სამშობიარო სახლებს აჭარასა და სამეგრელოს რეგიონებში მიენიჭათ შესაბამისი დონეები არსებული შესაძლებლობებისა და მომსახურების ტიპების მიხედვით  
სამშობიარო სახლებს აჭარასა და სამეგრელოს რეგიონებში მიენიჭათ შესაბამისი დონეები არსებული შესაძლებლობებისა და მომსახურების ტიპების მიხედვით  
იუნისეფი/საქ-2015/ხეთაგური

 

თბილისი, საქართველო. 17 ივლისი, 2017 წ.  აჭარისა და სამეგრელოს რეგიონების 17 სამშობიარო სახლი გააგრძელებს სპეციალიზებულ მომსახურებას მათთვის მინიჭებული დონის მიხედვით. შესაბამისი დონე განისაზღვრა პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ 14-15 ივლისს ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე. შეხვედრებზე ასევე, შეფასდა  პროექტში მონაწილე სამშობიარო სახლების მუშაობა და განიხილა მათი მიღწევები და არსებული გამოწვევები.   


პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის პროცესი დაიწყო 2016 წელს აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით.  პროექტის ფარგლებში, იუნისეფის დახმარებით, აღნიშნულ რეგიონებში შეფასდა 25 სამშობიარო სახლი და გადამზადდა იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალი (მეან-გინეკოლოგები, ბებიაქალები და ნეონატოლოგები).  გაეროს ბავშვთა ფონდმა, ასევე,  მთავრობისთვის შეიმუშავა რეკომენდაციები შესაბამისი დონეების მინიჭების შესახებ.

 


პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის გაუმჯობესებისკენ. იგი გულისხმობს არსებული სამშობიარო სახლებისთვის მომსახურების დონეების (I-III დონე) მინიჭებას თითოეული დონისათვის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ადამიანური რესურსის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ლაბორატორიისა და დიაგნოსტიკური მომსახურების გათვალისწინებით. ყოველი დონე ემსახურება იმ პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი ტექნოლოგიური და პროფესიული უნარები.  რეგიონალიზაციის კონცეფციის თანახმად, მშობიარობა უნდა ხდებოდეს დაწესებულებაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კონკრეტული ფეხმძიმე ქალის საჭიროებებს აღჭურვილობის და კვალიფიციური პერსონალის თვალსაზრისით.   


პროექტის განხორციელება ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით,   2015 წლის 1 მაისიდან დაიწყო პილოტის სახით, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების პერინატალურ დაწესებულებებში.  შემდეგ პროექტი გავრცელდა ქვემო ქართლსა და თბილისში ,,Rotary Clubs”-სა და   გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით. 2016 წელს რეგიონალიზაციის კონცეფციის განხორციელება დაიწყო აჭარის, გურიის,  სამეგრელო-ზემო სვანეთის,  მცხეთა-მთიანეთის და  შიდა ქართლის რეგიონებში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ინიციატივა დაინერგა კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში  ,,World Vision”-თან პარტნიორობით.  

 

ქვეყნის მასშტაბით სულ შეფასდა 107 პერინატალური დაწესებულება, მათ შორის  მოხდა 70 დაწესებულების სერტიფიცირება და აღნიშნული სამსახურები მათთვის მინიჭებული შესაბამისი დონეების მიხედვით გააგრძელებენ პერინატალურ მომსახურებას.

 

 

*** 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  მობ: (+995 599) 53 30 71

ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect