რუსთავის რაიონული პროკურატურის შენობაში ბავშვზე მორგებული სივრცე იხსნება
რუსთავის რაიონული პროკურატურის შენობაში ბავშვზე მორგებული სივრცე იხსნება
UNICEF/საქ-2018/ჭაავა

 

''შეუძლებელია ბავშვის ეფექტიანად მოსმენა მისი ასაკისთვის შეუსაბამო, შიშისმომგვრელ, მტრულ და  გულგრილ გარემოში'' - ბავშვის უფლებათა კონვენცია.


2018 წლის 30 მაისი, რუსთავი, საქართველო. რუსთავის პროკურატურის შენობაში გაიხსნა სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი ბავშვზე მორგებული გამოკითხვის ოთახი, რაც დიდი მიღწევაა საქართველოში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარების გზაზე. ეს სივრცე ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციის საპილოტე მოდელია. კონცეფცია ითვალისწინებს მართლმსაჯულების დაწესებულებებში სპეციალური სივრცეების შექმნას, სადაც გათვალისწინებულია ბავშვის განსაკუთრებული საჭიროებები,  უზრუნველყოფილია ბავშვის მონაწილეობა, კონფიდენციალობა და განმეორებითი ზიანის თავიდან აცილება. მსგავსი სივრცეები ასევე იქმნება რუსთავის პოლიციაში, იურიდიული დახმარების სამსახურის და სასამართლოს შენობებში.  

 

ბავშვზე მორგებული გარემო შეიქმნა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით „საქართველოში მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნის “პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ნაწილია.  


„მართლმსაჯულების სისტემასთან კონტაქტში მყოფი ბავშვი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ ეტაპზე“ - ამბობს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა გადი. „გარემო ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის სრულფასოვან მონაწილეობას და მისი უფლებების რეალიზებას. ბავშვზე მორგებული გამოკითხვის ოთახების შექმნას თან უნდა ახლდეს ბავშვთან მომუშავე  სპეციალიზირებული პროფესიონალების გუნდი, დეტალური სახელმძღვანელოები პროფესიონალებისთვის, ბავშვთან გასაუბრების  სათანადო პროცედურები, მსხვერპლ ბავშვთა მხარდასაჭერად კოორდინაციის გაძლიერება და სარეაბილიტაციო სერვისების გაფართოება. პროფესიონალთა მხრიდან ბავშვისადმი კეთილგანწყობილი მიდგომა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზი არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა. პირველი გადაწონის მეორეს, მაგრამ არა პირიქით“, - დაამატა ლაილა გადმა. 


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში გათვალისწინებული გარანტიები ყოველთვის არ ხორციელდება პრაქტიკაში ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობის გამო. კერძოდ, მართლმსაჯულების დაწესებულებებში არ არის სათანადო სივრცეები ბავშვის გამოკითხვისთვის ან ბავშვსა და მის ადვოკატს შორის კონფიდენციალური შეხვედრებისთვის. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, გადაწყდა ბავშვზე მორგებული გასაუბრების ოთახის პილოტირება და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ ბავშვთან გასაუბრების პროცედურების დანერგვა მართლმსაჯულების პროცესის ყველა რგოლში - რუსთავის პოლიციის, პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სასამართლოს შენობებში. 


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ხელს უწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას და იცავს კანონთან კონფლიქტში მყოფი და სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცესში მონაწილე ბავშვების ინტერესებს. 

 

***

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით:

მაია ქურციკიძეგაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ:  599 53 30 71 ელ-ფოსტა:mkurtsikidze@unicef.org   
www.unicef.ge

Join / Follow / Connect