შემცირდა მსჯავრდებული ბავშვების რაოდენობა, თუმცა საჭიროა მართლმსაჯულების სისტემაში სოციალური სამუშაოს კომპონენტის გაძლიერება
შემცირდა მსჯავრდებული ბავშვების რაოდენობა, თუმცა საჭიროა მართლმსაჯულების სისტემაში სოციალური სამუშაოს კომპონენტის გაძლიერება
იუნისეფი/საქ-2016/ხიზანიშვილი

 

თბილისი, საქართველო, 16 დეკემბერი, 2016 წ. პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს რასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელებას, შენიშნავს, რომ საჭიროა მეტი ინვესტიცია მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად და სრულყოფილი, სპეციალიზებული და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად საქართველოში.  

 

საქართველოში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარების შესახებ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი ახორციელებს, შეიქმნა პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელშიც შედიან სასამართლოს, მთავარი პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურის, შინაგან საქმეთა  სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

 

2016 წლის მაისიდან სექტემბრამდე ჩატარდა ორი პოლიტიკის საკითხებზე და შვიდი რეგიონალური მულტიდისციპლინარული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საქართველოს მასშტაბით (თბილისში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ბათუმსა და ზუგდიდში). პროცესის შედეგად გამოვლინდა გარკვეული სამართლებრივი  და პრაქტიკული ხარვეზები.

 

დადებით ტენდენციებს შორის აღინიშნა:


- მეტი ბავშვია განრიდებული სისხლის სამართლის სისტემისგან და სარგებლობს განრიდებისა და მედიაციის პროგრამით (210 ბავშვია განრიდებული 2016 წლის იანვრიდან ივნისამდე მაშინ, როდესაც 2015 წლის ამავე პერიოდში 146 ბავშვი იყო განრიდებული);


- მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც წინასწარ პატიმრობაში მყოფი, ასევე მსჯავრდებული ბავშვების რაოდენობა (მხოლოდ 14 არასრულწლოვანი იყოფება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში);


- ინდივიდუალური შეფასების ანგარიში სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების ყველა ეტაპზე ეხმარება მოსამართლეებს და პროკურორებს, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით,  გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

იუნისეფი/საქ-2016/ხიზანიშვილი

 

იუნისეფი/საქ-2016/ხიზანიშვილი


განხორციელების პროცესში გამოვლინდა გარკვეული სირთულეებიც, როგორიცაა:


- საჭიროა პროფესიონალთა სპეციალიზაციის ინსტიტუციონალიზაცია (პროფესიონალების სამსახურში აყვანა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ტრენინგები სამსახურის დაწყებამდე და მუშაობის პროცესში, შიდა მონიტორინგი და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი და სხვ.)


- აუცილებელია სოციალური სამუშაოს კომპონენტის გაძლიერება მართლმსაჯულების სისტემაში იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს საქმეების გაზრდილ რაოდენობასთან გამკლავება (დამატებითი რესურსების გამოყოფა, საჭიროა სოციალური მომსახურების სააგენტოს როლის მკაფიოდ განსაზღვრა და სოციალური მუშაკების უზრუნველყოფა სპეციალიზებული ტრენინგებით, რომ მათ შეგნებული მონაწილეობა მიიღონ პროცესში და სხვ.);


- ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა მართლმსაჯულების სისტემის შიგნით.


- საჭიროა უფრო ძლიერი კავშირის დამყარება მართლმსაჯულებისა და სოციალური დაცვის სექტორებს შორის, რომ ადრეულ ეტაპზევე მოხდეს ბავშვის მიერ სამართალდარღვევის პრევენცია. 

იუნისეფი/საქ-2016/ხიზანიშვილი

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება ხელშესახები მიღწევაა, რომელსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოჰყავს.  კოდექსის განხორციელებას სჭირდება ყველა შესაბამისი უწყების აქტიური თანამშრომლობა,  რათა სამართლის სისტემასთან შეხებაში მყოფ ყველა ბავშვს ხელი მიუწვდებოდეს მართლმსაჯულების, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურებებზე.

2017 წელს გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირთან თანამშრომლობით, დახმარებას გაუწევს მთავრობას ზოგიერთი ისეთი საკითხის მოგვარებაში, როგორიცაა მონაცემთა შეგროვება და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა შერჩეულ დაწესებულებებში.

***

 

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.ge 

 

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

 

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  მობ: (+995 599) 53 30 71,  ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org 

Join / Follow / Connect