© იუნისეფი/საქართველო/ჯაკომო პიროცი

 

 

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) საქართველოს ოფისი თბილისში 1993 წლის ბოლოს გაიხსნა საქართველოს მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ქვეყანაში არსებული კონფლიქტებისა და სოციალური კრიზისის საპასუხოდ. პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, იუნისეფის საგანგებო დახმარების პროგრამა რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამით შეიცვალა.    


ბავშვის უფლებათა კონვენცია იუნისეფისათვის არის უმთავრესი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც განაპირობებს მის  ქმედებებს ბავშვებთან მიმართებით.


იუნისეფის სამოქმედო პროგრამა მუშავდება საქართველოს მთავრობასთან ერთად. ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის სიტუაციური ანალიზი და მის საფუძველზე თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. შედეგად მზადდება საქართველოს მთავრობისა და იუნისეფის ხუთწლიანი სამოქმედო პროგრამა.


საქართველოს მთავრობისა და იუნისეფის 2011–2015 წლების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მიზანია დაეხმაროს ქვეყანას შეასრულოს 2015 წლის ათასწლეულის განვითარების მიზნების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები. ქვეყნის ახალი პროგრამა ორი ძირითადი კომპონენტის მეშვეობით – „ინტეგრირებული და ინკლუზიური სისტემები ბავშვებისათვის“ და „სოციალური პოლიტიკა, ბავშვის უფლებების მონიტორინგი და კომუნიკაცია“ –შეეცდება უზრუნველყოს, რომ ბავშვებმა, განსაკუთრებით უღარიბესი ოჯახებიდან, ისარგებლონ ხარისხიანი სოციალური მომსახურებით და იცხოვრონ ოჯახურ გარემოში. პროგრამა ასევე დაეხმარება მთავრობას, სასკოლო ასაკის ყველა ბავშვი იღებდეს ხარისხიან განათლებას და შემცირდეს ბავშვთა სიკვდილიანობა პერინატალური მომსახურების გაძლიერების შედეგად. კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები კვლავ რჩებიან პრიორიტეტად  და პროგრამა შეეცდება უფრო მეტი ბავშვის განრიდება მოხდეს სასჯელაღსრულების სისტემიდან სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დახმარების შედეგად. იუნისეფი გააგრძელებს თანამშრომლობას მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ბავშვის უფლებათა კონვენციის განხროციელებისა და მონიტორინგის მიზნით.

Join / Follow / Connect