ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები აჭარაშიც ამუშავდება
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები აჭარაშიც ამუშავდება
UNICEF/Geo-2015/Gurgenidze

 

ბათუმი, საქართველო, 28 თებერვალი, 2017 წ. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით აჭარაში დაიწყება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების დანერგვა.


საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები. აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების პასუხისმგებლობა სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ადგილობრივ თვითმმართველობებსაც ეკისრებათ. კერძოდ, რეფერირების მექანიზმმა უკვე მოიცვა ყველა სახელმწიფო უწყება, მანდატურის სამსახური, საჯარო და კერძო საგანმანათლებლო, სამედიცინო და ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები, მუნიციპალიტეტები.

 

გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას აღნიშნული მექანიზმის გაძლიერებასა და გაფართოებაში. აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის დახმარებით დაგეგმილია აჭარის რეგიონში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედება.  

 

პროექტის ფარგლებში მოხდება იდენტიფიცირებული პირების გადამზადება ბავშვთა დაცვის პროცედურებით მათზე დაკისრებული მოვალეობების აღსრულებისათვის, შესაბამისი სამუშაო პროცედურებისა და ინსტრუმენტების მომზადება.

 

ეროვნულ დონეზე 2010 წლიდან არსებობს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, რომლის მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა, რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით. აღნიშნული მექანიზმი ავალდებულებს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებს,  მოახდინონ ბავშვთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე რეაგირება.   

 

ყველა დაწესებულებასა და ორგანოს, რომელსაც შეხება აქვს ბავშვებთან ან/და მათ ოჯახებთან ან იმ გარემოსთან, სადაც ბავშვი  იმყოფება, ვალდებულნი არიან, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში,  შეატყობინონ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აწარმოონ შემთხვევის მართვა დადგენილების შესაბამისად. ამავე დროს, მათ უნდა შეიმუშავონ შესაბამისი შიდა ინსტრუქციები. სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს ძალადობის ფაქტების გამოვლენას, ძალადობის შემთხვევის მართვას, პირების კონსულტირებას, ბავშვისთვის დაბადების რეგისტრაციის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, მათ შორის, დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოპოვების/მიღების მიზნით დახმარებას. სააგენტო, აგრეთვე, გადაუდებელ შემთხვევაში, უკიდურესი ზომის სახით, უზრუნველყოფს ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის ან მოძალადისაგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

 

იუნისეფის კვლევებით გამოვლინდა, რომ რეფერირების მექანიზმში ჩართულ პროფესიონალები კარგად არ იცნობენ საკუთარ ვალდებულებებს. მაგ. სკოლებში მომუშავე პროფესიონალთა (მასწავლებლების და მანდატურების) 46%–მა განაცხადა, რომ ძალადობის ფაქტების შესახებ შეტყობინება საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ძალადობა მძიმე ფორმისაა და რამდენჯერმე განმეორდა. ასევე, ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა (მასწავლებლების, მანდატურების და სოციალური მუშაკების) 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ოჯახის შიდა საქმეები მხოლოდ ამ ოჯახის პირადი საქმეა და სხვები მასში არ უნდა ერეოდნენ.

 

 

***

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  მობ: (+995 599) 53 30 71

ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

Join / Follow / Connect