საქართველოში ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება, რომელიც ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობას შეაფასებს
საქართველოში ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება, რომელიც ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობას შეაფასებს

 

თბილისი, საქართველო, 17 სექტემბერი, 2018. მიმდინარე კვირას საქართველოში იწყება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი შინამეურნეობათა კვლევა - მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, რომელიც  სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. კვლევის შედეგად შეგროვდება მაღალი ხარისხის  და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით.  კვლევა ასევე შეამოწმებს წყლის ხარისხს და შეისწავლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას.  

 

კვლევას საქართველოში ატარებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის ფინანსურ მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD),  შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია  (WHO), მსოფლიო ბანკი და იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი

 

კვლევის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები განათლების, ჯანდაცვის, ბავშვის განვითარების და ბავშვზე ზრუნვის, აღზრდის, ადრეული ქორწინების, ენერგიის მოხმარების, გარემოს დაცვის და ინფრასტრუქტურის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, დევნილებისა და ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის შესახებ. კვლევის შედეგად მოპოვებული მონაცემები წარმოადგენს ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე წარმომადგენლობით მონაცემებს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით.  

 

კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას  დაგეგმოს და შეიმუშაოს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რაც გააუმჯობესებს  დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების ცხოვრებას და ხელს შეუწყობს  მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას

 

 

კვლევის ფარგლებში მონაცემების შეგროვების საველე სამუშაოები იწყება 20 სექტემბერს და გაგრძელდება 20 დეკემბრამდე. კვლევა ჩატარდება 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში

 

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, 2 -7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს ქვეყნის მასშტაბით აუღებენ სისხლს ვენიდანნიმუშები გაიგზავნება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში იტალიაში. ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხებს და სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ  უფასო კონსულტაციას გაუწევს.  

 

წყლის შემოწმება შინამეურნეობებში მოიცავს სასმელი წყლის ნიმუშების აღებას ყოველ მეოთხე ოჯახში ნაწლავის ჩხირის არსებობაზე შესამოწმებლად. შედეგები გამოავლენს სასმელი წყლის ხარისხს როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე თითოეულ რეგიონში

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გუნდში, რომელიც ოჯახებს ესტუმრება, იქნებიან 1-3 ინტერვიუერიადამიანი, რომელიც აიღებს წყლის სინჯებს, გაზომავს და აწონის 5 წლამდე ასაკის ბავშვებს და ფლებოტომისტი, რომელიც ბავშვებს აუღებს სისხლს ვენიდან. სისხლის აღებამდე, მშობლებს და ბავშვებს შეეკითხებიან, თანახმა არიან თუ არა სისხლის აღებაზე

 

მონაცემების შეგროვების საველე სამუშაოების პარალელურად, დაიწყება  მსხვილმასშტაბიანი საკომუნიკაციო და საზოგადოების მობილიზებისკენ მიმართული კამპანია კვლევის, მისი მიზნების და პროცედურების  შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების თანამშრომლობისა და მხარდაჭერას მიზნით

 

 

კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის გაზაფხულზე


Join / Follow / Connect