შეზღუდულ შესაძლებლობას იწვევს საზოგადოების მოწყობის ტიპი და არა პიროვნების შეზღუდული უნარები, აღნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდი
შეზღუდულ შესაძლებლობას იწვევს საზოგადოების მოწყობის ტიპი და არა პიროვნების შეზღუდული უნარები, აღნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდი
იუნისეფი/საქ-2017/სვანიძე

 

თბილისი. 14 ივნისი. 2017. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ქვეყანას, რომ დაჩქარდეს შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ მოდელზე გადასვლა შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის სისტემაში.

 

შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის საქართველოში არსებული სისტემა ჯერ კიდევ ეფუძნება სამედიცინო მოდელს, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ მათი შეზღუდული უნარის ან განსხვავებულობის გამო. სამედიცინო მოდელის თანახმად, ეს შეზღუდული უნარები ან განსხვავებულობა უნდა „გამოსწორდეს“ ან შეიცვალოს სამედიცინო ან სხვა სახის მკურნალობით, თუნდაც ეს შეზღუდული უნარები ან განსხვავებულობა არ იწვევდეს ტკივილს ან ავადმყოფობას. 

 

შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური მოდელი მიიჩნევს, რომ შეზღუდულ შესაძლებლობას  საზოგადოების მოწყობის ტიპი  უფრო განაპირობებს, ვიდრე პიროვნების შეზღუდული უნარები ან განსხვავებულობა. ეს მოდელი ცდილობს გადალახოს ის ბარიერები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადმიანებს უზღუდავენ არჩევანს. თუ ეს ბარიერები მოისპობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეძლებენ დამოუკიდებელ და თანასწორ ცხოვრებას საზოგადოებაში, სადაც ექნებათ არჩევანის გაკეთებისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის საშუალება.   

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, იუნისეფის მხარდაჭერით, ვალდებულება აიღო, დაამკვიდროს სოციალური მოდელი. ამ მიზნით, იუნისეფმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტი, ბავშვებსა და ახალგაზრდებში შეზღუდული შესაძლებლობის, ფუნქციონირების და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაციის თანაავტორი, რომელიც სამინისტროსა და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მუშაობს შეფასების მეთოდოლოგიაზე, რომელიც განსაზღვრავს ბავშვთა ფუნქციურ და სოციალურ საჭიროებებსა და უნარებს. ახალი მეთოდოლოგიის პილოტირება დაიწყება 2017 წლის ბოლოს.

 

***

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  მობ: (+995 599) 53 30 71

ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect