საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ლაილა ომარ გადის მიმართვა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ლაილა ომარ გადის მიმართვა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს
იუნისეფი/საქ-2016/ხიზანიშვილი

 

მინისტრებო, მინისტრების მოადგილეებო

საქართველოს სასამართლოს პატივცემულო წევრებო

პარლამენტის წევრებო

კოლეგებო, პარტნიორებო

 

ქ-ნო სოფო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარევ

 

ჩემთვის დიდი პატივია  პარლამენტში ყოფნა დღეს, როდესაც საგანგებო სესია ეძღვნება ბავშვის უფლებებს და ბავშვისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელებას, რაც  ბავშვის ყველა უფლების დაცვისა და ხელშეწყობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დღევანდელი შეხვედრა სწორედ რომ დროულია: პირველი, რომ წელს მარტში გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა გამოსცა დასკვნითი რეკომენდაციები საქართველოს მეოთხე პერიოდულ ანგარიშზე, რომელიც წარედგინა კომიტეტს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისკენ მიმართულ ზომებთან დაკავშირებით.  როგორც ახლა ვნახავთ, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბავშვის უფლებათა განხორციელების სფეროში. მაგალითად, მიღებული იქნა მნიშვნელოვანი ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა უფლებების დაცვას. ასევე, დამტკიცებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, პირველად იქნა მიღებული კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ და გატარდა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და პოლიტიკური ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვთა ინტერესებს. კომიტეტმა აღნიშნა პროგრესი, თუმცა აგრეთვე შეიმუშავა რეკომენდაციები გარკვეული სფეროების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დამუშავება, რათა გათვალისწინებული იყოს ბავშვის უფლებათა კონვენცია და ფაკულტატური ოქმები. 


ეს შეხვედრა ასევე დროულია, რადგანაც ამა წლის იანვარში დაარსდა დისციპლინათაშორისი სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის გადასინჯვისთვის ბავშვებისათვის მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. აღნიშნული ეხმიანება ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნით რეკომენდაციას, რომ პროცესში გათვალისწინებული იყოს კონვენციის დებულებები და ფაკულტატური ოქმები, რამდენადაც კანონმდებლობის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სფეროები ფარავს ბავშვთა უფლებების ფართო სპექტრს, როგორიცაა: ბავშვის უფლება იზრდებოდეს ოჯახში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განთავსდეს ალტერანიტული მზრუნველობის ქვეშ; უფლება დაცული იყოს ძალადობის ნებისმიერი და შრომის მძიმე ფორმისგან, და ხელი მიუწვდებოდეს ინკლუზიურ განათლებაზე, ხარისხიან ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე.


ეს არის გარდამავალი პროცესი არასრულწლოვანთა მართლმასჯულების უფრო ვიწრო თვალთახედვიდან, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ კანონთან კონფლიქტში მყოფი, დანაშაულის მოწმე ან მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვას, უფრო ფართო და საერთაშორისოდ აღიარებულ ცნებაზე - მართლმსაჯულება ბავშვებისთვის, სადაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა მიიჩნევა ბავშვის ყველა უფლების განხორციელების წინაპირობად.   


ამ მიზნით, 2016 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფმა) დაიწყო საქართველოში ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი რეფორმის პროცესის ხელშესაწყობად. ამა წლის მარტიდან ივნისამდე სამუშაო ჯგუფი იკრიბებოდა და განიხილავდა იუნისეფის მიერ ჩატარებულ კანონმდებლობის ხარვეზების ანალიზს. კონსულტაციების და გადამოწმების მიზნით ჩატარდა სესიები მოსამართლეებთან და სამთავრობო უწყებებთან.  პროცესს, სადაც მრავალი მხარე იღებდა აქტიურ მონაწილეობას და აკეთებდა რეკომენდაციებს,   საფუძვლად ედო მყარი მტკიცებულებები და ანალიზი, რომელიც  მომავალშიც იქნება გამოყენებული შემდგომი რეფორმებისა და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობისთვის.


იუნისეფი სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის სოფო კილაძეს, რომლის ხელმძღვანელობითაც ტარდება დღევანდელი დისკუსია პარლამენტში, სადაც საპარლამენტო კომიტეტებს გავუზიარებთ ინფორმაციას და ანალიზის შედეგებს. იუნისეფი მზადაა გააგრძელოს საქართველოს მთავრობის დახმარება ეროვნული კანონმდებლობის ბავშვის უფლებათა კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხში. ამით იუნისეფი მხარს უჭერს პროცესს, რომელიც არის გამჭვირვალე, ეფუძნება ქვეყნის კონტექსტის ანალიზს და აერთიანებს მრავალ დაინტერესებულ მხარეს. სიამოვნებით გავაგრძელებთ სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერას პარლამენტის აქტიური ჩართულობით, რათა დასრულდეს ანალიზის პროცესი, შემუშავდეს დეტალური რეკომენდაციები და მომზადდეს კანონპროექტები ეროვნული კანონმდებლობის ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორსოდ აღიარებულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისთვის. 


ბოლოს, ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელობით მართლმსაჯულების სისტემა გახდა მგრძნობიარე ბავშვთა უფლებების მიმართ და სამუშაო ჯგუფმა კი შეძლო რეფორმების წინ წაწევა.  რამდენადაც საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზეა, ევროკავშირთან თანამშრომლობა რჩება ძალიან დასაფასებელ პარტნიორობად. მადლობას მოვახსენებ ევროკავშირს, იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტს და ყველა პარტნიორს იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს აქცევს ბავშვზე მორგებულ ქვეყნად.

Join / Follow / Connect