© იუნისეფი/საქართველო/როსტკოვსკი

 

გაეროს ბავშვთა ფონდის მისია


გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ აღჭურვილია მანდატით, დაიცვას ბავშვთა უფლებები, დაეხმაროს ბავშვებს ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მათი შესაძლებლობების სრულად რეალიზაციაში.


გაეროს ბავშვთა ფონდი ხელმძღვანელობს ბავშვის უფლებათა კონვენციითა და იღვწის, რათა ბავშვთა უფლებები დამკვიდრდეს, როგორც მყარი ეთიკური პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები ბავშვებთან მიმართებით.


გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს, რომ ბავშვთა სიცოცხლის შენარჩუნება, დაცვა და განვითარება აუცილებელია საყოველთაო განვითარებისათვის და კაცობრიობის პროგრესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.


გაეროს ბავშვთა ფონდი ახდენს პოლიტიკური ნებისა და მატერიალური რესურსების მობილიზებას ქვეყნების, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად, რათა მათ ყურადღება გაამახვილონ ბავშვთა საკითხებზე და შეძლონ სათანადო პოლიტიკის შემუშავება და ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება.


გაეროს ბავშვთა ფონდი მოწოდებულია დაიცვას განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები - ომის, უკიდურესი სიღარიბის, ძალადობის ყველა ფორმისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.


გაეროს ბავშვთა ფონდი რეაგირებას ახდენს საგანგებო სიტუაციებში ბავშვთა უფლებების დასაცავად. გაეროს სხვა სააგენტოებთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდი თავისი პარტნიორებისათვის ხელმისაწვდომს ხდის სწრაფი რეაგირების უნიკალურ საშუალებებს ბავშვებისა და მათი მზრუნველების განსაცდელის შესამსუბუქებლად.


გაეროს ბავშვთა ფონდი მიუკერძოებელი ორგანიზაციაა და მისი მოღვაწეობა თავისუფალია ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან. ყველა მის ქმედებაში, პრიორიტეტი ენიჭებათ ყველაზე დაუცველ ბავშვებსა და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს.


ეროვნული სამოქმედო პროგრამების მეშვეობით, გაეროს ბავშვთა ფონდი ცდილობს ხელი შეუწყოს ქალებისა და გოგონების თანაბარ უფლებებს და მხარი დაუჭიროს მათ სრულუფლებიან მონაწილეობას საზოგადოების პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.


გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს ყველა პარტნიორთან მსოფლიო საზოგადოების მიერ აღიარებული კაცობრიობის განვითარების მიზნების მიღწევისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ასახული მშვიდობისა და სოციალური პროგრესის ხედვის რეალიზაციისათვის.

 

 

Join / Follow / Connect