რაგბი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის მიზნით - საქართველოში ახალი მხატვრული ფილმის გადაღება იწყება
რაგბი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის მიზნით - საქართველოში ახალი მხატვრული ფილმის გადაღება იწყება
UNICEF/Geo-2011/Amurvelashvili

 

თბილისი, 14 ივნისი, 2017 წ. საქართველოში იწყება მხატვრული ფილმის „უარყოფითი რიცხვები“ გადაღება. ფილმი ეხება გაეროს ბავშვთა ფონდის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს რაგბის კავშირის ერთობლივ ინიციატივას კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში რაგბის გაკვეთილების შესახებ. ფილმს აფინანსებენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ფრანგი და ბრიტანელი პროდიუსერები.

             

ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიებს კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების შესახებ, რომელთა ცხოვრება შეცვალა რაგბის თამაშმა.  აღნიშნული ინიციატივა, რომელიც განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მოიცავდა რაგბის გაკვეთილებს და სპორტული მოედნის რეაბილიტაციას  თბილისის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში.  

 

ავჭალის სარეაბილიტაციო დაწესებულებაში რაგბის გაკვეთილები 2011 წელს დაინერგა ახალგაზრდა მსჯავრდებულების მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის და გუნდური მუშაობის შესწავლის მიზნით. აღნიშნულ ინიციატივაში სამოცამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა და ბევრმა მათგანმა სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდეგაც განაგრძო რაგბის თამაში.  

 

რაგბი და ზოგადად, სპორტი არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ მოზარდები ავარიდოთ პრობლემურ ქცევას და დავანახოთ ისეთი ფასეულობები, როგორიცაა პატივისცემა, მეგობრობა,  ურთიერთდახმარება და წაგების ღირსეულად მიღება. რაგბის გაკვეთილებმა ძლიერი გავლენა მოახდინა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ახალგაზრდებზე, რომლებიც შემდეგ ნაკლებ აგრესიას ავლენდნენ ერთმანეთის მიმართ, ისწვლეს შეცდომების აღიარება და ბოდიშის მოხდა, მოედანზე თუ მის გარეთ მარცხთან გამკლავება და მოგებული თანატოლების მიმართ პატივისცემის გამოხატვა. რაგბიმ დადებითად იმოქმედა მათ ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე.   

 

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში. პროექტი 'მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში' ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. დაგეგმილია  სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ეროვნული კანონმდებლობის გადასინჯვა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; მართლსმაჯულების სისტემაში მყოფი ბავშვების შესახებ სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნა;   ბავშვის უფლებათა მონიტორინგის და ხარისხის უზრუნველყოფის უწყებრივი მექანიზმების გაძლიერება;  მართლსმაჯულების სისტემაში ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა;  სისხლის  და სამოქალაქო სამართლის სისტემის სპეციალიზაცია და სპეციალიზებული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება;   კანონთან კონფლიქტში მყოფი და დაზარალებული ან მოწმე ბავშვებისა და სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაში მონაწილე ბავშვების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ.   

 


 ***

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  მობ: (+995 599) 53 30 71

ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect