ბავშვთა საკითხების ზედაპირულად გაშუქება პრობლემად რჩება
ბავშვთა საკითხების ზედაპირულად გაშუქება პრობლემად რჩება
UNICEF/Geo-2015/Gurgenidze

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  მედია მონიტორინგის შედეგებს აჯამებს


თბილისი, 26 დეკემბერი, 2017 . ბავშვების შესახებ მომზადებული მასალების დიდი ნაწილი ზედაპირულია, მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს ისეთი ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც სიღრმისეულად განიხილავენ არსებულ პრობლემებს, - ნათქვამია მედიამონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) მხარდაჭერით 2017 წლის აპრილიდან დეკემბრამდე ჩაატარა.


ანგარიშის თანახმად, ბავშვთა საკითხების გაშუქება განსაკუთრებით ონლაინ მედიაში იზრდება, თუმცა უმრავლესობა მხოლოდ მოკლე ინფორმაცია ანდა პრეს-რელიზის ფორმატია. გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესებული მაჩვენებელი აქვთ ტელევიზიებს. ისინი ყველაზე ხშირად ამზადებენ ბავშვების შესახებ ვრცელ სიუჟეტებს, ასევე სიღრმისეულ მასალებს. კვლავაც პრობლემად რჩება ბავშვების  რესპონდენტებად წარმოჩენა.


ზოგადად, მედია ცდილობდა დაეცვა ეთიკური ნორმები და არ დაერღვია ბავშვის უფლებები, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მედიამ ვერ შეძლო ამ სტანდარტების დაცვა - გაამჟღავნა ბრალდებული არასრულწლოვნის ვინაობა, არაეთიკურად, სენსაციურ ჭრილში გააშუქა მოზარდთა სუიციდის შემთხვევები. რამდენიმე შემთხვევაში კი მოახდინა ბავშვის სტიგმატიზება სხვადასხვა ნიშნით.


იუნისეფისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ასევე ჩაატარდა ტრენინგები ბავშვთა საკითხების უკეთ გაშუქების შესახებ შემდეგი მედია საშუალებების რედაქციებში: ტელეკომპანიები „პირველის“ და „გურჯაანის“ საინფორმაციო სამსახური,  პანკისის სათემო რადიო,  livepress.ge (ზუგდიდი) და „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“. ტრენერები - ნინო ჯაფიაშვილი და ზვიად ქორიძე თითოეულ მედია საშუალებაში ოთხი დღის განმავლობაში მუშაობდნენ და  შემოქმედებით გუნდთან ერთად განიხილავდნენ ბავშვებთან დაკავშირებით უკვე მომზადებულ მასალებსიმ ეთიკურ დილემებსრაც მუშაობისას წააწყდნენ,  გეგმავდნენ ახალ თემებს. 

 

პროექტის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები მედიაწიგნიერების, საბავშვო არხების, ბავშვთა საკითხების გაშუქების სწავლების, ინფორმაციის გადამოწმების შესახებ. პროექტის მონაწილეები ამ თემებზე სასაუბროდ შეხვდნენ მოსწავლეებს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს, საბავშვო არხების ხელმძღვანელებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს.


მონიტორინგის შესახებ


მონიტორინგის მიზანი ელექტრონულ,  ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა და ბავშვთა უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი იყო.


2017 წლის 1 აპრილიდან 1 დეკემბრამდე ქარტიის მონიტორებმა შეისწავლეს 11,000-ზე მეტი სიუჟეტი, სტატია და მოკლე ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხებოდა ბავშვებს. მონიტორინგის დროს გამოიყენებოდა ანალიზის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდი.


მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში ხელმისაწვდომია ქარტიის ვებ გვერდზე: www.qartia.ge და ამ ბმულზე.

 


***

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

 

ნატა ძველიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის

ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი

ტელ: 593 42 18 55, n.dzvelishvili@gmail.com

www.qartia.ge

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: (+995 599) 53 30 71 ელფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect