იუნისეფი მოუწოდებს საქართველოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისკენ ყველა ბავშვისთვის
იუნისეფი მოუწოდებს საქართველოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისკენ ყველა ბავშვისთვის
იუნისეფი/საქ-2015/გურგენიძე


როდესაც ადამიანებს მიუწვდებათ ხელი ხარისხიან განათლებაზე, მათ შეუძლიათ თავი დააღწიონ სიღარიბეს და შეამცირონ უთანასწორობა

 

თბილისი, 1 ივნისი, 2017 წ.  ბავშვთა დაცვის დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) მოუწოდებს საქართველოს დააჩქაროს განათლების სისტემის რეფორმა.

 

ხარისხიანი განათლება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების, ასევე პიროვნების განვითარებისთვის, რადგანაც იგი ხელს უწყობს ქვეყნის პროგრესსა და კეთილდღეობას. გამოწვევად რჩება განათლების დაბალი ხარისხი, რაზეც მიუთითებს საქართველოს დაბალი მაჩვენებელი მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევებში, როგორიცაა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ძირითადი კვლევა და წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS).  საქართველოში 15 წლის ასაკის მოსწავლეთა ორი მესამედი ვერ აკმაყოფილებს საბაზისო სტანდარტებს ფუნქციურ კითხვაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში. დაბალ აკადემიურ მოსწრებაზე მეტყველებს ასევე, საშუალო განათლების საფეხურზე სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებელი და შემდეგ ამ ახალგაზრდების უუნარობა, დააკმაყოფილონ შრომის ბაზრის მოთხოვნები.  აღნიშნული მდგომარეობა იწვევს ციკლურ სიღარიბეს, რომელიც თაობებზე გადადის და ხელს უშლის სახელმწიფოს კვალიფიციურ მუშახელზე დაფუძნებული კონკურენტუნარიანი ეკონომიკის განვითარებაში.

 

საქართველოს პროგრესი და განვითარება დამოკიდებულია ადამიანურ კაპიტალზე, ხოლო ხარისხიანი განათლება კი ადამიანთა ცხოვრების დონის გაუმჯობესების და მდგრადი განვითარების საფუძველია”, აღნიშნავს ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. „ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველასათვის არის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანთაგანი, რომლებიც დასახა საერთაშორისო თანამეგობრობამ სამყაროს გარდაქმნისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. მრავალი წელია იუნისეფი ეხმარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმის შემუშავებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხში. იუნისეფი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ესტონეთის მთავრობის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს ამ პროცესს. თუმცა, საჭიროა უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების, სისტემის ეფექტიანობისა  და სასწავლო პროგრამების გასაუმჯობესებლად თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად. ამასთანავე საჭიროა არა მხოლოდ საგნობრივი სწავლება, არამედ მოსწავლეებში სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებაც.“

 

სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დაბალი ჩართულობაც ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც  შემდგომში განაპირობებს საქართველოს სკოლებში ბავშვების დაბალ აკადემიურ მოსწრებას  და ირიბად ხელს უწყობს კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტს საქართველოში. პრობლემად რჩება, აგრეთვე, სკოლამდელი განათლების ხარისხიც. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის   2011 წლის სკოლისათვის მზაობის კვლევის თანახმად, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებიდან გამოსული ბავშვების მხოლოდ ერთი მესამედი აკმაყოფილებს დადგენილ შემეცნებით სტანდარტებს. 

 

2015 წელს საქართველის 3-5 წლის ასაკის ბავშვების 62.3% დადიოდა საბავშვო ბაღში. ეს მაჩვენებელი თავისთავად არადამაკმაყოფილებელია (ეკონომოკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის თანახმად ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის საბავშო ბაღებში დასწრების   საშუალო მაჩვენებელია 80.6%, ხოლო  EU-27-ის მაჩვენებელი კი 82.6%-ია), თუმცა უფრო შემაშფოთებელია სკოლამდელი განათლების არათანაბარი ხელმისაწვდომობა.  მდიდარი ოჯახების ბავშვების 70% დადის საბავშვო ბაღში, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი ღარიბი ოჯახებისთვის  51.8%-ია. ზოგადად, საბავშვო ბაღში დასწრების მაჩვენებლი უფრო მაღალია ქალაქში, ვიდრე სოფლად (67.6% და  55.1%, შესაბამისად).

 

განათლების მართვის ეროვნული საინფორმაციო სისტემა არ იძლევა მონაცემებს სკოლიდან განთესილი ან სკოლის მიტოვების საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვების შესახებ. ცალკეული შემთხვევები აჩვენებს, რომ სკოლის მიტოვების ძირითადი მიზეზებია უკიდურესი სიღარიბე, სუსტი უნარ-ჩვევბი, ბავშვებში სწავლის მოტივაციის დაბალი დონე და ადრეული ქორწინება. საჭიროა შემუშავდეს სკოლის მიტოვების რისკის მაჩვენებლების რეგულირების მექანიზმები. განათლების მეორე შანსის პროგრამები უნდა დაინერგოს ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემაში, რათა სკოლიდან განთესილ ბავშვებს ხარისხიანი და ინკლუზიური განათლების სისტემაში დაბრუნება შეეძლოთ.   

 

განათლების ხარისხი და საქართველოს მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყდება მასწავლებლის პროფესიული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. მასწავლებლებთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის განათლებისა და განვითარების მიზნის მიღწევაზე. საქართველოში მასწავლებლებთან დაკავშრებული ორი ძირითადი საკითხია პრობლემური: მასწავლებლის დაბალი კვალიფიკაცია და მასწავლებლების პროფესიაში შესვლისა და მათი განვითარების მართვის არაეფექტური სისტემა. 

 

იუნისეფის რეკომენდაციაა გაიზარდოს მასწავლებელთა ხელფასები და მასწავლებლის საწყისი განათლების ხარისხი, გაუმჯობესდეს მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და განვითარების მართვის სისტემა და მაღალი მოსწრების სტუდენტების და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მოზიდვა სისტემაში.

 

 

***

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი,

ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30,  მობ: (+995 599) 53 30 71

ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

https://www.facebook.com/unicefgeorgia

Join / Follow / Connect