძეგაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: (+995 599) 53 30 71 ელფოსტაmkurtsikidze@unicef.orgwww.unicef.ge

Join / Follow / Connect