ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ რედაქციებში გამართული ტრენინგების ციკლი დასრულდა
ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ რედაქციებში გამართული ტრენინგების ციკლი დასრულდა

 

თბილისი. 12 ნოემბერი, 2016. დასრულდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ტრენინგები ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ. გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ტრენინგები უშუალოდ რედაქციებში ჩატარდა. მათ შორისაა "რუსთავი 2-ის" დილის გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველო", აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური, "იმედის" გადაცემა "დღის შოუ" და ქუთაისში ინტერნეტგამოცემა Kutaisipost.ge.  რედაქციები კონკურსით შეირჩა.

 

ტრენერები - ნინო ჯაფიაშვილი და ზვიად ქორიძე თითოეულ მედიასაშუალებაში სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, შემოქმედებით გუნდთან ერთად განიხილავდნენ მათ მიერ ბავშვებთან დაკავშირებით უკვე მომზადებულ მასალებს, იმ ეთიკურ დილემებს, რაც მუშაობისას წარმოეშვათ და გეგმავდნენ ახალ თემებს.


"ბავშვთა საკითხებზე ჩატარებული ტრენინგი პრაქტიკული ელემენტების გათვალისწინებით, ჟურნალისტებისთვის და ოპერატორებისთვის, ცოდნის შეძენის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სამდღიანმა ტრენინგ-კურსმა მოგვცა საშუალება, უფრო მრავალფეროვანი გაგვეხადა ბავშვთა საკითხების გაშუქება და შეგვეტანა სიუჟეტებში ისეთი ელემენტები, რომელიც ადრე არ გამოიყენებოდა. თან ამ ყველაფერს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი. მაუწყებელი ინტენსიურად აშუქებს ისეთ თემებს, როგორიცაა ბავშვთა უფლებები, ოჯახში ძალადობა, განათლება, სოციალური და ჯანდაცვის საკითხები. ნებისმიერ ამ თემაზე მუშაობისას, ჩვენ უკვე გვაქვს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მათი უფრო სიღრმისეულად გაშუქებისთვის", - აღნიშნავს შორენა ღლონტი, აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების მიმართულების ხელმძღვანელი.


ტრენერების მუშაობის აქცენტი იყო ის, თუ როგორ მოემზადებინათ მასალები თავად ბავშვების მონაწილეობით ისე, რომ არ დაერღვიათ ეთიკური სტანდარტები. ეჩვენებინათ რედაქციებისთვის, რამდენი მნიშვნელოვანი თემა არსებობს, რაც ბავშვებს უკავშირდება, მაგრამ არ ექცევა სათანადო ყურადღება.


ტრენინგების დასრულების შემდეგ ნინო ჯაფიაშვილი და ზვიად ქორიძე საჭიროების შემთხვევაში კვლავაც უწევენ კონსულტაციებს თითოეულ რედაქციას, ჟურნალისტებს.


 

რედაქციებში მუშაობა ნაწილია იმ პროექტისა, რომლის ფარგლებში ასევე ტარდება მედიამონიტორინგი ბავშვთა საკითხების გაშუქებისას წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, გაიმართა შეხვედრები მოსწავლეებთანაც. პროექტის ბოლოს კი შემუშავდება რეკომენდაციები, სახელმძღვანელო წესები ბავშვებთან დაკავშირებული თემების ეთიკურად გასაშუქებლად.

 

* * *

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

 

ნატა ძველიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის 

ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი

ტელ: 593 42 18 55,  n.dzvelishvili@gmail.com  

 www.qartia.org.ge

 

მაია ქურციკიძეგაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
მობ.: (+995 599) 53 30 71 ელფოსტა: mkurtsikidze@unicef.org    

www.unicef.ge     

Join / Follow / Connect