სოციალურ ცვლილებებზე მიმართულმა საკომუნიკაციო კამპანიამ ხელი შეუწყო საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული სტიგმის შემცირებას
სოციალურ ცვლილებებზე მიმართულმა საკომუნიკაციო კამპანიამ ხელი შეუწყო საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული სტიგმის შემცირებას

 

თბილისი, საქართველო, 19 დეკემბერი, 2018. სოციალურ ცვლილებებზე მიმართულმა საკომუნიკაციო კამპანიამ #დაინახეყველაფერი შეძლო ზემოქმედება მოეხდინა ყველაზე გავრცელებულ არასწორ წარმოდგენებსა და ცრურწმენებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებობს. კამპანია ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტ ადამიანს მიწვდა და ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ არსებული სტიგმის შემცირებას. კამპანიის ეს მთავარი შედეგი და სხვა აქტივობები შეაჯამეს სპეციალურ ღონისძიებაზე თბილისში. ორწლიანი კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები. 


„ვამაყობთ, რომ საქართველომ მოახერხა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ ნეგატიური წარმოდგენების და დამოკიდებულებების 13 პროცენტზე მეტით შემცირება“, განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს ახლა მეტი შესაძლებლობა აქვთ განვითარდნენ და ისარგებლონ საკუთარი უფლებებით. კამპანიის შედეგად, ჩვენ შევქმენით მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც გააგრძელებს მუშაობას შემდგომი ცვლილებებისა და უფრო ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას სოციალური ცვლილებების პროცესში და ვიმუშავებთ სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან, რათა დავამარცხოთ შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული სტიგმა“, თქვა იუნისეფის წარმომადგენელმა. 


კამპანია „დაინახე ყველა ფერი“ მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა: საზოგადოების ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ და არსებული მითებისა და არასწორი წარმოდგენების გაქარწყლება; დამოკიდებულების სწორი მოდელების ილუსტრირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის წახალისება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მათი მშობლების გაძლიერება და მათთვის ადვოკატირების პლატფორმის შექმნა; პოლიტიკისა და საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირება და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში არსებული მექანიზმებისა და თემების გაძლიერება.


2017 წლის თებერვლიდან კამპანიის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდებოდა მასშტაბური ღონისძიებები: ჩატარდა შეხვედრები, მედია კამპანიები, დიდი ნაციონალური და სათემო ღონისძიებები, დაიწყო თანამშრომლობა პროფესიონალებთან - ექიმებთან და მასწავლებლებთან - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებთან მათი კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. 


დებატებისა და დისკუსიების გზით მოსწავლეებმა და სტუდენტებმა გაიგეს მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების შესახებ. მომზადდა ვიდეო სერიები „მეგობრობის ისტორია“, რომელიც ასახავდა ორი ახალგაზრდას - ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მეორე კი არმქონეს - გაცნობისა და დამეგობრების გამოცდილებას. ისტორიებში ნაჩვენები იყო, თუ როგორ იცვლება დამოკიდებულებები და წარმოდგენები კომუნიკაციისა და მეგობრობის გზით. 


მომზადდა და გავრცელდა ბროშურა „მითები და რეალობა“, რომელიც ეძღვნება შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული მითებისა და არასწორი ინფორმაციების გაქარწყლებას, ასევე კომიქსები, რომელშიც ასახულია სწორი დამოკიდებულებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ. ამავე თემაზე შედგა  ინტერაქტიული დისკუსიები და ჩატარდა ონლაინ ტესტები.


მუნიციპალიტეტებს შორის გამართულ კონკურსში მონაწილეობდა 10 მუნიციპალიტეტი, რომლებმაც წარმოადგინეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნის საუკეთესო გამოცდილება. ეს მუნიციპალიტეტები როლურ მოდელებად იქცნენ საკუთარ თემსა თუ სოფელში.


ონლაინ კამპანიაში „მშობლები ცვლილებისათვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები ყვებოდნენ საკუთარ ისტორიებს სოციალური მედიის საშუალებით. ადამიანებს შეეძლოთ შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ საკუთარი ცოდნის გადამოწმება ონლაინ ტესტით. კინოთეატრებთან პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა სახალისო აქტივობები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესაძლებლობის შესახებ ვიდეოების ჩვენება კინოსეანსების დაწყებამდე.   


შედეგად, კამპანიამ #დაინახეყველაფერი ხელი შეუწყო საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული სტიგმის შემცირებას 2015 წელს არსებული 41.5%-დან 2017 წელს 28.3% - მდე. 


***

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით:

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

მობ: 599 53 30 71 ელ-ფოსტაmkurtsikidze@unicef.orgwww.unicef.ge

Join / Follow / Connect