დაინახე ყველა ფერი - საქართველოში ორწლიანი ანტი-სტიგმა მოძრაობა იწყება
დაინახე ყველა ფერი - საქართველოში ორწლიანი ანტი-სტიგმა მოძრაობა იწყება

 

თბილისი, საქართველო, 23 თებერვალი, 2017 წ. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყება სოციალურ ცვლილებებზე მიმართული საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ არსებული სტიგმის დაძლევას ინფორმაციის მიწოდების, გამოცდილების გაზიარების და ურთიერთგაგების საშუალებით. კამპანიას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) ევროკავშირის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით. 


“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს აქვთ უფლება, მათაც ისევე ეპყრობოდნენ, როგორც სხვებს და სრულად სარგებლობდნენ არსებული შესაძლებლობებით საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური განვითარებისთვის,“ განაცხადა ლაილა გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. “საქართველოს პროგრესი და განვითარების დონე  ასევე იზომება, იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა ქვეყანა ყველაზე   დაუცველ მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს. საზოგადოებაში არსებული ძლიერი სტიგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ აფერხებს მათ პიროვნულ, საგანმანათლებლო და პროფესიულ განვითარებას და იწვევს მათ გარიყვას საზოგადოებიდან. იუნისეფი და მისი პარტნიორები, რაც მთავარია თავად მშობლები და ბავშვები, იწყებენ კამპანიას, სადაც მთავარი ამ ადამიანების შესაძლებლობების წარმოჩენა იქნება. კამპანია ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებები იქნება დაცული და მათ ექნებათ განვითარების საშუალება.“    

 

კერძოდ, კამპანია საზოგადოებას დაეხმარება:

· გააანალიზოს არსებული მცდარი შეხედულებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ და გაიაზროს მათი ცხოვრების რეალობა. 

· დაამყაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობა,  ჩართოს ისინიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში   და დარწმუნდეს მათ შესაძლებლობებსა და პოტენციალში.

· გაიგოს, როგორ შეუწყოს ხელი, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პიროვნულ, საგანმანათლებლო და პროფესიულ განვითარებას და თავადაც განვითარდეს.

· ისწავლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორი თანაარსებობა.

 

ანტისტიგმა მოძრაობის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა, ასევე:

· წარმატებული ვიდეო და ფოტოისტორიები  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მონაწილეობით, რომლებიც გვიჩვენებს, თუ როგორ ახერხებენ ბავშვები და მათი მშობლები, მიუხედავად უამრავი ბარიერისა, გამოავლინონ და გამოხატონ საკუთარი თავი, გაძლიერდნენ და გახდნენ მაგალითი თავიანთი თანატოლებისთვის.

· საგანმანათლებლო კომიქსების სერია, რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა სიტუაციაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებთან ურთიერთობისას.

· ვიდეო და ონლაინ კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის.

· გადაცემებისა  და დისკუსიების ციკლი წამყვან პოპულარულ არხებზე, მათ შორის რეგიონალურ ტელევიზიებში.

· სატელევიზიო კონკურსები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით.

· ანტისტიგმა მოძრაობის პრეზენტაციები საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუჩის აქციები, ფესტივალები და ხმაურიანი და მხიარული მსვლელობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების  და მათი მშობლების მონაწილეობით.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი, არასწორი ცოდნის და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის მატარებელი.

 

 

***

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

 

ტელ: 599 53 30 71 ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect