ქართულ მედიაში გაიზარდა განათლების და ჯანდაცვის საკითხების გაშუქება
ქართულ მედიაში გაიზარდა განათლების და ჯანდაცვის საკითხების გაშუქება
UNICEF/Geo-2014/Khizanishvili
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედია მონიტორინგის შედეგებს აჯამებს

 

თბილისი, 4 ივლისი, 2014. ქართული მედია უფრო მეტ ყურადღებას უთმობს განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებს. თემატურ გაშუქებაში ასევე სჭარბობს ქველმოქმედებასთან დაკავშირებული თემები. მათ მოჰყვება კრიმინალი და სოციალური საკითხები - ასეთია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის შედეგები, რომელიც იანვარ-ივნისის პერიოდში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.


მონიტორინგის შედეგები მიუთითებს, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქებისას, მედია ძირითად შემთხვევებში ცდილობს დაიცვას ბავშვთა უფლებები და ეთიკური ნორმები. ჟურნალისტები და რედაქტორები მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ბავშვებთან დაკავშირებულ თემებს, თუმცა  მონიტორინგის შედეგებმა ასევე გამოავლინა, რომ ბავშვის უფლებებისა და ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევები კვლავაც გვხდება.

 

UNICEF/Geo-2014/Khizanishvili

 

სპეციალური პრიზი ბავშვთა საკითხების სიღრმისეული და ეთიკური გაშუქებისათვის გადაეცა ჟურნალ 'ლიბერალის' ჟურნალისტს თათია ხალიანს. ფოტო: UNICEF/Geo-2014/Khizanishvili

და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემას 'რეალური სივრცე', პრიზს იღებს გადაცემის პროდიუსერი ქეთი კაპანაძე. ფოტო: UNICEF/Geo-2014/Khizanishvili


კვლავაც პრობლემად რჩება არა მიმდინარე ახალი ამბების, არამედ ისეთი თემების ფართოდ და სიღრმისეულად გაშუქება, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობისთვის და რომელიც გავლენას ახდენს არა მარტო მათ ცხოვრებაზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზეც.

სიღრმისეული გაშუქების ხელშეწყობის მიზნით დაწესდება ქარტიისა და იუნისეფის ყოველწლიური პრიზი, რომელიც წლის ბოლომდე გამოავლენს ბავშვთა თემაზე მომზადებულ საუკეთესო ნამუშევრებს.

 

ფოტო: UNICEF/Geo-2014/Khizanishvili


მონიტორინგის შესახებ

მონიტორინგის მიზანი, ელექტრონულ,  ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა და პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის ანალიზი იყო.

პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა: მედიის მონიტორინგი, სემინარი ჟურნალისტებისთვის, დისკუსია რედაქტორებთან და პროდიუსერებთან და ბავშვთა საკითხებზე მომზადებული სიღრმისეული და ეთიკური სტანდარტების დაცვით მომზადებული ნამუშევრების გამოვლენა. 

ქარტიის მონიტორებმა სულ შეისწავლეს 4 470 ნამუშევარი, როგორც სიუჟეტები და სტატიები, ისე მოკლე ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხებოდა ბავშვებს.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ეთიკურ გადაცდომებზე ქარტია მიმართავდა კონკრეტულ მედიასაშუალებებს. პროექტის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ მედია ორგანიზაციების უმრავლესობა ცდილობდა ხარვეზის გამოსწორებას და რეკომენდაციების სამომავლოდ გაზიარებას.  

მედია მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში წარმოდგენილია ის ტენდენციები, რომლებიც მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქებისას გამოიკვეთა, ბავშვთა უფლებებისა და ეთიკური ნორმების დარღვევის მაგალითები და კონკრეტული რეკომენდაციები.

მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/MonitoringGeo

 

***

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

 

 

თამარ რუხაძე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის

ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი

ტელ: 599 40 90 31, tamar.rukhadze@gmail.com

 www.qartia.org.ge

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
მობ.: (+995 599) 53 30 71 ელფოსტა: mkurtsikidze@unicef.org    

 

www.unicef.ge      

Join / Follow / Connect