ბულგარეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით ახალი დღის ცენტრი გაიხსნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის
ბულგარეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით ახალი დღის ცენტრი გაიხსნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის
იუნისეფი/საქ-2016/ხიზანიშვილი
ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დესისლავა ივანოვა და იუნისეფის წარმოამდგენელი საქართველოში, ლაილა ომარ გადი მემორანდუმის გაფორმებისას

 

 

თბილისი. 23 დეკემბერი. 2016. საქართველოში ბულგარეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ხელი ეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის ახალი დღის ცენტრის გახსნის შესახებ. ეს პირველი ასეთი დღის ცენტრი იქნება მთელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და მომავალი წლის ზაფხულში გაიხსნება. 

ბულგარეთის მთავრობა გამოყოფს დაფინანსებას აღნიშნული ცენტრის გასახსნელად. გაეროს ბავშვთა ფონდი შეიმუშავებს დღის ცენტრის შესაბამის კონცეფციას, მოამზადებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებს, ჩაატარებს სარემონტო სამუშაოებს, უზრუნველყოფს ცენტრს შესაბამისი აღჭურვილობით და აღმოუჩენს ტექნიკურ დახმარებას.


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოყოფს სახელმწიფო ვაუჩერებს დღის ცენტრისათვის, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო ცენტრს უზრუნველყოფს შესაბამისი შენობით. ბორჯომის ადგილობრივი მთავრობა ასევე აღმოუჩენს დღის ცენტრს დახმარებას.


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ცენტრს კონკრეტულ სერვისებს მიაწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები  ‘ერთად რეალური ცვლილებებისათვის’ და ‘მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის’.

 

იუნისეფი/საქ-2016/ხიზანიშვილი

 

იუნისეფი/საქ-2016/ხიზანიშვილი


საქართველოს მასშტაბით სულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა 24 ცენტრია დიდ ქალაქებში, რაც არ არის საკმარისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია საქართველოში და მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა აუცილებელ სერვისებზე.


***

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:  

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: (+995 599) 53 30 71 ელფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect